"არ გამოვრიცხავ, რომ ფარულად მეც ჩამწერა" - რას ამბობს სოსო ოხანაშვილი პატრიარქის იზოლირების მცდელობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე? - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ ფარულად მეც ჩამწერა" - რას ამბობს სოსო ოხანაშვილი პატრიარქის იზოლირების მცდელობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ე.წ. ციანიდის საქმის სკანდალი გრძელდება და ბოლო არ უჩანს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ, დაკავებული დეკანოზის გარდა, ამ საქმეში სხვა ფიგურანტებიც შეიძლება გამოჩნდნენ.

ერთ-ერთი, ვისი სახელის ამ საქმესთან დაკავშირების მცდელობაც შეიძლება იყოს, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილია.

"არის მცდელობა, დამაკავშირონ ამ საქმესთან, რომ თითქოს მე ვიყავი ამ საქმის ორგანიზატორი", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა "რუსთავი -2"- თან საუბრისას.

მისი თქმით, დაკავებული დეკანოზი მისი მეგობარია და წამითაც ვერ უშვებს, რომ მას შესაძლოა ვინმეს მოკვლა ჰქონოდა განზრახული. "ეს არ არის ადამიანი, ვინც ამაზე წავა, საერთოდ ასეთი აზრი მოუვა", - თქვა ოხანაშვილმა მამა გიორგი მამალაძეზე.

ის ამ ინტერვიუში არაერთ საკითხს შეეხო, მათ შორის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს პატრიარქის იზოლირება საპატრიარქოშივე იგეგმებოდა და ამისთვის სპეციალური ოთახი მზადდებოდა.

სოსო ოხანაშვილის თქმით, ვინაიდან პატრიარქი უარს ამბობდა სამკურნალოდ კლინიკაში გადასვლაზე, მამა გიორგი მამალაძეს გაუჩნდა იდეა, რომ საპატრიარქოში გამოყიფილიყო ოთახი, რომელიც აღიჭურვებოდა უახლესი სამედიცინო ტექნიკით და როცა დასჭირდებოდა პატრიარქს სამედიცინო დახმარება, საპატრიარქოშივე მოეხერხებინათ ეს.

წამყვანის კითხვაზე, იცნობს თუ არა საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს, ოხანაშვლის თქმით, ის მხოლოდ ერთხელ შეხვდა მას.

"მას არ ვიცნობ, ერთადერთხელ ვარ შეხვედრილი. მამა გიორგიმ დამირეკა, ვისადილოთო, რესტორანში გადავედით და იქ ვნახე ეს პიროვნება პირველად. როდის იყო ეს ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ალბათ გერმანიაში წასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე. ვისაუბრეთ... არ გამოვრიცხავ, რომ, ფარულად მეც ჩამწერა. არის საუბარი, რომ ამ ჩანაწერებში მეც ვარ. რაზეც შეიძლება, რომ მას ჩავეწერე, არის ის, რომ მე ვიღაცეებს სიტყვიერ შეუარცხყოფას ვაყენებ. არც ვიცოდი ის პირვნება იქ თუ იქნებოდა. ამ შეხვედრის დროს აქტიურობდა (ირაკლი მამალაძე -  კ.პ.) ვიკითხე ვინ იყო და მამა გიორგიმ მითხრა, ჩემი ნათესავიაო".

დასასრულს ოხანაშვილმა განაცხადა:

"მინდა, მივმართო საზოგადოებას და ვუთხრა, მართალია მე გადავდექი თანამდებობიდან, მაგრამ იქ დარჩნენ დაცვის ბიჭები, პატრიარქის პატარა გვარდია, რომლებიც სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავენ მის უსაფრთხოებას... და მეც, სადაც არ უნდა ვიყო, როცა დავჭირდები ჩემს პატრიარქს, დავდგები მის გვერდით".