"შვილები მთელი ღამე ხელს არ მიშვებდნენ" - თეა სირაძის პირველი ინტერვიუ უმძიმესი სასჯელის და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ
"5 ინდოელი მამაკაცი მართლაც ვცემე"
"ირმას ჯერ არ შევხვედრილვარ, რადგან გუშინ გამოვედი, აუცილებლად შევხვდები და მივიღებ მის წინადადებას"
"ყველაზე პატარა წლის დავტოვე და ახლა უკვე დიდი გოგოა, უფროსი ბიჭი 20 წლის გახდა…"
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 6 ივლისს, 170 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 8 ქალია. შეწყალებულთა შორის 4 შვილის დედა თეა სირაძეც აღმოჩნდა, რომელიც 2010 წელს დააკავეს. მისთვის წაყენებული ბრალდებები საკმაოდ მძიმე იყო. მას ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ყველა ბრალდებაში ის დამნაშავედ სცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, ახალგაზრდა ქალს 28 წელი მიესაჯა. პირველი ინტერვიუ მასთან წლების წინ, ქალთა მე-5 დაწესებულებაში ჩავწერე, მაშინ ამბობდა, რომ ბრალი შეუთითხნეს და გამოტანილ სასჯელს აპროტესტებდა. ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებულ მის ინტერვიუს დიდი რეზონანსი მოყვა, იმჟამად თეა სირაძის გათავისუფლების მოთხოვნით საზოგადობამ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო, მაგრამ ა.წ. 6 ივლისამდე მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. (იხილეთ: "სულ მჯეროდა, რომ 28 წელიწადს ციხეში არ გავატარებდი" - 5 ინდოელი მამაკაცის ცემისთვის დაკავებული თეა სირაძე პრეზიდენტმა შეიწყალა)
თეა სირაძე:
- ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო შეწყალება, ვერ დავთვლი ამ წლების განმავლობაში რამდენჯერ მივმართე კომიასიას შეწყალების თხოვნით, მაგრამ სულ უარს ვიღებდი. ახლაც გავაგზავნე, არ ვუშვებდი შანსს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უკვე ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა. არასოდეს მიხსნიდნენ იმ მიზეზს, რატომ მეუბნებოდნენ უარს, ერთადერთი პასუხი იყო - კრიტერიუმს არ აკმაყოფილებო, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის დროსაც გადიოდნენ ციხიდან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმს.
- როდის შეიტყვეთ, რომ პრეზიდენტმა შეგიწყალათ?
- 6 ივლისს, საღამოს 6-ის ნახევარზე ქალთა დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა მე და ჩემთან ერთად შეწყალებულ ქალებს გვითხრა ეს შოკისმომგვრელი ამბავი. ვერ აღვწერ იმ ემოციას, რაც მქონდა, სიხარულისგან ძალიან ცუდად გავხდი, არ მჯეროდა, რომ ამ სიტყვებს ვისმენდი და ვყვიროდი, ეს სიზმარია, არ მჯერა, სიზმარში თუ არ ვარ, მოდით, მიჩქმიტეთ- მეთქი. მერე სახლში დავრეკე და გავაგებინე.
ძალიან ემოციური იყო შვილებთან შეხვედრა, მთელი ღამე ხელს არ მიშვებდნენ, მეხუტებოდნენ, მეფერებოდნენ, მათთან შეხვედრის ემოციის გადმოცემა რთულია. ძალიან ძნელია, როცა შვილებს ამდენი წელი ვერ ნახულობ, ვერ უყურებ მათ გაზრდას, ერთ დღეს მოდიხარ და ხედავ როგორ გაზრდილან შენი პატარები.
- დედა ზრდიდა თქვენს შვილებს, არა?
- დიახ, დედამ გამიზარდა. სახლის კარიც დედამ გამიღო და რომ დამინახა, იქვე ჩემს მუხლებთან ჩაიკეცა და სიხარულისგან იტირა. ციხეში გატარებული ეს შვიდი წელი ძალიან დიდი ტკივილია არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ბავშვებისთვის, ჩემი ოჯახისთვის. ბავშვები დედის გარეშე გაიზარდნენ. ყველაზე პატარა წლის დავტოვე და ახლა უკვე დიდი გოგოა, უფროსი ბიჭი 20 წლის გახდა…
- ციხეში ხშირად გაკითხავდნენ შვილები?
- დიახ, მოდიოდნენ, 2-საათიანი პაემანისა და ასევე პირადი პაემნების უფლებაც მქონდა, მათთან ყოველი შეხვედრისის შემდეგ, დაშორება მიჭირდა, ისინი მიდიოდნენ ტირილით და მე ვრჩებოდი მარტო...
- ახლა რა გეგმები გაქვთ?
