"ჩემი ძმა გუბეში იწვა, ნაცემი და გაუპატიურებული გადაეგდოთ. ალბათ იფიქრეს, მოკვდაო"
"ამხელა სისასტიკე ჩაიდინეს, ქათამი ხომ არ დაუკლავთ? დამნაშავეებს თუ არ დააკავებენ და ის ქალიც არ დაისჯება, ამას მე გავაკეთებ - ისევე მოვატეხ ხელ-ფეხს და კისერს, როგორც ჩემს შვილს მოსტეხეს"
"პატრულს მე შევატყობინე, პოლიცია მალე მოვიდა, 20 წუთით ადრე რომ მივსულიყავი, ასე არ აწამებდნენ და გაუპატიურებასაც გადაურჩებოდა საცოდავი. წამების ადგილზე იყვნენ ამბის შემსწრეები, სეირის მაყურებლები, მაგრამ არავის უცდია ჩარევა ან პოლიციის გამოძახება"
22 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელი ყარაჯალა საზარელი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მომსწრე გახდა.
42 წლის ნ. ნ. -ს 15-მდე თანასოფლელმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი შამპანურის ბოთლით გააუპატიურა. მოძალადეებმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის კადრები მობილური ტელეფონით გადაიღეს, შემდეგ კი ინტერნეტსივრცეში გაავრცელეს. როგორც სოფელში ამბობენ, სისასტიკის მოტივი ეჭვიანობა გახდა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
როგორც დაზარალებულის მშობლები ამბობენ, ნ. ნ-სთან რუსთავში სოფლიდან 7 კაცი ჩასულა. მას ჯერ თავში ბოთლი ჩაარტყეს, შემდეგ ყარაჯალაში ჩაიყვანეს და სოფლის ბოლოს, მინდორში გაუსწორდნენ. გამოძიებამ ცხელ კვალზე ოთხი პირი დააკავა. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ ინციდენტში მონაწილე დანარჩენი პირებიც და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მუშაობა მათ დასაკავებლად. დაზარალებულის ოჯახი ყველა დამნაშავის დაკავებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალური ზომებითა და ქალის დასჯით იმუქრებიან. რაც შეეხება 30 წლის ქალის, შ. ო-ს ოჯახს, მათი თქმით, ნ. ნ. ქალს მასთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა, უარის შემთხვევაში კი ქმრისა და ძმის მოკვლით ემუქრებოდა. ომაროვების ოჯახი სოფლიდან გაქცეულია.
ბ. ნ. დაზარალებულის დედა: "ყველანი უნდა დაიჭირონ, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა, თუ არა და, ჩვენ გავუსწორდებით იმ გოგოს. ის უწესო ქალი თვითონ იწვევდა ჩემს შვილს, ეუბნებოდა, რომ მასთან ყოფნა უნდოდა. როგორც ჩემს შვილს მოექცნენ, ისე მოვექცევით იმ არაადამიანებს. როგორც ვიცი, ქალის ქმარი, ძმა და მათი მეგობარია დაკავებული. ამხელა სისასტიკე ჩაიდინეს, ქათამი ხომ არ დაუკლავთ? ამ ქალისთვის ჩემი ვაჟი განა პირველი კაცია, მანამდე ოთხი საყვარელი გამოიცვალა. დღეს ჩემს შვილს მოკლავენ, ხვალ სხვისას და ამ ქალის გამო უნდა გაწყვიტონ სოფელი? დამნაშავეებს თუ არ დააკავებენ და ის ქალიც არ დაისჯება, ამას მე გავაკეთებ - ისევე მოვატეხ ხელ-ფეხს და კისერს, როგორც ჩემს შვილს მოსტეხეს".
