აშშ-ში დაკავებულ ხურციძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - რა მაქინაციებში ედება ბრალი ქართველ სპორტსმენს?
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.
ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
გუშინ ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია "ფეისბუკში" მის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
"დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება).უახლოეს ინფორმაციას მოგაწვდით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ინფორმაციით, ავთანდილ ხურციძეს ატლანტიკ სითის და ლას-ვეგასის სამორინეებში ელექტრონული ჰაკერული პროგრამებით სათამაშო აპარატებში შეღწევაში და სასურველი მანიპულაციის გამოყენებაში წაუყენეს ბრალი.
როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" დაკავებული სპორტსმენების მეგობარმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, მომხდარი არის გაურკვევლობა და მალე ისინი გათავისუფლდებიან.
"ავთო დააკავეს აეროპორტში. გუშინ იყო ლევანის სასამართლო მოსმენა. ჩემი მეგობარი ესწრებოდა, ბიჭები გაურკვევლობაში არიან, ვერ ხვდებიან რა მოხდა. ლევანს გუშინვე უშვებდნენ, თავდებაში ვინმე უნდა ჩამდგარიყო და ლევანს ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მას ქვეყნის დატოვების უფლება არ ექნებოდა, ლევამა მოწერაზე უარი თქვა, რადგან აგვისტოში შეჯიბრი აქვს რუსეთში და ამბობდა, ქვეყანა უნდა დავტოვოო, უდანაშაულო ვარო და ხელი არაფერზე მოაწერა... ეს სპორტსმენები ისეთს არასდროს არაფერს გააკეთებენ, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ თავიანთ ოჯახებს, კარიერას და ქვეყანას... რაც შეეხებე წაყენებულ ბრალს, ამის შესახებ არაფერი ვიცი, დარწმუნებული ვარ ავთანდილის სიმართლეში, ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი რამ. იმედი მაქვს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს".