"განათების ბოძს დაეჯახა" - მცხეთაში მომხდარი ავარიის დეტალები - კვირის პალიტრა

"განათების ბოძს დაეჯახა" - მცხეთაში მომხდარი ავარიის დეტალები

ქალაქ მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამარშრუტო ტაქსი განათების ბოძს დაეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამი ეკიპაჟი მუშაობდა.

სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით დაშავებული 12 პირი სასწრაფოს ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 4 მათგანი გადაყვანილია მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალში", 8 კი, მოთავსებულია მცხეთის სამედიცინო ცენტრში. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის, გულ-მკერდის, თავის, ქვედა კიდურის ტრავმები.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამარშრუტო ტაქსი განათების ბოძს დაეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.