"ექსპერტიზით დადგენილია, რომ ჩადენილია დანაშაული!" - კვირის პალიტრა

"ექსპერტიზით დადგენილია, რომ ჩადენილია დანაშაული!"

რას ამბობს "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი, რომელსაც პროკურატურა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება

6 თვეზე მეტია, "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის მიზეზების დადგენას, დამნაშავეების გამოვლენასა და ზარალის ანაზღაურებას ელოდებიან დაზარალებულები.

გასულ კვირას პროკურატურამ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით დააკავა, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება წაუყენეს შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელ მალხაზ თევზაძეს. პროკურატურამ დაკავებული პირების წინასწარ პატიმრობაში აყვანა მოითხოვა. საქმის პროკურორ გიორგი მუჯირის მტკიცებით, არსებობს ბრალდებული პირების მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. "გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება და შედეგად ხანძარი გავრცელდა ბაზრობა "ნიუ მოლის" მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" შენობაში, რამაც ეს შენობები, მათში არსებული სარეალიზაციო საქონელი და ინვენტარი გაანადგურა", - განაცხადა პროკურორმა. მისი განცხადების მიუხედავად, მოსამართლემ ორივე ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა - მაჭავარიანს 50.000 ლარის გადახდა დააკისრა, თევზაძეს კი 10.000 ლარის.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურატურასთან ორი აქცია გაიმართა. ერთ მხარეს მაჭავარიანის მხარდამჭერები, აქციონერები და ოჯახის წევრები იდგნენ, მეორე მხარეს - "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეები. ისინი მაჭავარიანთან ერთად იმ პირების დაკავებასაც ითხოვდნენ, ვინც, მათი აზრით, ამ დანაშაულში მონაწილეობდა.

გაგი მოსიაშვილი, გიორგი მაჭავარიანის ადვოკატი: "ნაცვლად იმისა, საგამოძიებო უწყებამ დაადგინოს განზრახ დანაშაულის ჩამდენი პირი, ბრალი წაუყენა სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელს, არადა, არსებობს შსს-ს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ვკითხულობთ, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დარღვეული. დაცვის მხარე ყველა იმ სამართლებრივ დოკუმენტაციას წარადგენს, რაც გიორგი მაჭავარიანის უდანაშაულობას დაამტკიცებს".

დაკავებული პირების უდანაშაულობაში დარწმუნებულია "ბავშვთა სამყაროს" იურისტი ვაჟა მაისურაძე: - მაჭავარიანის დაკავება აბსურდულია. მიზანია მხოლოდ განტევების ვაცის მოძებნა და საარჩევნოდ დაზარალებულებისთვის კოჭის გაგორება.

ადამიანს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებიან, როდესაც ექსპერტიზებით დადგენილია, რომ წესები დარღვეული არ ყოფილა და ცეცხლი ნავთობპროდუქტების გამოყენებამ გააჩინა, ანუ ჩადენილია დანაშაული.

პროკურატურას თუკი რაიმეს თავი აქვს, უნდა დააკავოს დამნაშავე. როგორც წესი, ასე ხდება, ხალხს გაუნადგურებენ ქონებას, პარალელურად, წაართმევენ იმასაც, რაც დარჩა და მერე იჭერენ.

ქალაქში დაპარპაშებს დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა დაწესებულებაში აჩენს ცეცხლს და მათ არავინ ეძებს.

დამნაშავეა თბილისის მერია, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ვეხვეწებოდით ქუჩების გაწმენდასა და დახლების აღებას, საიდანაც სხვათა შორის, ფულს აკეთებდნენ და სანამ ჩვენი შენობა არ დაიწვა და ყველაფერი არ განადგურდა, მერია არ განძრეულა და არ გაათავისუფლა ქუჩები.

- უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პროკურატურა გულგრილობაში ადანაშაულებს.

- თევზაძე იმ საღამოს იქ იყო, მისი ბრალი გამოიხატა იმაში, რომ ვერ აღკვეთა დანაშაულიო. არადა, სახანძრო სამსახურს ჩვენი დაცვის სამსახური ემუდარებოდა, კარს გაგიღებთ, წინიდან დახვდით ცეცხლს და გააჩერეთო, მაგრამ ეს არ გააკეთეს, ცეცხლს უკან მისდევდნენ. წყალი რისთვის დახარჯეს? 7.000 ლარი წყალში გადავიხადეთ, ჩვენს წყალგაყვანილობის სისტემაზე დასხდნენ მეხანძრეები და უაზროდ ასხამდნენ წყალს. წარმოიდგინეთ, მეორე დღის ბოლოს დაიწვა ორი სართული, მისი გადარჩენაც ვერ შეძლეს. დაბალი ღობე ნახეს მაჭავარიანისა და თევზაძის სახით?

საგამოძიებო სტრუქტურებს ან დამნაშავის გამოვლენის თავი არა აქვთ, ან სურვილი.

- აცხადებდით, რომ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს.

- მოვა დრო და ეს დოკუმენტი გასაჯაროვდება. შსს-ს კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა ჩაატარა სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა და გასცა დასკვნაც. მოვითხოვთ, შეწყდეს საქმე ბრალდებულების მიმართ და გაირკვეს სიმართლე, დააკავონ რეალური დამნაშავე. ასევე მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ბიზნესმენებს, დაინახონ რეალობა და გვერდში დაგვიდგნენ.

ახსოვდეთ, თუ ვიღაც მათ ქონებას თვალს დაადგამს, დაუწვავენ ან წაართმევენ და ბოლოს დაიჭერენ. სანამ არ მისდგომიან თითოეულ მათგანს, დაგვიდგნენ გვერდში და გააპროტესტონ უსამართლობა.

- დღეს ხომ არა გაქვთ პასუხი, ვის ინტერესში შედიოდა "ბავშვთა სამყაროს" დაწვა?

- ჩვენ დამოუკიდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების არც უფლება გვაქვს და არც ტექნიკური საშუალებები. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ექსპერტიზის დასკვნებს მხოლოდ წაკითხვა სჭირდება და თუ ობიექტურები იქნებიან, ობიექტური შედეგიც გაცხადდება. ცალსახაა, განზრახ გაგვინადგურეს ქონება, მათივე შეფასებით, 19 მილიონის ღირებულების იყო ნაგებობა, არაფერს ვამბობ შიგნით არსებულ ქონებაზე. ამხელა ზარალია და დაზარალებულადაც კი არ გვცნეს, მეტიც, აქეთ გვიყენებენ ბრალს.

- შენობა დაზღვეული იყო, სადაზღვევოსთან ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხმდით?

- არ აუნაზღაურებიათ ზარალი, ამბობენ, რომ გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

- გიორგი მაჭავარიანი ელოდა დაკავებას?

- ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დააკავებდნენ. დაკავების მომენტში მეც მასთან ვიყავი. აქ ძალიან ბევრი აქციონერია, ასე იოლად ვერ ჩამოართმევდნენ წილებს და ძალიან მარტივად ერთმა ცეცხლმა გაანადგურა ყველაფერი...

გიორგი მაჭავარიანი, "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი: - ამ ხნის განმავლობაში სულ იქით ვეხვეწებოდი პროკურატურას, თბილისის მერიასაც და სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებსაც შეხვედრასა და დეტალების გარკვევას. მინდა ამ საქმეს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ბრალი მე წამიყენეს.

- პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ გირაოთი გაგათავისუფლათ.

- მე მართალი ვარ. პროკურატურა ჩემს დაკავებას ითხოვდა და ამიტომ მოითხოვა ჩემმა ადვოკატმა გირაო, სხვა გამოსავალი არ გვქონდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან დიდი იმედები მქონდა პროკურატურის, მაგრამ მერე პროკურატურამ საქმე არასწორად წაიყვანა, ყველაფრის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს.

- თქვენ უსაფრთხოების წესების დარღვევას გედავებიან.

- უსაფრთხოების წესები სრულად იყო დაცული და ეს მათ ძალიან კარგად იციან. მე დეტალური ჩვენება მაქვს პროკურატურაში მიცემული და ამ საკითხებზე კითხვები არ არსებობს, ამის მიუხედავად, ბრალი მაინც წამიყენეს.

- თუ ეს ასეა, როგორ ფიქრობთ, მაშინ რატომ გაგწირეს?

- ეს პროკურატურას ჰკითხეთ.

მართალია, სასამართლომ ორივე ბრალდებულს გირაო შეუფარდა, მაგრამ მათ წინააღმდეგ საქმეა აღძრული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თეა ხურცილავა