სკანდალური საქმის მოწმე ამბობს, რომ მეუფე თეოდორესთან დაკავშირებულ, მილიონნახევრიან პენტჰაუსზე ინფორმაცია მას დაკავებულმა დეკანოზმა მიაწოდა - კვირის პალიტრა

სკანდალური საქმის მოწმე ამბობს, რომ მეუფე თეოდორესთან დაკავშირებულ, მილიონნახევრიან პენტჰაუსზე ინფორმაცია მას დაკავებულმა დეკანოზმა მიაწოდა

რამდენიმე დღის წინ, პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მას ბრალად უმაღლესი იერარქიის მკვლელობის მცდელობას სდებენ.

გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

გუშინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში წამყვანმა დაასახელა ამ საქმის ერთ-ერთი მოწმე. გიორგი გაბუნიამ განაცხადა: "ჩვენ ვიცით, ვინ ჩაწერა ეს ფარული მასალა, რომელზეც საუბრობს პროკურატურა და რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მამა გიორგის წინააღმდეგ. ეს არის ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე". მისივე ინფორმაციით, ირაკლი მამალაძეს ნათესაური კავშირი აქვს გიორგი მამალაძესთან.

ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა. kvirispalitra.ge ირაკლი მამალაძეს დაუკავშირდა.

- მამა გიორგისთან არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს. მასთან უბრალოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

- ამბობენ, რომ მამა გიორგი თქვენი ახლობლის ნათლიაა...

- არანაირი ნათლიობა, თუ სადმე ესწრებოდა ნათლობას არ ვიცი, მაგრამ მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა 3 წლის განმავლობაში - საპატრიარქოდან, ქონების მართვის სააგენტოდან ის მაწვდიდა ინფორმაციას, რასაც ვასაჯაროებდი და პრესაში ვწერდი.

- შეგიძლიათ დაგვისახელოთ ერთი კონკრეტული საქმე, რაც მამა გიორგი მამალაძემ მოგაწოდათ?

- ეს იყო მეუფე თეოდორესთან დაკავშირებული მილიონნახევრიანი პენტჰაუსის სკანდალი. რაც შეეხება იმას, რომ "რუსთავი 2"- მა გაამხილა ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი მოწმის ვინაობა და ამით ფაქტობრივად, ხელი შეუშალა გამოძიებას. ეს არ ჯდება არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტში. ნოდარ მელაძემ 3 დღის წინ იცოდა, რომ ამ საქმეში ვიყავი მოწმე, თუმცა მან ეს არ თქვა არსად. როგორც ჩანს, ამის გახმაურება გუშინდელი ეთერისთვის დაიტოვა, ის მწერდა WhatsApp-ის მეშვეობით, მან მკითხა, ხარ თუ არა ამ საქმეში მოწმე, დავუდასტურე და ვთხოვე, რომ ეს ფაქტი არ გაეხმაურებინა, დამპირდა, მაგრამ არ უთქვამს, რომ ის იძულებული იქნებოდა გაეხმაურებინა ჩემი ვინაობა. გუშინ საჯაროდ "მამხილეს" როგორც მოწმე და ეს ყოფილა თურმე გმირობა ასეთ მძიმე საქმეში.

- მათივე თქმით, თქვენ ჩაწერეთ ფარული მასალა, რომელიც პროკურატურას მიაწოდეთ...

- მერე იციან ფარული მასალის შინაარსი? ან რა იციან მე ჩავწერე თუ არა?

- და თქვენ ჩაწერეთ?

- ამას ვერ დავადასტურებ, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თუ რამე არსებობს, ალბათ ეს არის დანაშაულის შემცველი ხომ? დიდი ხანია "რუსთავი 2" აღარავის წერს? ახლა გახდა "რუსთავი 2"-სთვის "გრეხი" ჩაწერა?

- როგორც ცნობილია პროკურატურამ სახელმწიფო დაცვა დაგინიშნათ, დაგკითხეს უკვე?

- კი, მათი მოთხოვნით დამენიშნა დაცვა და რამდენჯერმე დავიკითხე პროკურატურაში, თუმცა დეტალებს ვერ გავამხელ.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)