- ახალი ფურცლიდან დავიწყებ ცხოვრებას ჩემს ოჯახთან ერთად, რაც შეეხება კარიერას, ამაზე მერე ვიფიქრებ, ეს უკვე მეორე ეტაპია, მთავარია ყველაფერი დამთავრდა და ის დაკარგული შვიდი წელი უნდა ავინაზღაუროთ მე და ჩემმა შვილებმა… მინდა მხოლოდ და მხოლოდ მათთან ვიყო. ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებულ თქვენს სტატიას მაშინ დიდი რეზონანსი მოყვა და უამრავი მხარდამჭერი გამომიჩნდა, ეს სტიმულს მაძლევდა. იქ შემოდიოდა ინფორმაცია ან დედაჩემისგან ვიგებდი, რომ ხალხი ჩემს გათავისუფლებას ითხოვდა, ყველას მადლიერი ვარ, თითოეული მათგანის მხარდაჭერა მამხნევებდა, მაძლიერებდა…
- წაყენებული ბრალდებები მძიმე იყო, ამბობდით, რომ არ ჩაგიდენიათ ადამანის გატაცება, დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ მომხდარს, რაში ადანაშაულებთ თქვენს თავს?
- 28 წელი მქონდა მისჯილი, წარმოიდგინეთ ამხელა სასჯელი, მაშინ არაადეკვატურ სასჯელებს უსჯიდნენ. არ ვამბობ, რომ არ ვიყავი დამნაშავე, რაც ჩავიდინე იმას ვაღიარებდი დაჭერის დღიდან, მაგრამ, რაც ბრალად მქონდა წაყენებული, ეს არ ჩამიდენია. 5 ინდოელი მამაკაცი მართლაც ვცემე, ეს იყო რეალობა და არა ის, რაც ბრალად დამდეს. მაშინ სრული განუკითხაობა იყო. საქმის არსებითი განხილვა არ ჩატარებულა, ისე მომისაჯა ამხელა სასჯელი. რაც სურდა პროკურატურას, იმას ასრულებდა მოსამართლე...
პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ვარკეთილიდან მოვიტაცე 5 ადამიანი და სოფელ დიღომში წავიყვანე "ოპელ ვექტრათი", თუ ამდენი ადამიანი ჩავსვი მანქანაში, მაშინ მე სად ვიჯექი? სად იყო ამდენი კაცის ადგილი "ვექტრაში?" არ მქონდა იარაღი, არ მქონდა დანა და მითხარით რითი ვემუქრებოდი ერთი ქალი ამდენ ხალხს, თითით?!
ბრალი შეთითხნილი იყო, მაგრამ ამხელა წლების მიუხედავად სულ იმის მოლოდინში ვიყავი, რომ ოდესმე ჩემთვისაც შეიცვლებოდა რამე, ეს დღეც დადგა. მანამდე ამნისტიამ მისჯილი წლები მომაკლო, დამიტოვეს 13 წელი, 7 წელი კი გავატარე ციხეში.
- რას ნიშნავს თქვენთვის ციხეში გატარებული 7 წელი?
- ეს ძალიან დიდი გაკვეთილია ჩემთვის. იქ ბევრი რამე ვისწავლე, ძალიან ვენდობოდი ადამიანებს, მაგრამ უკვე მიმნდობი აღარ ვარ და აღარ ვენდობი არავის. ძალიან მაგარი გაკვეთილი მივიღე.
- თქვენი განთავისუფლების შემდეგ პარლამენტარმა ირმა ინაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში მუშაობას გთავაზობთ...
- მის შემოთავაზებას ვიღებ, უღრმესი მადლობა მას. კეთილშობილი და დიდსულოვანი ადამიანია. ირმას ჯერ არ შევხვედრილვარ, რადგან გუშინ გამოვედი, აუცილებლად შევხვდები და მივიღებ მის წინადადებას.
რაც ხელისუფლება შეიცვალა, მას მერე ციხეშიც ბევრი რამ შეიცვალა, ახლა სხვა მდგომარეობაა. მეხუთე დაწესებულების დირექტორი ნესტან ვერულაშვილი და მინისტრი კახა კახიშვილი მართლა ღვთის საჩუქარია პატიმრებისთვის. ვერავინ იტყვის, რომ ციხე კარგია, იქ თავს კარგად არც ერთი პატიმარი არ გრძნობს, მაგრამ იმასთან შედარებით რაც იყო, მართლა სამოთხეა ახლანდელი ციხე.
- პოლიტიკოსობას ხომ არ აპირეთ მომავალში?
- პოლიტიკაში მოსვლამდე ძალიან დიდი დროა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქ დარჩენილ პატიმრებს აქედან დავეხმარო. ძალიან დიდი ტკივილია როცა ტოვებ იქ ადამიანებს, დედებს, დებს, რომლებსაც ოჯახები, შვილები ენატრებათ. რომ გამოვდიოდი, ყველას ცრემლი გამომყვა.
რაც მთავარია, ძალიან დიდი მადლობა, მინდა, პრეზიდენტ მარგველაშვილს გადავუხადო იმ ბედნიერებისთვის, რაც მან მაჩუქა... ყველაფერს კარგს ვუსურვებ ცხოვრებაში. ჩემთვის დღეიდან ახალი ფურცელი იწყება და ბედნიერი ვარ.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)
სტატიის ფოტოს ავტორი დენის ასლანოვი (წყარო)