"გიგას ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი... სისხლისგან დაიცალა" - კვირის პალიტრა

"გიგას ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი... სისხლისგან დაიცალა"

"შესაძლოა, ცოტა ნასვამები იყვნენ და ისე მივიდნენ, მაგრამ მათგან გუშაგისთვის იარაღის ტრიალი, მუქარა და შეურაცხყოფა, წარმოუდგენელია"

"თუ ადამიანს ესროლეს, დროულად რატომ არ მოძებნეს..."

თბილისში, სამხედრო-სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე მოკლული გიგა შენგელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ. მოკლულის დედის, ელზა ლოგუას თქმით, მისი ორივე შვილი - გიგა და გიორგი შენგელიები ნამდვილად იმყოფებოდნენ თბილისში, თუმცა, არ იცის, რისთვის შეიძლებოდა მისულიყვნენ სამხედრო - სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე.

გიგა შენგელია, ოჯახთან ერთად, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ცხოვრობდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განაწესში. დაახლოებით 03:30 საათზე, მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და თავს დაესხნენ, კერძოდ ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად ამისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ გამაფრთხილებელად, ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი...

"ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ", - ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე სამხედრო პოლიციის მისვლის შემდეგ, ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს უცნობი მამაკაცის ცხედარი, რომელიც 23 წლის გიორგი შენგელია აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეულიდან ერთ-ერთი პირი გარდაცვლილის ძმაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის სექტემბრამდე "კრწანისის" ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა...

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, შემთხვევის ადგილთან გაზის პისტოლეტი და მობილური ტელეფონია ნაპოვნი:

"გამოძიების მიერ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა როგორც შემთხვევის, ისე გვამის აღმოჩენის ადგილები, საიდანაც ამოღებული იქნა SAMSUNG-ის მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, АК-74" მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 5 მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო - სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო- ტექნოლოგიური ექსპერტიზა":

გარდაცვლილი გიგა შენგელიას დედას, ელზა ლოგუას შვილის ბრალეულობის არ სჯერა და მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ლოგუა ასევე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მის შვილს იარაღი ჰქონდა:

- ჩემს ბიჭს დანაც კი არასდროს უტარებია... წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოხვდა და რა უნდოდა იქ. თავად არ მსახურობდა ჯარში, ხელი ჰქონდა ნაღრძობი და არ წაიყვანეს. ჩემს მეორე შვილს რომ ველაპარაკე, მითხრა, გოგოსთან შესახვედრად არის წასულიო. ცოტა ხანში დაბრუნდება და დაგალაპარაკებო. რა ჩაიდინა ასეთი, რომ მომიკლეს. რა უბედური დედა ვარ, რატომ მოკლეს ჩემი წვალებით გაზრდილი შვილი... ცრუობენ, როდესაც ამბობენ, იარაღი ჰქონდაო, ვერ ექნებოდა, ქათმის დაკვლაც კი არ შეეძლო, იარაღისთვის ადამიანს როგორ გაიმეტებდა.

რომან შენგელია, გარდაცვლილის მამა:

- ჩემს შვილს ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაქცეულს ესროლეს. გამოიძიონ სწორედ, როგორც არის საჭირო. ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, ყაჩაღი არ ყოფილა, ნასამართლევი არ არის და თუ მეგობრის სანახავად მივიდნენ, ეს არ ვიცი, გაარკვევს ალბათ გამოძიება. მეორე შვილი მასთან ერთად თბილისში იყო... სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატომ არ მოძებნეს. სამი საათი გარეთ ეგდო თურმე. სისხლისგან დაიცალა, გვიან ნახეს, მანამდე სად იყვნენ, თუ ადამიანს ესროლეს, დროულად რატომ არ მოძებნეს... ხომ ატყდა სროლა, ნაწილში განგაში ხომ უნდა აეტეხათ, თუ შემოგივარდა ვიღაცა ხომ უნდა მოძებნო, ვინ იყო, ვის ესროლე და სად წავიდა... კაცი თუ გარბის, ტყვიას რატომ ესვრი, რა ჯიშის ხარ?!

23 წლის გიგა შენგელიას მეგობრები პირად საუბრებში კიდევ ერთ ვერსიაზე ლაპარაკობენ. მათი ინფორმაციით, მოკლულის ძმა "კრწანისის" სასწავლო ცენტრში ირიცხებოდა, ჯარიდან რამდენიმე თვის წინ წამოვიდა და შესაძლოა, ისინი ცენტრში მყოფი მისი მეგობრის სანახავად მისულიყვნენ. არსებული ინფორმაციით მოკლულის ძმა გიორგი შენგელია გაქცეულთა შორისაა.

ირაკლი, 21 წლის:

- შესაძლოა, ცოტა ნასვამები იყვნენ და ისე მივიდნენ, მაგრამ მათგან გუშაგისთვის იარაღის ტრიალი, მუქარა და შეურაცხყოფა, წარმოუდგენელია. იარაღი არასდროს ჰქონიათ. ცეცხლმაქრი ესროლესო, ამას ვერ დავიჯერებ. იმედია, იქ კამერები იყო და ყველაფერი აღბეჭდილი იქნება... გიგას ზურგიდან ესროლეს და ბაზის გარეთ არის ნაპოვნიო. თუ ბაზის შიგნით ესროლეს, გიგას ცხედარი გარეთ როგორ იპოვეს, 2,5-მეტრიანი მავთულხლართიანი ღობე დაჭრილმა როგორ გადალახა?.. ესენი გაიქცნენ, გასაგებია, გზა აებნათ და მიმოიფანტნენ ალბათ, მაგრამ... კითხვები ძალიან ბევრია, რასაც გამოძიებამ ამომწურავად უნდა უპასუხოს.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:

- პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ მეტ ინფორმაციას, ბევრი დეტალია გასარკვევი, მაგალითად, იყვნენ თუ არა ეს ბიჭები გადასული აკრძალულ ზონაში, იმ პერიმეტრში, რომელსაც გუშაგი იცავდა? თუ იყვნენ გადასული, ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიჭრნენ დაცულ სამხედრო ობიექტში. თუ ობიექტი დაკეტილია, ეს ნიშნავს, რომ იქ გუშაგის გარდა, შესვლის უფლება არავის აქვს. გუშაგების შეცვლაც ხორციელდება საგუშაგოს უფროსის მიერ. ერთი სიტყვით, ასეთ შემთხვევაში, გუშაგი ვალდებულია, სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, თუ არ დაემორჩილა, განახორციელოს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა და მხოლოდ ამის შემდეგ, უნდა ესროლოს დამიზნებით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გუშაგმა სამივე ეტაპი შეასრულა თუ არა...

- მოკლულის ახლობლების ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ დაღუპული აღმოჩენილია 97 მეტრში...

- დიახ, საინტერესოა, როგორ მოხვდა იქ, არსებული ინფორმაციით, 5 მასრაა ნაპოვნი. უნდა დადგინდეს, რა მანძილიდან არის ნასროლი, ანუ ახლოს იყვნენ თუ არა აკრძალულ ზონასთან; გასროლის შემდეგ, მასთან მყოფები დაეხმარნენ იქამდე მისვლაში, თუ თავად მიაღწია იმ ადგილამდე... ამ ყველაფრის კვალი ყველა შემთხვევაში დარჩებოდა. თუ გუშაგმა ღობის გარეთ ესროლა, ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირად იქნება...

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)