ე. ა. დაშავებულის ბიძაშვილი: "42 წლისაა, მშრომელი კაცია, მანქანების ხელოსანი, ორი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს. სხვათა შორის, იმ ადამიანებთან მეგობრობდა, ვინც ასე სასტიკად მოექცნენ. ის ქალი, ვის გამოც ეს ამბავი მოხდა, 30 წლამდეა და მისთვის ჩემი ბიძაშვილი პირველი მამაკაცი არ ყოფილა. ცოფიანი და შეშლილია ის ქალი, 3-4-ჯერ გააგდეს სახლიდან და ისევ დააბრუნეს. შ.ო.-ს ქმარი და 2 შვილი ჰყავს. იმ ქალის ქმარი უგარიც მანქანის ხელოსანია. როცა ამ ქალმა გაიგო, რომ ქმარმა მის ტელეფონში სმს-ები და შემოსული ზარები ნახა, ნ.-სთან გაიქცა, ჩემმა ბიძაშვილმა კი პოლიციას დაურეკა. ქმარმა და ძმამ რუსთავში ნახეს ჩემი ბიძაშვილი, დაიჭირეს, ყარაჯალის ტყეში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს. კომაში იყო საწყალი, ფაქტობრივად, მკვდარი. ამის შემდეგ შამპანურის ბოთლით გააუპატიურეს, ცხოველებივით მოიქცნენ. 15-მდე კაცი იყო - ქალის ქმარი, ძმა, მათი ნათესავები და ძმაკაცები.
ამ ამბავში ორივე მხარე დამნაშავეა და ჩვენ, მუსლიმანებს, ყურანის მიხედვით, წესი გვაქვს ასეთი: როცა ორივე - ქალიც და მამაკაციც მრუშობს, მათ ქვებით ქოლავენ.
კანონმა თუ არ იკანონა, აქ სასტიკი ომი გაჩაღდება, აუცილებლად დაიღვრება სისხლი.
გოგოს ძმებმა დაშავებულის ძმას უჩვენეს ვიდეო და უთხრეს, აი, შენი ძმა რა დღეშია, წადი და შენს მკვდარს მიხედეო."
იმ ადგილას, სადაც ნ. ნ. აწამეს, სოფლის ნაგავსაყრელია და კანალიზაციის მილები გადის. დასისხლიანებული მომაკვდავი მამაკაცი მისმა ძმამ ჭაობიან ადგილას პირქვედამხობილი იპოვა.
გ. ნ: "მითხრეს, შენს ძმას სცემენო და შემთხვევის ადგილზე გავიქეცი. როგორც კი მივედი, დაახლოებით 5 კაცი დავინახე, რომლებიც მაშინვე მინდვრისკენ გაიქცნენ.
ჩემი ძმა გუბეში იწვა, ნაცემი და გაუპატიურებული გადაეგდოთ. ალბათ იფიქრეს, მოკვდაო. ის ადგილი, სადაც აწამეს, სისხლით იყო მორწყული, მაგრამ დღეს აღარაფერია, სისხლის კვალი წაშალეს.
ნათესავების დახმარებით მომაკვდავი მანქანაში ჩავაწვინეთ და თბილისში წავიყვანეთ, გზაში "სასწრაფოს" დავურეკე, რომელმაც ჩემი ძმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს, სამართალი უნდა აღსრულდეს. როგორც მეუბნებიან, ზოგიერთი დამნაშავე გაქცეულია, ზოგიც ისევ სოფელში დასეირნობს, რა უფლებით?! ლინჩის წესით გასწორების მომხრე არა ვარ, მინდა, ყველანი დააპატიმრონ და კანონით დაისაჯონ.
შ. ი. თვითმხილველი:
- საღამოს 8 საათი იქნებოდა, სამსახურიდან დავბრუნდი და ცოლმა მითხრა, ვიღაცას სცემენო. პატრულს მე შევატყობინე, პოლიცია მალე მოვიდა, 20 წუთით ადრე რომ მივსულიყავი, ასე არ აწამებდნენ და გაუპატიურებასაც გადაურჩებოდა საცოდავი. წამების ადგილზე იყვნენ ამბის შემსწრეები, სეირის მაყურებლები, მაგრამ არავის უცდია ჩარევა ან პოლიციის გამოძახება. კაცი კომაში იყო, როცა გამეტებით ძალადობდნენ, მანამდე წიხლებით ჩაულეწეს ძვლები. ასეთი რამ სოფელში ჯერ არ მომხდარა. ის ძალიან კარგი და კეთილი ადამიანია, სოფელში ყველას ეხმარებოდა, იაფად უკეთებდა მანქანებს, გულს არავის სწყვეტდა."
ნანა ფიცხელაური