„უთხრა, ჯერ არ მცალია, დამელოდე და მერე გაგიკეთებო, რის შემდეგაც, ამ ადამიანმა მანქანიდან ავტომატი ამოიღო და ესროლა" - კვირის პალიტრა

„უთხრა, ჯერ არ მცალია, დამელოდე და მერე გაგიკეთებო, რის შემდეგაც, ამ ადამიანმა მანქანიდან ავტომატი ამოიღო და ესროლა"

რამდენიმე წუთის წინ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პროფილაქტიკაში სროლის ხმა ისმოდა. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, დამნაშავე ავტომატით ისროდა.

ტელეკომპანიის ცნობით, დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი პროფილაქტიკის თანამშრომელია, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე პროფილაქტიკის თანამშრომელმა განუცხადა, სროლის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი.

მისივე განმარტებით, დაჭრილი აღნიშნულ პროფილაქტიკაში მუშაობს.

„ჩვენი თანამშრომელი დაჭრეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - განაცხადა პროფილაქტიკის თანამშრომელმა და განმარტა, რომ დაჭრილი ავტომანქანების კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მუშაობს.

ამასთან, კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, პროფილაქტიკის თანამშრომელს კლიენტმა ესროლა.

მისივე ინფორმაციით, კლიენტმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის თანამშრომელმა მოუცლელობის მიზეზით ავტომანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკისთვის დალოდება სთხოვა.

„უთხრა, ჯერ არ მცალია, დამელოდე და მერე გაგიკეთებო, რის შემდეგაც, ამ ადამიანმა მანქანიდან ავტომატი ამოიღო და ესროლა“, - აღნიშნავენ პროფილაქტიკის თანამშრომლები.