"სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კარგა ხანს არ ჩანდა" - რას ჰყვება თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილის მეზობელი?! - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კარგა ხანს არ ჩანდა" - რას ჰყვება თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილის მეზობელი?!

4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი, თუმცა ისინი უვნებლად გადარჩნენ, დაშავად 5 გამვლელი, მათ შორის ერთი მძიმედ.

(იხილეთ: "... ამ დროს აფეთქდა თარგამაძის მანქანა" - ვინ არის და რა მდგომარეობაშია მამაკაცი, რომელიც აფეთქებისას მძიმედ დაშავდა)

მომხდარიდან 3 დღეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქმე გახსნილია. იდენტიფიცირებულია ხსენებულ დანაშულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირი.

7 ოქტომბერს თბილისში რამდენიმე ადგილას ჩატარდა სპეცოპერაცია, მათ შორის გლდანის მე-3 მიკრორაიონში, სადაც ცხოვრობს, დანაშაულში მთავარი ეჭვმიტანილი დავით ხეჩუაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, ხსენებული პიროვნების და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას სამართლდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს.

შს სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის გადაადგილებაა ასახული.

(ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქმის ფიგურნატების ნაწილი მიმალვაშია. რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, მიდის თუ არა დავით ხეჩუაშვილის კვალი უკრაინაში, შს მინისტრმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

როგორც ირკვევა, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი წინა ხელისუფლებისას სოდ-ის თანამშრომელი იყო.

ხეჩუაშვილის მამის, ანზორ ხეჩუაშვილის განცხადებით, მისი შვილი საქართველოში არ იმყოფება და რუსეთშია წასული.

”ის ვითომ მონაწილეობდა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტში. წავიდა ძიება და რომ ვერაფერი დაუმტკიცეს, მერე გამოუშვეს. ამის მერე იყო მუხროვანი, იქაც გაამართლეს. ჩემი შვილი აქ არ არის და როგორ მონაწილეობდა აფეთქებაში? 5 დღეა წასულია რუსეთში სამუშაოდ. უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული”.

მეზობლის ინფორმაციით, ხეჩუაშვილების ოჯახი წლებია გლდანში სწორედ იმ მისამართზე ცხოვრობს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა:

- საკმაოდ მშვიდი და წყნარი ოჯახია. მშობლები უკვე ხანშიშესულები არიან, ყოველთვის კარგი მეზობლები იყვნენ, თუმცა შეძლებულად არასდროს უცხოვრიათ. ორი შვილი ჰყავთ, ქალიშვილი გათხოვილია, ბიჭი კი, წინა ხელისუფლების დროს, როგორც ჩვენ ვიცოდით, სპეცრაზმში მუშაობდა. მშობლებისგან განსხვავებით, ის ნაკლებად ურთიერთობდა ჩვენთან, ვთვლიდით, რომ საკუთარი საქმე ჰქონდა და ზედმეტი ყურადღებით არც ჩვენ ვაწუხებდით. არ გამიგია, რომ უკრაინაში იყო წასული, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კარგა ხანს არ ჩანდა, ვიცოდით, რომ მოსკოვში იყო სამუშაოდ წასული.

რამდენიმე თვეა დაბრუნდა და ბოლო ხანს "ტაქსისტობდა". დაახლოებით ათი დღის წინ ვნახე, მას მერე არ მინახავს. ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო, რომ მას აფეთქებაში სდებენ ბრალს, მშობლებიც გაოგნებულები არიან. მამას გულის პრობლემები აქვს, სპეცოპერაციისას, რომელიც დაახლოებით დილის ოთხ საათამდე გაგრძელდა, შეტევა ჰქონდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. როგორც მაშობლები ამბობენ,  იმ დროს, როდესაც აფეთქება მოხდა, მათი ვაჟი საერთოდ არ იყო საქართველოში, თუმცა მე ამას ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)