"სასულიერო პირი თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა" - როგორ ეხმაურებიან ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენს? - კვირის პალიტრა

"სასულიერო პირი თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა" - როგორ ეხმაურებიან ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენს?

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ, ასევე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა უფრო დაბალი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გადაწყვეტილებას დეკანოზის ძმა, ადვოკატი და სასულიერო პირები გამოეხმაურნენ.

გიორგი ფანცულაია, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი:

"დღეს ბესიკ ბუგიანიშვილმა, ქართული მართლმსაჯულება ანგარებით გააუპატიურა"

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე:

"არ ვიცით, რა შეფასება უნდა გავაკეთოთ, რადგან გამოძიებაში ასე ჩართული არ ვიყავით. ალბათ, რაღაცა ბრალეულობა იყო. უსაფუძვლოდ ხომ არ სცნობდა?! რაღაცა შეიძლება იყო. ვერ გეტყვით, მიჭირს კომენტარის გაკეთება"

თორნიკე მამალაძე, დეკანოზის ძმა:

"ბუგიანიშვილი არის "ქართული ოცნების" მონა. ესენი არიან არაკაცები"

დედა თამარი, მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი:

"სასულიერო პირი, რომელიც თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა - რა მოლოდინი უნდა მქონოდა სხვა? უბრალოდ რაღაც ძალიან პატარა იმედი მქონდა, გუშინდელი დღის მერე, რომ მოსამართლე დაფიქრდებოდა ამ ყველაფერზე. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, რომ მოძღვარმა არ მოინახულოს თავისი სულიერი შვილი. მეუფე დიმიტრი აუცილებლად აქ უნდა ყოფილიყო, ახლა და მანამდეც უნდა მოენახულებინა"

მღვდელმონაზონი ანდრია:

"ეს არის სამარცხვინო განაჩენი. ეს განაჩენი იქნება სამარცხვინო მართლმსაჯულებისთვის. ერთი რამ არის დასაფიქრებელი, რომ შორენას, ვინც ხელქვეითები ჰყავს, მათი ერთობლივი იდეა იქნებოდა, რომ მამა გიორგი არ ყოფილიყო თავისუფლებაში"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით