"16-17 წლისები უკვე წამალზე დამოკიდებული არიან"
"კლუბური ნარკოტიკების სახეობები ყოველდღე იცვლება და ხშირად არც კი იციან, რას იღებენ. ახალ-ახალი სახის ნარკოტიკები ჩნდება ბაზარზე და ექიმებსაც უჭირთ დადგენა, რა მოიხმარა პაციენტმა"
"ნარკოტიკი ხელმისაწვდომი გახდა. გოგონებიც ხშირად მოიხმარენ. ამის მიზეზი არის ის წრე და სოციუმი, სადაც ტრიალებენ. მოხმარება იწყება ასე: დამწყებს რამდენჯერმე ნარკოტიკს ჩუქნიან. მერე მას მოთხოვნილება უჩნდება და ყიდულობს. უფრო შეძლებული ოჯახის შვილები ეხვევიან ამ ბადეში. გოგონები ამბობენ, კლუბებში ნარკოტიკებს გვჩუქნიანო"
ბოლო დროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით საავადმყოფოებში არაერთი ახალგაზრდა მიიყვანეს. ექიმების თქმით, ყველაზე ხშირად ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მომხმარებლები შეჰყავთ კლინიკებში. ბოლო გახმაურებული შემთხვევა ანაკლიაში 3 აგვისტოს მოხდა - ელექტრონულ მუსიკალურ ფესტივალ "ჯემ ფესტზე" მხოლოდ ერთ დღეში, "სასწრაფოს" ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 10 ახალგაზრდა მოათავსეს. პაციენტებს დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებათ. 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 22 წლის ნათია კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა - სიკვდილის მიზეზი გაურკვეველი ნივთიერების გადაჭარბებული დოზა გახდა... ფესტივალის სტუმრები ამბობენ, რომ ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ანაკლიაში, საფესტივალო ზონაში, თავისუფლად იყიდება. ორგანიზატორები ამას უარყოფენ, თუმცა პოლიციამ კლუბური ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
ზედოზირებით პაციენტები კლინიკებში სხვა ქალაქებშიც ხშირად ხვდებიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ასეთი შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები არა აქვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ხშირად ისინი გულის უკმარისობით იღუპებიან და დასკვნაში სწორედ ეს დიაგნოზი წერია. თუ გვამის გაკვეთა არ მოხდა, კონკრეტულად რა ნივთიერებით დაიღუპა პირი, ამის დადგენა შეუძლებელია.
ექიმი ნარკოლოგი თათა ასათიანი შემაშფოთებელ ინფორმაციას გვაწვდის: - ბოლო ხანს გამოჩნდა ე.წ. მძიმე ნარკოტიკები. ადრე ფულიც და სურვილიც რომ გქონოდა, ჰეროინს, სუბოტექსს, მეტადონს ვერ იყიდდი საქართველოში, ახლა კი თავისუფლად იყიდება. მძიმე ნარკოტიკებს ახლავს ზედოზირება, სუნთქვის დათრგუნვა, რაც ხშირად ლეტალურად მთავრდება.
ზედოზირება იწვევს პანიკურ რეაქციებს, ფსიქოზურ აშლილობებს, კრუნჩხვებს, ებინდებათ გონება და მდგომარეობა რთულდება. უმძიმესი შედეგები პირველმომხმარებლებს აქვთ. გახშირდა ე.წ. აბაზანის მარილის ინტრავერტულად მოხმარება, რაც უმეტესად სიკვდილს იწვევს.
- სააფთიაქო ნარკომანიაზე რას იტყოდით?
- მასზე კონტროლი გაძლიერდა, სამაგიეროდ, მძიმე ნარკოტიკმა მოიმატა.
- კლუბური ნარკოტიკები გახშირდა?
- კლუბებში ექსტაზს, მარიხუანას, ემდემას მოიხმარენ. არის სხვა მოსაწევი, ბიონარკოტიკი, რომელიც შეიცავს სინთეზურ კანაფოიდებს, აბაზანის მარილები ნეფედრონს შეიცავს, ელეზეს თვალში ან ცხვირში იწვეთებენ... ნარკომანია საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, უკვე 16 წლის გოგო-ბიჭები მოგვმართავენ.
თამუნა ბოკუჩავა, ფსიქოლოგი: - 16-17 წლის ახალგაზრდები უკვე წამალზე დამოკიდებული არიან. მათთვის ნარკოტიკი ხელმისაწვდომი გახდა. გოგონებიც ხშირად მოიხმარენ. ამის მიზეზი არის ის წრე და სოციუმი, სადაც ტრიალებენ.
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ურჩევენ, - წამალი დალიე და გამოცდას კარგად ჩააბარებო.
კლუბში წასვლა ასოცირებულია ნარკოტიკის მიღებასთან. ბევრი პაციენტი გვეუბნება, იქ წასვლას ისე აზრი არა აქვსო.
