"იმედა იყო ოჯახის გვარის ერთადერთი გამგრძელებელი" - ჩიბათის ტრაგედია - კვირის პალიტრა

"იმედა იყო ოჯახის გვარის ერთადერთი გამგრძელებელი" - ჩიბათის ტრაგედია

მსუბუქ მანქანას 27 წლის იმედა ქობულაძე მართავდა, მის გვერდით იჯდა მამამისი - ჯემალ ქობულაძე, უკან, სავარძელზე კი ჯემალის ფეხმძიმე ქალიშვილი, ასმათი მეუღლესთან, გია ბოლქვაძესთან ერთად, 5 წლის ანანო და გიას დედა. ისინი თბილისში ექიმთან გამოკვლევების ჩასატარებლად მოემგზავრებოდნენ

"ევროპაში ერთადერთი სახელმწიფო ვართ, სადაც საგზაო უსაფრთხოებაზე, ავტოსაგზაო შემთხვევებზე პასუხს არავინ აგებს"

24 აგვისტოს, გამთენიისას 5 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ ჩიბათთან შემზარავი ავარია მოხდა. ბათუმისკენ მიმავალ ტრაილერს მოულოდნელად მისაბმელი მოსწყდა და საპირისპირო მხარეს მიმავალ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავტომანქანაში 6 მგზავრი იყო, 5 გარდაიცვალა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, ერთი კი მრავლობითი მოტეხილობებით ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტრაილერი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდიოდა. მისი მძღოლი, რომელიც ყაზახეთის მოქალაქეა, დაკავებულია.

მსუბუქ მანქანას 27 წლის იმედა ქობულაძე მართავდა, მის გვერდით იჯდა მამამისი - ჯემალ ქობულაძე, უკან, სავარძელზე კი ჯემალის ფეხმძიმე ქალიშვილი, ასმათი მეუღლესთან, გია ბოლქვაძესთან ერთად, 5 წლის ანანო და გიას დედა. ისინი თბილისში ექიმთან გამოკვლევების ჩასატარებლად მოემგზავრებოდნენ.

თვითმხილველნი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას იხსენებენ, რომ ავარიის შემდეგ მსუბუქ ავტომანქანას სახურავი, ფაქტობრივად, ახსნილი ჰქონდა. სწორედ ამ ადგილას მჯდარა ჯემალ ქობულაძე, რომელიც ამჟამად ბათუმის საავადმყოფოშია, დანარჩენები დაიღუპნენ.

გარდაცვლილები ბათუმელები იყვნენ. გიასა და ასმათს ორი გოგონა დარჩათ - 7 წლის და 9 თვის, ანანო მათი შუათანა შვილი იყო.

ჯემალ ქობულაძეს ტრაგედიის შესახებ ჯერ არაფერს ეუბნებიან. ოჯახის ახლობლის თქმით, ჯემალს 8 თვის წინ და გარდაეცვალა, 2 კვირის წინ - მეორე და და მათი ობლები ჯემალ ქობულაძის ოჯახში იზრდებოდნენ.

"მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰქონდათ და უჭირდათ. იმედა იყო ოჯახის გვარის ერთადერთი გამგრძელებელი. ცოტა ხნის წინ მიწის ნაკვეთი გაყიდეს და სახლის მეორე სართული გაარემონტეს, იმედას ქორწილისთვის ემზადებოდნენ. ვინ იფიქრებდა, ამხელა ტრაგედია რომ დატრიალდებოდა"," - გვითხრა ოჯახის ნათესავმა. "

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე: - ევროპაში ერთადერთი სახელმწიფო ვართ, სადაც საგზაო უსაფრთხოებაზე, ავტოსაგზაო შემთხვევებზე პასუხს არავინ აგებს.

მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა რეკომენდაცია მოგვცეს, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება შეგვექმნა. საზღვარგარეთ ამ მისიას ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრო ითავსებს.

- საპატრულო პოლიცია რას აკეთებს?

- საპატრულო პოლიცია რეაგირებს უკვე შედეგზე, ანუ მაშინ, როდესაც უკვე მოხდა ავარია, დაიღუპა ან დაშავდა მგზავრი, უკვე იჯდა ნასვამი საჭესთან, უკვე გადააჭარბა სიჩქარეს და ა.შ. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან გახშირებული სატრანსპორტო შემთხვევები, არავინ იცის. პოლიტიკა ამ მიმართულებით არ არსებობს.

ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზები კომბინირებულია, შეიძლება იყოს - გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მძღოლის ფაქტორი, არაეფექტიანი ადმინისტრირება და ა.შ. საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები არ არსებობს როგორც ადგილობრივი, ისე ტრანზიტული სატვირთო მანქანებისთვის.

ჩვენი საზღვრის გადმოკვეთა შეუძლია ნებისმიერ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას. არ მოწმდება მათი ტექნიკური გამართულობა, მაშინ, როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში, ტექდათვალიერების გარდა, დიდ ყურადღებას აქცევენ ავტომანქანის ასაკსაც და ზღვარიც აქვთ დაწესებული, რომელსაც თუ არ აკმაყოფილებ, მათ საზღვარს ვერ გადაკვეთ.

წესით და კანონით, სატვირთო ავტომანქანებს წელიწადში ორჯერ უნდა ჩაუტარდეს ტექნიკური ინსპექტირება. ხშირად დაინახავთ ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ვერ უნდა გადიოდნენ ტექინსპექტირებას - ზოგი შავ კვამლს უშვებს, არემარეს წამლავს და სხვა ავტომანქანებს ხილვადობის პრობლემას უქმნის. ზოგი 40-50 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ვერ ავითარებს, მათი ღოღვა ავტობანზე კიდევ ერთი დაბრკოლებაა სხვა მძღოლებისთვის.

ჩვენ შევისწავლეთ ქვეყანაში არსებული სატვირთო ავტომანქანების ტექდათვალიერების საკითხები. კანონით, ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული 130 სატრანსპორტო საშუალება უნდა გადიოდეს სავალდებულო ტექინსპექტირებას (სატვირთოები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი), თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, 20% თუ გადის. გვსმენია, რომ

სატრანსპორტო საშუალებების ერთი ნაწილის ტექდათვალიერების დამადასტურებელი ფირნიშები ყალბია.

სავარაუდოდ, ამ საქმეში ჩართულია ორგანიზებული ჯგუფი. როგორც ჩემთვის ცნობილია, არაერთმა პირმა თუ ორგანიზაციამ მიმართა შესაბამის უწყებებს ამ საკითხის გამოსაძიებლად. ეს კიდევ ერთი ფაქტია იმისა, რომ ქვეყანაში ადმინისტრირება არ არის თავის სიმაღლეზე. არსებობს სატვირთო ავტომანქანების მძღოლების კიდევ ერთი კატეგორია, ისინი კორუფციული გზით გადიან ვითომ ტექდათვალიერებას.

- კარგი იქნება, ვიცოდეთ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.

- პასუხისმგებელი არავინაა, იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც ამ და სხვა დარღვევებზე პასუხს აგებს.

- რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის შესაცვლელად?

- უპირველესად საჭიროა ყველა სახის სატვირთო ავტომანქანის, მათ შორის ტრაილერების, ტექდათვალიერება კორუფციული გარიგებებისა და გაყალბების გარეშე.

სხვათა შორის, მისაბმელი სატრანსპორტო საშუალების ან ტრაილერების მართვა საქართველოში არ ისწავლება, მხოლოდ თეორიას ასწავლიან.

ეკა სალაღაია