დედის მკვლელობაში ბრალდებულ პრიმა-ბალერინას აღარ გაასამართლებენ - კვირის პალიტრა

დედის მკვლელობაში ბრალდებულ პრიმა-ბალერინას აღარ გაასამართლებენ

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ის მკურნალობას ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გააგრძელებს, - ამის შესახებ ანი მურადელის ადვოკატმა თამარ ხაჩირაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მურადელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.

ადვოკატის განცხადებით, ანი მურადელი ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობაზეა გადაყვანილი. მისივე თქმით, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის შედეგებზე და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს.

ანი მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს დედის მკლველობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ შემზარავი ტრაგედია 20 მაისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დატრიალდა. გამოძიების მტკიცებით, მთვრალმა ახალგაზრდა ქალმა დედას სხეულის დაზიანებები მიაყენა და თავში, სავარაუდოდ, ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც მოხუცი გარდაიცვალა. ამბობდნენ, რომ შვილმა 24 საათი გარდაცვლილ დედასთან ერთად ბინაში გაატარა. განგაში მეორე დღეს მოკლულის დამ ატეხა, რადგან ტელეფონს არავინ პასუხობდა. პოლიციას ბინაში უმძიმესი სურათი დახვდა - ოთახი არეული იყო, იქვე ესვენა მოხუცის ცხედარი, სახლში იყო ბალერინაც...

ანი მურადელის ადვოკატი კატეგორიულად უარყოფდა განზრახ მკვლელობას და მომხდარს უბედურ შემთხვევას უწოდებდა. სასამართლო პროცესზე ეჭვქვეშ დადგა ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა. როგორც თანამშრომლები ამბობდნენ, ბალერინა ბოლო დღეებში სამსახურში არ გამოჩენილა, მიზეზად ვირუსი დაასახელა, მაგრამ, როგორც ირკვევა, მიზეზი სასმელი იყო.

იხილეთ ვრცლად: "როცა დეპრესიაში იყო, ეს მის ნახატებშიც ჩანდა" - რას ჰყვებიან დედის მკვლელობაში ბრალდებულ ბალერინაზე ახლობლები?