მასშტაბური სპეცოპერაცია ქალაქებში: მადრიდი, ბარსელონა, სევილია... - დაკავებულია საქართველოს 50 მოქალაქე - კვირის პალიტრა

მასშტაბური სპეცოპერაცია ქალაქებში: მადრიდი, ბარსელონა, სევილია... - დაკავებულია საქართველოს 50 მოქალაქე

29 ნოემბერს, ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 50 მოქალაქე დააკავა, რომლებიც ასობით ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი.

"დოიჩე ველეს" ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოში განუცხადეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა ქალაქებში მადრიდი, ბარსელონა, სევილია და ჩრდილოეთ ესპანეთის ბარაკალდოს დასახლებაში.

საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დაკავებულია ესპანეთის რამდენიმე მოქალაქეც. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ სწორედ ესპანელების დახმარებით იპარავდნენ დამნაშავეები ძირითადად საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს.

დაკავებულებს ყაჩაღობის გარდა, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ შემდეგი მუხლებით: დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ფულის გათეთრება. ზოგიერთ მათგანს კი ბრალი წარედგინება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შენახვისა და საბუთების გაყალბების ბრალდებებით.

სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა "დოიჩე ველესთან" საუბარში განაცხადა, რომ ესპანეთში ბინების ძარცვა არ ითვლება მძიმე დანაშაულად და ჩვეულებრივ დამნაშავეებს სასამართლომდე ათავისუფლებენ, მაგრამ მისი თქმით, ქართველების შემთხვევაში, ისინი დაკავებულები იქნებიან, რადგან არსებობს საშიშროება, რომ გამოძიებას დაემალებიან.

გარდა ამისა, ესპანეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქე სპარტაკ ჯაფარიძეს ეძებს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ესპანეთის პოლიცია მას "კანონიერ ქურდს" და დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს უწოდებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, იტალიაში იმლებოდეს. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, უახლოეს დღეებში პოლიციის ორი წარმომადგენელი საქართველოში გაემგზავრება ადგილობრივ კოლეგებთან კოორდინაციისთვის. მისივე თქმით, ეს არ არის პირველი წარმატებული ოპერაცია, რომელიც ესპანელმა სამართალდამცველებმა ჩაატარეს ქართველი ბინის მძარცველებისთვის.

ესპანეთის ეროვნულ სასამართლო პალატაში მიმდინარეობს ძიება 2015 წელს დაპატიმრებული "კანონიერი ქურდის", ზვიად დარსაძის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობა და ესპანეთში ბინების ძარცვა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: ვინ არის სპარტაკ ჯაფარიძე, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ეძებს და რა აკავშირებდა მას მიხეილ სააკაშვილთან?!