"უთქვამს, საშინელებათა ფილმს ვუყურებდი და ამიტომ მოვიჭამე თითი, მერე ანა მოვკალი დანითო"
16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, სასტიკი დანაშაული მოხდა - 19 წლის ანა ხელაძე დეიდის ბინის საძინებელში ყელგამოჭრილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდება ანას ბიძაშვილს, 22 წლის რობერტ ახალაიას წაუყენეს. ის ფოთში დააკავეს.
მომხდარზე სტატია გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
ამოღებულია დანა, რითაც გოგონას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, და სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც მკვლელობის დროს ეცვა დამნაშავეს. დადგენილია, რომ მკვლელობის შემდეგ ახალაიამ სააბაზანოში გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და დანა ზურგჩანთაში ჩაიდო, ჩაკეტა ბინის კარი და ფოთში წავიდა.
ბრალდებულის ადვოკატი ოლღა გეჯაძე: "ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა თუ არა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. რობერტს ყველა კარგად ახასიათებს და ცოტა უცნაურია, რომ ეს დანაშაული ჩაედინა. პროკურატურა ამბობს, სექსუალური ძალადობა და ძალადობის მცდელობას არ ყოფილაო, ეს გამორიცხეთ..."
რას ჰყვება ოჯახის ახლობელი?
"რობერტის მამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ორი ვაჟი ჰყავს. პატარები იყვნენ, მშობლები რომ დაშორდნენ. ბავშვები დედამ რუსეთში წაიყვანა, მაგრამ მამამისმა უკან ჩამოიყვანა და აქ გაიზარდნენ. მამიდები ძმისშვილებს თავს ევლებოდნენ, მამამისმა მეორე ცოლი შეირთო და ყველა ერთად ცხოვრობდა. რობერტი სკოლაშიც გამორჩეული იყო, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
ერთ მამიდას თბილისში დაგირავებული აქვს ბინა და რობერტმა სკოლა რომ დაამთავრა, თბილისში წაიყვანა. ანაც თავისთან ჰყავდა. ანას და რობერტს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორ შეიძლებოდა ანა მოეკლა?! რაღაც საშინელებათა ფილმს ვუყურე და მერე რა გავაკეთე, არ ვიციო, - ამბობს.
- ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა?
- არასდროს არაფერი შეგვიმჩნევია. ფოთში რომ ჩამოვიდა, სხვა ნომრიდან დაურეკავს ძმისთვის, კაცი შემომაკვდა, ზღვაზე ვარ და მნახეო. როგორც ამბობენ, მამამისმა დარეკა პოლიციაში. უთქვამს, საშინელებათა ფილმს ვუყურებდი და ამიტომ მოვიჭამე თითი, მერე ანა მოვკალი დანითო. მამამისს უთქვამს პოლიციისთვის, თუ გინდათ, მოკალით, მე აღარ მაინტერესებს ჩემი შვილიო.