დეკანოზი სასამართლომ დამნაშავედ სცნო - რამდენწლიანი პატიმრობა მიესაჯა გიორგი მამალაძეს? - კვირის პალიტრა

დეკანოზი სასამართლომ დამნაშავედ სცნო - რამდენწლიანი პატიმრობა მიესაჯა გიორგი მამალაძეს?

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დანმაშავედ სცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება დაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს. დეკანოზს პროკურატურა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

მოგვიანებით, ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვები დაიხურა, მიზეზად კი პროკურატურამ იმით დაასაბუთა, რომ საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც როგორც ბრალდებული მამა გიორგის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ხშირ შემთხვევაში ინტიმურ დეტალებს შეიცავდა.

იხილეთ ასევე: "სასულიერო პირი თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა" - როგორ ეხმაურებიან ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენს?