"მიხარია, რომ გუკა გამოვა და ნახავს, რომ გისოსებს მიღმა გაზაფხულია" - კვირის პალიტრა

"მიხარია, რომ გუკა გამოვა და ნახავს, რომ გისოსებს მიღმა გაზაფხულია"

სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, "ცენტრ პოინტის" საქმის "ბათუმის მაგნოლიას" ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

გურამ რჩეულიშვილს ასევე დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.

გლდანის მე-8 დაწესებულებასთან რჩეულიშვილის ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ. ისინი გურამ რჩეულიშვილის მიერ საპატიმრო დაწესებულების დატოვებას ელოდებიან.

გლდანის ციხესთან იმყოფება გურამ რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე, ასევე "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებლის, ამ დროისთვის მსჯავრდებული რუსუდან კერვალიშვლის შვილი ნინო დარასელი.

ნინო დარასელის შეფასებით, "გუკას გათავისუფლება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ "ცენტრ პოინტის" საქმეები დაიძრას და დაზარალებულებმა სახლებში შესვლა დაიწყონ".

მისივე თქმით, გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, ვინაიდან მას 9-თვიანი პატიმრობის ვადა ეწურებოდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთი ოჯახის წევრი მაინც იქნება თავისუფლებაზე, თან ვახოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის და მიხარია, რომ მისი შვილი გვერდით იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ საქმეების წინ წაწევას, რომელიც ამ საქმესთანაა დაკავშირებული. თავს უფრო ძლიერად ვიგრძნობ. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, არაფერზე აღარ მინდა საუბარი, რა იყო სწორი და რა არა. მთავარია, საქმე დაიძრას და რაღაც სინათლე გამოჩნდეს გვირაბის ბოლოს. მიხარია, რომ გუკა გამოვა და ნახავს, რომ გისოსებს მიღმა გაზაფხულია", - განაცხადა დარასელმა.

"ინტერპრესნიუსი"