"ერთ-ერთს მამა ტელეფონზე 4 დღე ვერ უკავშირდებოდა" - ახალი დეტალები ბათუმში ნაპოვნ გარდაცვლილ ახალგაზრდებზე - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთს მამა ტელეფონზე 4 დღე ვერ უკავშირდებოდა" - ახალი დეტალები ბათუმში ნაპოვნ გარდაცვლილ ახალგაზრდებზე

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 17 -18 წლის ბიჭები არიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მათთვის უცნობია.

ლევან ფუტკარაძე, მეზობელი:

"როგორც ვიცი, მშობლები ურეკავდნენ, რომ ვერ დაუკავშირდნენ, პოლიციაში განაცხადეს, პოლიციამ რომ ვერაფერი გაიგო, დედაც და მამაც ბათუმში წამოსულან, დედას უთქვამს, მისამართი ზუსტად არ ვიცოდიო, ჯერ ერთ სახლში მივედიო, იქიდან მეორე მისამართი მომცესო, სადარბაზოში როგორც კი შევედი სუნით მივხდი, რომ ბინაში გვამები იყოვო. მერე სამაშველო სამსახური გამოუძახიათ, იმათ გაუღიათ კარები და რომ შესულან, ორი ბიჭის ცხედარი უპოვიათ. როგორც ვიცით, გარდაცვლილთაგან ერთი მარტყოფიდან იყო, ხოლო მეორე თბილისიდან".

ავთანდილ ქობულაძე, მეზობელი:

"ამბობენ, თბილისიდან იყვნენ დამსვენებლებიო. ოთხი დღის გარდაცვლილები ყოფილან, საინტერესოა მეზობლებმა როგორ ვერ შეამჩნიეს, სუნით მაინც უნდა ენახათ, ბიჭები ნაქირავებ ბინაში ყოფილან მეცხრე სართულზე. თურმე, ერთ-ერთს მამა ტელეფონზე 4 დღე ვერ უკავშირდებოდა".

იხილეთ ასევე: "შეიძლება ვიღაცასთან კონფლიქტი ჰქონოდა" - ბათუმში გარდაცვლილებიდან ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი