"დეკანოზი სიმართლის დადგენაში დახმარებას სთხოვს ყველას” - რას ამბობს სახალხო დამცველი დაკავებულ სასულიერო პირთან შეხვედრის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"დეკანოზი სიმართლის დადგენაში დახმარებას სთხოვს ყველას” - რას ამბობს სახალხო დამცველი დაკავებულ სასულიერო პირთან შეხვედრის შემდეგ?

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში მოინახულა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება.

”ის ამბობს, რომ სასულიერო პირზე და უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირზე საერთოდ არ არის საუბარი ბრალში, რომელიც მას წარედგინა. მე ყველა დეტალს ვერ ვიტყვი და თვითონაც არ უსაუბრია ამაზე, თუმცა ამბობს, რომ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირზეა საუბარი და გამიზნული იყო კონკრეტული დანაშაული, ამაზე ბრალში საერთოდ არ არის საუბარი...

ის ასევე ითხოვს, რომ არ მიეცეს ამ საკითხს პოლიტიზების შესაძლებობა. დეკანოზი ასევე ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოებას და მე ცალკე მოვითხოვ, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. დეკანოზი სიმართლის დადგენაში დახმარებას სთხოვს ყველას”, - განაცხადა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის თქმით, არის საკითხები, რომელიც ეხება გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს.

”სახალხო დამცველი იქნება ჩართული, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საქმე. პროცედურული დარღვევები იყო თუნდაც ის, რომ დაკავების დროს არ მიეცა ზარის განხორციელების საშუალება, არ განუმარტეს დაკავების მიზეზი და ა.შ. ასევე ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია მის მიმართ, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან...

მე ალბათ არ მეგულება ადამიანი საქართველოში, ვისაც არ ექნება კითხვის ნიშნები ამ საქმესეთან დაკავშირებით. ბევრი დეტალი უნდა გაირკვეს, მათ შორის, რატომ მიდის მხოლოდ ერთი მიმართულებით საქმე. მას აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, ის საუბრობს იმაზე რომ, ამ საქმეს ეტყობა მომზადების ნიშნები - დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, რაც მოხდა და ის ფიქრობს, რომ არის მსხვერპლი. ვისი მხრიდან არის მსხვერპლი, ამაზე არ საუბრობს. სანამ პროკურატურა საზოგადოებას არ მიაწვდის მეტ ინფორმაციას, კითხვის ნიშნები იარსებებს. რაც პროკურატურამ წარმოადგინა, ლოგიკაში რაღაცები არ ჯდება”, - განაცხადა ნანუაშვილმა.

პირველი კომენტარი გააკეთა დაკავებული დეკანოზის ძმამ. მალხაზ მამალაძის თქმით, ოჯახი ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„ვინც გიორგის იცნობს, ამ ამბავს არავინ დაიჯერებს. ამ ეტაპზე იმდენად დაბნეულები ვართ, არანაირი განცხადების გაკეთების თავი არ გვაქვს, ვერც კი ვსაუბრობთ“, - აღნიშნა მალხაზ მამალაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით