"საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია" - კვირის პალიტრა

"საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია"

"შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი"

პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ფარული ჩანაწერის ფრაგმენტი გაასაჯაროვა. მეორე დღეს კი სინოდის სხდომა ჩატარდა და მამა გიორგის უფლებამოსილება შეუჩერეს. მეუფე პეტრე კი საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან გაათავისუფლეს. ამ საკითხებზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ედიშერ ქარჩავა, საპატრიარქოს იურისტი: - შორენა თეთრუაშვილს არ ჰქონია შეხება იმ სამსახურთან, რომელსაც მამა გიორგი ხელმძღვანელობდა, არც საფინანსო-სამეურნეო ნაწილთან…

- შორენა თეთრუაშვილი დაჰკითხეს?

- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი. შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი შორენა იყო დაინტერესებული მამა გიორგის დაკავებით. ეს ტყუილია, მას არავის დაკავების მოთხოვნით არ მიუმართავს გამოძიებისთვის. ქალბატონი შორენა დაჰკითხეს მოწმის სტატუსით.

ეჭვს ვერ შევიტან იმ ვიდეოფირის ნამდვილობაში, რაც საზოგადოებამ ნახა. მის ავთენტურობას, ფაქტობრივად, მამა გიორგის ადვოკატებიც ადასტურებენ. ფაქტები ღაღადებენ იმაზე, რომ მამა გიორგი დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით.

მამა გიორგი ძალიან ცუდ გზაზე იდგა. ვერ შეასრულა, რაც უნდოდა. უნდოდა თუ არა ვინმეს მოკვლა, გამოძიების პრეროგატივაა.

არა მგონია, მას თავისი ინიციატივით ემოქმედა. თუ მამა გიორგის რაიმე განზრახვა ჰქონდა, მას სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ექნებოდა გერმანიაში მყოფ პირებთან. გერმანიაში მყოფი პირების წრე კი ცნობილია.

... ის პირი, ვისთანაც მამა გიორგის ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა, უკვე დაჰკითხა გამოძიებამ.

- სოსო ოხანაშვილს გულისხმობთ?

- დიახ, დაცვის უფროსი მყავს მხედველობაში. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ.

- ოხანაშვილს რა ურთიერთობა ჰქონდა თეთრუაშვილთან?

- როგორც ვიცი, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ვფიქრობ, რაც ხდება, ყველაფერი მიმართულია ქალბატონი შორენას დისკრედიტაციისკენ.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხთეთ სტატია