"გამოდის, გოგონა, რომელიც გაზარდეს, მათთვის არაფერს წარმოადგენდა" - დედის მკვლელობისთვის ბრალდებული ბალერინას ტრაგიკული ისტორია
"ანი მურადელზე ამბობენ დედის მკვლელიაო, უფაქიზეს გოგოზე, რომელიც გედივით ცურავდა სცენაზე და ხმელეთზე"
ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ისნის რაიონში, დედის მკვლელობის ბრალდებით ქალიშვილი დააკავეს. მოგვიანებით კიდევ უფრო დაუჯერებელი ამბავი გახდა ცნობილი, დაკავებული ახალგაზრდა ქალი თანამედროვე ქართული ბალეტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ანი მურადელია. ის წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახლდათ.
გავრცლებული ინფორმაციით, დედა-შვილი, სახლში მარტო ცხოვრობდა. ანიმ ამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე ოპერის სცენაზე, საბალეტო დადგმაში იცეკვა.
მომხდარი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საბალეტო სამყაროს წარმომადგენლებისთვის, არამედ რიგითი მაყურებლისთვისაც, რადგან ანი მურადელი სულ ცოტა ბოლო 15 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე და თითქმის ყველა წამყვანი პარტია აქვს ნაცეკვი. ის არაჩვეულებრივი მოცეკვავე და მომხიბვლელი ადამიანი რომაა, ამას მისი კოლეგები ერთხმად აღნიშნავენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ანის საკმაოდ რთული პირადი ცხოვრების გამო დეპრესიული პერიოდები ხშირად ჰქონდა.
ის რამდენიმე წლის წინ დაშორდა მეუღლეს, რომლიც ცნობილი ქორეოგრაფის, ნუკრი მაღალაშვილის ვაჟია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგზარდა ქალს პრობლემებთან გამკლავება უჭირდა და შედეგად ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. თეატრის თანამშრომლები ყვებიან, რომ ანიზე განსაკუთრებულად ზრუნავდა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი და რომ სწორედ მისი დახმარებით მოხერხდა ანისთვის ფეხზე ოპერაციის გაკეთება. ტრავმის გამო მოხდა, რომ ერთ დროს წამყვანი ბალერინა ბოლო ხანს მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა.
ანი ოჯახში ერთი შვილი იყო, მისი მამა ლევან მურადელი მუსიკოსი გახლდათ, ხოლო დედა - ლექტორი.
მომხდარმა ყველაზე მეტად ის ადამიანები შეძრა, ვინც ანისთან წლების განმავლობაში მუშაობდა. მათ თავიანთი გულისტკივილი გაგვიზიარეს, თუმცა საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, გვთხოვეს, რომ მათი გვარ-სახელები არ დაგვეწერა...
ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომელი, ანის უფროსი მეგობარი:
- მომხდარით მთელი თეატრი შეძრულია! ახლაც თქვენ რომ გესაუბრებით, ცრემლები მახრჩობს! ანიზე ამბობენ, დედის მკვლელიაო, უფაქიზეს გოგოზე, რომელიც გედივით ცურავდა სცენაზე და ხმელეთზე! ანი მკვლელი ვერ იქნება, ამას ვერაფრით დავიჯერებ! ფაქტობრივად, ჩემს ხელში გაიზარდა... არ მავიწყდება, ხელჩაკიდებული როგორ მოჰყავდა ხოლმე მამას ულმაზესი გოგონა საბალეტო სკოლაში... მამამისიც ცნობილი ხელოვანი იყო, მუსიკოსი და საოცრად კარგი ადამიანი... ანი ნაშვილები ჰყავდათ, თუმცა ეს, რასაკვირველია, არაფერს ცვლის! დედობის და მამობის ღირსი ის არის, ვინც ბავშვს საუკეთესოდ აღზრდის და მზრუნველობას არ დააკლებს...
მამა ანიზე განსაკუთრებულად ზრუნავდა, აი, დედა კი... როგორც ანისგან ვიცი, გოგონას დედის სიყვარული არც არასოდეს უგრძვნია, რასაც ძალიან განიცდიდა. ვგულსხმობ, გამზრდელ დედას, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი გახლდათ. ახლა გავიგე სამართალდამცავები რომ მისულან, დეიდას უთქვამს ბინა უკვე ჩემს სახელზეა გადაფორმებულიო.
ასე იყო ანი ყოველი მხრიდან გაუხარელი, უამრავ რამეს განიცდიდა... ქალბატონი ნინო ანანიაშვილი გოგონას ძალიან ეხმარებოდა! როცა ტრავმა მიიღო, ნინომ ყველაფერი გააკეთა, რათა გოგო სრულფასოვნად გამოჯანმრთელებულიყო. მიუხედავად ყველაფრისა, ანი დედაზე ზრუნვას მაინც ცდილობდა. გათხოვილიც რომ იყო, ხელფასს აიღებდა თუ არა, მთლიანად დედამისს უგზავნიდა. ამას დღეს ვინმე ახსენებს?!
მაღალაშვილების რძალი იყო, ჰკითხეთ ამ ოჯახს და ქალბატონ მედიკოს და ჩემს სიტყვებს ისინიც დაადასტურებენ!
ამბობენ რომ ალკოჰოლდამოკიდებული გახდა და ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა... მე ანისთან იმდენად ახლოს ვიყავი, მისი ყველა გულისტკივილი ვიცოდი... ვისაც დიდი დარდი აქვს, ცდილობს როგორმე გაიქარვოს... მერე რა მოხდა, თუ ლუდს სვამდა?! - დღეს რომელი გოგო არ სვამს შავ ღვინოს და ლუდს?! დაფიქრდით და ანის ადგილას წარმოიდგინეთ თავი! დეიდას ახლახან უთქვამს სახლ-კარიც ჩემია, მთელი ქონებაც, ანი საერთოდ ვინ არისო... გამოდის, გოგონა, რომელიც გაზარდეს, მათთვის არაფერს წარმოადგენდა...
ანის მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა! მე არც დედამისს ვაძაგებ, მაგრამ გაუმართლებელია ის დამოკიდებულება, რაც გოგონას მიმართ ჰქონდა.
ანას სცენაზე გამოჩენა მართლაც ზეიმი იყო, ისეთი ლამაზი, ნატიფი და საოცარი მონაცემებით დაჯილდოვებული გოგოა, ხელოვნებისთვისაა დაბადებული. როგორც ბევრ ბალერინას, მასაც არ ჰყავს შვილი, რადგან თავი ბალეტს მიუძღვნა! იმედი მაქვს, მალე ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა!
ანი მურადელის კოლეგა:
- შოკში ვარ და იმაზე მეტი არაფერი ვიცი, რაც უკვე ითქვა... მშვენიერი მოცეკვავე, კეთილი, გულისხმიერი ადამიანი და კარგი თანამშრომელი - ასე შემიძლია დავახასიათო, სხვა რა პრობლემები ჰქონდა, წარმოდგენა არც მქონდა.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ბალერონი:
- რაც მოხდა, იმას გამართლება არ აქვს! ანი მურადელი დეპრესიაში ხშირად იყო, ვიცი, რომ რამდენიმეჯერ თავის მოკვლაც სცადა. წარმოუდგენლად საწყენია ეს ყველაფერი! ყველა მონაცემები ჰქონდა გამხდარიყო ბრწყინვალე ბალერინა, ცხოვრებამ კი ასეთი ტრაგედია შეამთხვია!
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით მომხდარის დეტალებზე არ ლაპარაკობენ. არსებული ინფორმაციით, ქალი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)