ძალიან სახიფათოა ალკოჰოლის და ე.წ. ბიოს ერთად მოხმარება. ბოლო დროს გოგო-ბიჭები მოგვმართავენ პანიკური შეტევებით და ფსიქიკური პრობლემებით. აქვთ დაუძლეველი შიშები, აბსოლუტურად ვერ მართავენ ქცევა-ემოციას, აზრებს...
არის შემთხვევები, როცა მომხმარებელი ზედოზირების დროს გამოცდილ ადამიანს გამოუყვანია მდგომარეობიდან და სხვა მედიკამენტის მოხმარებას ურჩევს, რომელიც მერე დამოკიდებულებას იწვევს...
ერთი წელიწადია, ბაზარზე ისევ გამოჩნდა ოპიუმის ჯგუფი, ჰეროინი, სუბოტექსი და ა.შ. ის, რაც აკრძალული იყო. ამბობენ, ყველა სახის ნარკოტიკის შეძენა იოლად შეიძლებაო, რაც კრიმინალის ზრდას გამოიწვევს და პრობლემას შეუქმნის საზოგადოებას, რადგან მომხმარებელს ფული სჭირდება - ნარკოტიკი საკმაოდ ძვირია, ერთი აბი სუბოტექსი 800-დან 1000 ლარამდე ღირს.
- რას ჰყვებიან, რატომ იწყებენ მოხმარებას?
- მოხმარება იწყება ასე: დამწყებს რამდენჯერმე ნარკოტიკს ჩუქნIAიან. მერე მას მოთხოვნილება უჩნდება და ყიდულობს. უფრო შეძლებული ოჯახის შვილები ეხვევიან ამ ბადეში. გოგონები ამბობენ, კლუბებში ნარკოტიკებს გვჩუქნიანო. კლუბური ნარკოტიკების სახეობები ყოველდღე იცვლება და ხშირად არც კი იციან, რას იღებენ. ახალ-ახალი ნარკოტიკები ჩნდება ბაზარზე და ექიმებსაც უჭირთ დადგენა...
სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკის ერთჯერადი მიღებაც ძალიან საშიშია, რადგან იქიდან გამოსვლის პროცესი მძიმეა. აქვს ეფექტი, რომ დიდ ენერგიას აძლევს ადამიანს, აქვს სიხარულის, ბედნიერების შეგრძნება, მაგრამ მეორე დღის სინდრომი უმძიმესია - დეპრესია, ფსიქოლოგიური დისკომფორტი, პანიკა, შიშები და ამიტომაც მიმართავენ სხვა ნარკოტიკს, ფიქრობენ სუიციდზე, თვითდაზიანებაზე - ამის უამრავი მაგალითია, აგრესიულები ხდებიან ოჯახის წევრების მიმართ, კარგავენ სიცოცხლის ინტერესს, ისწრაფვიან მხოლოდ ნარკოტიკისკენ, რათა ისევ ის შეგრძნებები ჰქონდეთ, რაც პირველ დღეს ჰქონდათ.
ხელმისაწვდომი ნარკოტიკის ფესტივალი?!
2014 წელს ანაკლიის ტერიტორიაზე პოპულარული უკრაინული ფესტივალი "კაზანტიპი" ჩატარდა, მაშინაც ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ნარკოტიკი და პროსტიტუციის ფაქტი მრავლად იყო. ღონისძიების ქართველი ორგანიზატორების ნაწილმა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი სიგუა ხელმძღვანელობდა, გადაწყვიტა, მომავალშიც ჩაეტარებინა ანაკლიის ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი... წელს ფესტივალი ერთ თვეს გასტანს - 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე. ის განმუხურში იმართება და დაკავშირებულია 552-მეტრიანი საფეხმავლო ხიდით ანაკლიასთან. ტერიტორიაზე კარვების ქალაქია, სადაც დამსვენებელს შეუძლია დასახლდეს.
წელსაც იქ უამრავი მსმენელი ჩავიდა...შარშან ამბობდნენ, რომ ფესტივალზე ნარკოტიკი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, ამაზე საუბრობენ დღესაც. ფაქტი სახეზეა... 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ სამართალდამცავებმა გაააქტიურეს მუშაობა და ხუთი პირი ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, თითოეულისგან დიდი რაოდენობით ექსტაზი და "მდმა" ამოიღეს, დააკავეს ასევე "თეთრი ხმაურის" მოძრაობის" აქტივისტი ბაქარ ყორშია, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ტრაგედია ფესტივალზე
"აი, ეს გოგო, ეს ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო, არის ჩემი და, ჩემი იმედი. ასე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრება?!" - სოციალურ ქსელში ასეთ მინაწერს უკეთებს 22 წლის ნათია თავართქილაძის ფოტოს მისი და, მარიამი. თავად გარდაცვლილი გოგონას ფეისბუკგვერდზეც უამრავ ტკივილიან კომენტარს ნახავთ, ყველა განიცდის მომხდარს. ნათია თიბისი ბანკის თანამშრომელი იყო და ფესტივალზე მეგობრებთან ერთად წავიდა. მას შემდეგ, რაც გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ის თბილისში გადმოასვენეს.
თეა ხურცილავა