რატომ დააკავეს მამა გიორგი მამალაძე და დაკითხეს თუ არა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი?! - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს მამა გიორგი მამალაძე და დაკითხეს თუ არა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი?!

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის უსაფრთხოება დაცულია.

როგორც ანზორ ჩუბინიძემ ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროება დღის წესრიგში არ იყო, თუმცა სდსს-მ მაინც ჩათვალა საჭიროდ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა პირადად შეემოწმებინა.

"მე გერმანიაში ჩამოსვლას მაინც ვგეგმავდი პრემიერის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით. ჩემი ჩამოსვლა შემთხვევითი არ იყო და გადავწყვიტე, აქაც მოვსულიყავი და ჩემი თვალით მენახა მდგომარეობა", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროს სოსო ოხანაშვილს, ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სოსო ოხანაშვილი გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა და პროკურატურაში დაიკითხა. მისივე თქმით, ოხანაშვილი ამჟამად ისევ ბერლინში იმყოფება.

"სჯობს, სოსომ გააკეთოს თვითონ კომენტარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მოიქცა, როდესაც ჩავიდა საქართველოში და დაეხმარა გამოძიებაში შესაბამის ორგანოებს. ვფიქრობ, ჩვენმა ჩამოსვლამ ხელი შეუწყო ამ სამსახურის სწორად ფუნქციონირებას აქ. სოსო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. მასთან ამ ეტაპზე არანაირი კითხვის ნიშანი არ არის", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ანზორ ჩუბინიძემ ასევე დაადასტურა, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია.

"სხვა დეტალებზე ამასთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ და უმჯობესია ამაზე შესაბამისმა უწყებებმა გააკეთონ განცხადება", - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს აეროპორტში დააკავეს. მამა გიორგი გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა. კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს. როგორც "რუსთავი 2" იუწყება, საქმეზე ასევე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი.

მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა.

მამა გიორგი მამალაძის დაკავების თაობაზე კომენტარი გააკეთა მიტროპოლიტმა დიმიტრიმაც, რომლის გარემოცვის წევრადაც მიიჩნევა დაკავებული მღვდელმსახური, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მღვდელმთავრები ინფორმირებულები არიან და ისინი "ყველანაირ ნდობას უცხადებენ გამოძიებას".

იხილეთ ასევე:

"გიორგი მამალაძის ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ციანიდი" - პროკურატურის მტკიცებით, ის მაღალი იერარქიის სასულიერი პირის ლიკვიდაციას გეგმავდა

"პატრიარქმა მითხრა, ანაფორას გავიხდი და ის დაუფინეთ ბიჭებს, ცივზე არ დააწვინოთ დაღუპულებიო" - ინტერვიუ პატრიარქის დაცვის უფროსთან

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით