"მერაბიშვილმა მითხრა, - რატომ მოკალი, ოჯახი შენ გაბრალებსო" - რას ჰყვება ნინუების მკვლელობაში ჯერ ბრალდებული, ახლა კი გამართლებული თამაზ გოგია?
"სულ რომ მოვეკალი ვინმეს, როგორ ვაღიარებდი ამ საშინელ მკვლელობას"
"საწოლზე ვერ ვიძინებ, წარმოგიდგენიათ, 8 წელი ე.წ. შმონკაზე რომ იწვები, მერე საწოლზე დაწოლა რა არის"
"მოსამართლემ მკითხა კიდეც, თქვენ რატომ ამოგარჩიესო, ამაზე ვფიქრობ ეს წლები, მაგრამ პასუხი არ მაქვს"
"ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან",- ასეთი ვერდიქტი გამოიტანა 18 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ. არადა, ამ სიტყვების მოსმენას დაკავებული თამაზ გოგია 8 წელიწადი ელოდა.
მას უახლოესი მეგობრის, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას ანგარებით განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი. დაკავების პირველი წუთებიდან იძახდა, რომ უდანაშაულო იყო, ამდენი წელი გავიდა, მაგრამ არ მავიწყდება სასამართლო პროცესზე ნათქვამი მისი სიტყვები:
"მეგობრის მკვლელობას მაბრალებთ! რატომ აკეთებთ ამ ბოროტებას, ნუთუ შეიძლება სკამისთვის ეშმაკს ემსახუროთ, ეს ცოდვა თქვენს ოჯახზე რომ გადავა, იცით?... მთვრალი ავედი მე-7 სართულზე, ამხელა, დევივით კაცი მოვკალი, მერე ქალბატონი ეთერიც მოვკალი, სახლიდან ოქროულობა მოვიპარე, ირგვლივ წიწაკა მოვაყარე, ელექტროღუმელი ჩავრთე და იქიდან წამოვედი? ნუთუ არ გრცხვენიათ? ამაზე მეტი რა უნდა დამაბრალოთ? ჩემთვის მთავარი სახელია. აღარ აქვს მნიშვნელობა, რას მომისჯით, 65 წელს თუ 10-ს. მე თამაზ ნინუას მკვლელობის ბრალდება მანადგურებს. არ შეიძლება ეს საქმე არ გაიხსნას, ანალოგიური გზით კიდევ ერთი კაცი - მაღალთაძეა მოკლული..." - ეს სიტყვები თქვა სასამართლოზე, მაგრამ მაშინ თემიდა დაყრუვდა...
უამრავი ადამიანი მოჰყავდა პროცესზე პროკურატურას, თუმცა აშკარად არც ერთი ჩვენება არ ამყარებდა წაყენებულ ბრალს. ისიც კარგად მახსოვს, როგორ აიჩეჩა მოსამართლემ მხარი ამ მოწმეების დაკითხვისას და პროკურორ პროკოფი ჭანკოტაძეს ჰკითხა, მითხარით, რას გაძლევთ ახლა ამ მოწმეების დაკითხვაო. ამ ყველაფრის მიუხედავად ის დამნაშავედ სცნეს, მკვლელობებთან ერთად მას სხვა ეპიზოდებშიც ჰქონდა ბრალი წარდგენილი და სასჯელთა შეკრებითობით 69 წელი გამოუვიდა, მოსამართლემ საბოლოოდ 30 წელი მიუსაჯა.
რამდენიმე წლის შემდეგ ირკვევა, რომ ის უდანაშაულოა და თავად პროკურატურამ მიიღო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება.
ეს საზარელი დანაშაული საზოგადოების ყურადღების ცენტრში პროკურორ ვახტანგ ქირიას სადისტური მკვლელობის შემდეგაც მოექცა. შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ სკანდალური განცხადება გააკეთა - ქირიას მკვლელობის შემდეგ გამოძიება კიდევ ოთხი საქმით დაინტერესდაო. ესენია: ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება, კუჭავას გერის მკვლელობა, ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, გოჩა მაღალთაძის მკვლელობა. გამოითქვა ეჭვი, რომ ეს დანაშაულები ბიძინა კუჭავას ჩადენილი იყო, თუმცა დღემდე ეს საქმეები ბურუსითაა მოცულია და გაირკვა თუ არა რამე გამოძიებით უცნობია. თამაზ გოგია უდანაშაულოდ სცნეს და გაათავისუფლეს, მაგრამ თაროზე დევს ცნობილი გენერლის და მისი მეუღლის განზრახ მკვლელობის საქმე.
ბუნებრივია სასამართლოს გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელოდა თამაზ გოგია, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მასთან:
- ბატონო თამაზ, გილოცავთ გათავისუფლებას, რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა?
- მთავრობის შეცვლის შემდეგ სულ იმედი მქონდა, რომ უდანაშაულობას დავამტკიცებდი. პროკურატურამ მოკიდა ხელი ამ საქმეს, თავიდან ჩატარდა ექსპერტიზები, ძალიან მონდომებით იმუშავეს, მართალია ციხეში ვიყავი გამოკეტილი, მაგრამ ამ პროკურორებს რომ ვუყურებდი იმედი მომეცა. მართლა რამხელა განსხვავებაა ძველს და ახალ პროკურატურას შორის. დიდი სამუშაო ჩაატარეს და სამართალი აღდგა.
მადლობა პროკურატურას, დროში გაიწელა რადგან დიდი სამუშაო იყო, მიფუჩეჩება კი არ შეიძლებოდა, არგუმენტებით უნდა ყოფილიყო გამყარებული გამოტანილი განაჩენი რომ შეცვლილიყო. ამისთვის მართლა უზარმაზარი შრომა გაწიეს.
წარმოიდგინეთ 8 წელიწადი ვიჯექი, ეს ხომ არ არის 8 თვე ან 8 დღე, რა დღეში ვიყავი ეს წლები, იყო უსამართლო განაჩენი, რომელმაც გამანადგურა. გამიგია წამალს უდებენ ადამიანს და ასამართლებენ, მაგრამ ორი მიცვალებული, უახლოესი მეგობარი მოკლაო დააბრალო, ეს საშინელებაა. როგორ უნდა მეცხოვრა მე ან ჩემს შვილებს ამ ბრალით, ამაზე მეტი ფიქრი არ მქონდა ეს წლები. ამის დაბრალება შეიძლებოდა? სასამართლომაც მოკვლევა ჩაატარა და მივიდა ამ გადაწვეტილებამდე. თუმცა სულ ვნერვიულობდი ვაი თუ, არ გამოიტანონ გამამართლებელი განაჩენი და ვაი თუ ამათაც ვერ დაინახონ ჩემი სიმართლე - მეთქი. მაგრამ აღსდგა სამართალი, ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რა მდგომარეობაა, ამხელა ბინძური ლაქა რომ მომეხსნა, ეს არის ყველაზე მთავარი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. ამ ლაქით როგორ უნდა ევლოთ? ჩემს მეგობრებს კიდევ კარგი არ სჯეროდათ ამ ვერსიის, მაგრამ იცით, იმასაც ლაპარაკობდნენ ბრალი აღიარაო, სულ რომ მოვეკალი ვინმეს, როგორ ვაღიარებდი ამ საშინელ მკვლელობას, იმას, რაც არ ჩამიდენია.
- რა ურთიერთობა იყო თქვენსა და თამაზ ნინუას შორის?
- 40 წელი ერთად მოვდიოდით, ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, აგარაკზეც კი ერთად დავდიოდით. ჭირში თუ ლხინში ერთმანეთის გვერდით ვიყავით. უშიშროების გენერალი იყო, ის თავის საქმეზე არასოდეს არ საუბრობდა ჩემთან და არც მე არასოდეს მიკითხავს მისთვის რამე. ამ საქმეში, ფაქტობრივად, ყრუ-მუნჯი იყო...
მშენებლობა რომ წამოვიწყე, პენსიაზე იყო გასული, გაუხარდა ჩემთან რომ წავიყვანე. რატომ მომივიდოდა აზრად მისი მოკვლა? ან რა მიზეზით უნდა მომეკლა? ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ამხელა ბრალდება. თავიდანვე იყო ცნობილი რომ იგივე ხელწერა იყო გოჩა მაღალთაძის მკვლელობაში, ისიც ერთი ტყვიით იყო მოკლული, ოთახში ელექტროქურა იყო ჩართული და წიწაკა მოყრილი... ეს მხოლოდ პროფესიონალს შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ ამის გაგონება არავის სურდა. პირველივე წუთებიდან ვიძახდი, ვინც მაღალთაძე მოკლა იმან მოკლა თამაზი და ეთერი და მე ნუ ამკიდებთ ამხელა ცოდვას-მეთქი. მაგრამ არ გამიგონეს, მე დამაბრალეს, ამხელა ცოდვა ჩაიდინეს. ოჯახი დამიღუპეს, მეგობრები, ვინც გვერდზე მედგა და მეხმარებოდა, ყველა დამიღუპეს.
- თქვენ თაღლითობაშიც გედებოდათ ბრალი, ესეც შეთითხნილი იყო?
- მშენებლობის გამო თანხა მქონდა აღებული, ბევრმა ახლობელმა ჩამიდო ბინა, ჩემი დაკავებით ყველანი ვალებში ჩავარდნენ, რადგან ბინა, ქონება ბანკში ჰქონდათ ჩადებული იმისთვის, რომ მე ამეშენებინა. დაგვღუპეს, ამდენი წელი ციხეში გამომკეტეს, დღეს დამთავრებული და ამუშავებული მექნებოდა ყველაფერი. ჩემი შვილები დღეს ნაქირავებში არიან. პროკურორმა ხიზანიშვილმა პირდაპირ მითხრა, 10 წელს მოგისჯი და ციხეშიც მოგივლი, თუ აღიარებო, თუ არადა დაგსჯი ბოლომდეო. რა უნდა მეღიარებინა რომ ჩემი უახლოესი მეგობარი და მისი მეუღლე მოვკალი?
- თქვენ რატომ შეგარჩიეს?
- ვერ გახსნეს გახმაურებული საქმე და ვიღაცისთვის ხომ უნდა დაებრალებინათ და მე შემარჩიეს. შტაბის სხდომაზე მოვიდა ვანო მერაბიშვილი, მერე მასთან შემიყვანეს, მითხრა, რატომ მოკალი, ოჯახი შენ გაბრალებსო, - არ მომიკლავს- მეთქი! რომ არ ვაღიარე, 4 დღეში შეამოწმეს ჩემი ფირმები, გამომიყვანეს ბანდიტად და თაღლითად, ფულის მოპარვებიდან დაწყებული ყველაფერი წამიყენეს ბრალათ, შემიკერეს საქმე, თურმე ჩემს ფირმაში ფული მოვიპარე. შემიკრიბეს იმდენი ეპიზოდი და გამოვიდა 69 წელიწადნახევარი, რადგან 61 წლის ვიყავი მომისაჯეს 30 წელი, ხელისუფლების შემდეგ ამნისტიამ დამიტოვა 12 წელი, 8 წელია ვიჯექი ციხეში, მითხარით, რა ჭკუაზე უნდა ვიყო.
- გათავისუფლების შემდეგ ბატონი თამაზის შვილს ეკა ნინუას შევხდით?
- ჯერ არ ინახავს, შევხვდები მას აუცილებლად. სასაფლაოზეც უნდა გავიდე, მეგობრის დასაფლავებაზეც არ მიმიშვეს, სულ დაკითხვებზე ვიყავი, საშინელ დღეში მაგდებდნენ.
- როგორ გავიდა ციხეში ეს წლები?
- იმ რეჟიმის დროს რაც იყო, ამის გადმოცემა შეუძლებელია. ხაინდრავას ფილმში რაც არის ასახული, ეს ყველაფერი სიმართლეა და იქიდან ნახევარზე მეტი მე მაქვს პირადად ნანახი. საშინელება იყო პირველი სამი წელი, რაც მე გამოვიარე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოისუნთქეს პატიმრებმა, ვისაც არ განუცდიაეს ყველაფერი, ამას ვერ მიხვდება. საშინელ მდგომარეობაში ვიყავით და მერე დავიბადეთ ხელმეორედ. სულ სხვა მდგომარეობაა დღეს. როცა დამნაშავე ხარ და მისჯილი გაქვს, უნდა მოიხადო, მაგრამ როცა დანაშაული ჩადენილი არ გაქვს და გაბრალებენ, ეს საშინელებაა, ეს პირველ რიგში შეურაცხყოფაა, ეს უნამუსობის ჩადენაა, ეს ხომ მთავრობამ გააკეთა და მერე ამბობდნენ, ცხოვრება საამურიაო. რომ გადამეღობა ვინმესთვის გზა, ფეხი დამედო, ცუდი გამეკეთებინა, ვიტყოდი, ამის გამო დამსაჯეს- მეთქი, მაგრამ ვერ გამიგია რატომ მომექცნენ ასე. მოსამართლემ მკითხა კიდეც, თქვენ რატომ ამოგარჩიესო, ამაზე ვფიქრობ ეს წლები, მაგრამ პასუხი არ მაქვს. რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი.
- პროკურორების დასჯას ითხოვთ?
- პროკურორ პროკოფი ჭანლოტაძემ პირველად რომ დამკითხა, ძალიან იმედიანად ვიყავი, რადგან პირველივე დღეს მითხრა, ბატონო თამაზ დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩადენილი რომ არ არის ეს დანაშაული და მე ამ საქმეს ავიცილებო, მერე თქვენც ესწრებოდით სასამართლო პროცესებს, ხედავდით როგორ შეიცვალა ეს კაცი და როგორ მიდიოდა ყველანაირ სიბინძურეზე. ეკა ნინუას არწმუნებდნენ, რომ მე ჩავიდინე, გამწარებული მოვიდა სასამართლოში ეკა, რატომ მომიკალი დედა და მამაო, ეს წარმოგიდგენიათ რა დღეში ვიქნებოდი, გული გამისკდა ლამის. მორწმუნე კაცი ვარ, არავისთვის ცუდი არ მინდა, მე არ ვარ მომჩივანი და არ ვითხოვ არავის დასჯას, მაგრამ ღმერთი ყველას გადაუხდის სამაგიეროს. ძალიან ცუდი რამე გამიკეთეს დამაქციეს, დამღუპეს, ასეთი ჩირქი მომცხეს, გამწარებული ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ხელისუფლების შეცვლისთანავე რომ გავენთავისუფლებინეთ, ანუ სამი წლის მერე რომ გამოვსულიყავი, არ ვიცი რა მოხდებოდა შეიძლება მაშინ რაღაც უბედურება ჩამედინა.
- სასამართლო დარბაზიდან გამოსვლა რა ემოცია იყო?
- სკამიდან ვერ ვდგებოდი, ფეხები ამიცახცახდა, გაშტერებული ვიჯექი ნახევრად არ მესმოდა მოსამართლე რას ამბობდა, რომ ჩამოთვალა წაყენებული მუხლები, მეგონა, ისიც ბრალს მდებდა, ბოლოს რომ თქვა გათავისუფლდესო, ძლივს წამოვდექი. დარბაზში იყვნენ ჩემები, ჩემი და ტიროდა, ის მეცოდებოდა ძალიან. ერთი წლით არის ჩემზე პატარა, ახლა 69 წლის ვარ... საწოლზე ვერ ვიძინებ, წარმოგიდგენიათ, 8 წელი ე.წ. შმონკაზე რომ იწვები, მერე საწოლზე დაწოლა რა არის.
- რა გეგმები გაქვთ?
- რამდენიმე დღე დავისვენებ, სამართალმა იზეიმა, გამართლების საბუთი მაქვს და იქნებ ჩემი ქონება დავიბრუნო, ნაწილი ქონების წაღებულია, ნაწილი დაყადაღებული, როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი. ჩემი ოჯახის მარჩენალი მე ვიყავი და დღეს ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობს, ასე დამაქციეს.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)