კიევში მოკლული რუსლან პაპასკირის ქართული კავშირები - ლაფანყური, პატარკაციშვილი, "მასტერა..." - კვირის პალიტრა

კიევში მოკლული რუსლან პაპასკირის ქართული კავშირები - ლაფანყური, პატარკაციშვილი, "მასტერა..."

უკრაინაში, კიევში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც საქართველოს მოქალაქე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური ემსხვერპლა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განუცხადა.

"ეს ამბავი მოხდა ფაქტობრივად 2 საათის წინ. საუბარია საქართველოს მოქალაქეზე და მანქანასაც გააჩნია ქართული ნომრები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანაში იმყოფებოდნენ ასევე ქალი და ბავშვი და ისინი ცოცხლები არიან. მომხდარს უკვე მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. მოცემულ ეტაპზე ეს არის სრული ინფორმაცია, რისი თქმაც შემიძლია. ეს ადამიანი არის ეროვნებით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე. საელჩოს საკონსულო განყოფილებას დამატებით თხოვნით არავის მიუმართავს გადმოსვენებაზე ან რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით. უკრაინელ სამართალდამცველებთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით", - განაცხადა გელა დუმბაძემ.

რუსლან პაპასკირი 2012 წლის ნოემბერში თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს. გთავაზობთ ამონარიდებს "კვირის პალიტრის არქივიდან".

მახაურის სახელმა ლაფანყურის ოპერაციის საქმეშიც გაიჟღერა. როგორც ქისტები პირად საუბრებში ამბობდნენ, მეომრების რეკრუტირებასა და მომზადებაში ზელიმხან ხანგოშვილის - "დიშნას" გარდა, "ზონაც" (იგივე "ზოონი") იყო ჩართული.

ამასთან, "ზოონის" სახელი ფიგურირებდა სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, გია დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქმეშიც".

2007 წელს ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ იმდროინდელ ხელისულებას მოსვენება დაუკარგა. ქართველმა სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ აბეზარი ბიზნესმენი. საქმეში გარკვევა და ბოლომდე მიყვანა, ამჯერადაც "მასტერას" მიანდეს. მან მსგავსი საქმეების უბადლო ოსტატი უვაის ახმადოვი გაიხსენა. ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ.

ცხრა ძმა ახმადოვს ჩეჩნეთში ყველა იცნობდა. ომის დროს საველე მეთაურები იყვნენ, მშვიდობიანობის დროს კი ადამიანების გატაცებაში ბადალი არ ჰყავდათ. დადიოდა ლეგენდები, რომ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეტაცებინათ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი. ომსა და კრიმინალურ გარჩევებს ცოცხალი ორი ძმა გადაურჩა. ისინი 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ მშვიდად აგრძელებდნენ ჩვეულ საქმიანობას.

"მასტერა"-ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა კიდეც პატარკაციშვილის კილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი ("ზონა") უნდა ყოფილიყო, რომელიც მაშინ სტამბოლში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა. შესაჯერებელი იყო მკვლელობის დეტალები, აჯობებდა, მკვლელობა ჰაერში მომხდარიყო. თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა... (იხილეთ: ამბავი "მასტერას" უხეირობისა)

ნინო ბურჭულაძე, "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი:

"რუსლან პაპასკირის - "ზოონის" ნამდვილი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია, რადგან სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს და გვარს ატარებდა. ის ჩეჩნეთიდან თბილისში 2005-2006 წლებში გამოჩნდა. ძირითადად საქმიანობდა თბილისში. 2010 წელს, ვაჟა-ფშაველაზე, საცხოვრებელ სახლთან ხელყუმბარა აუფეთქეს და დაშავდა. ამ ინციდენტის მიზეზად თავის დროზე, შიდა კლანური გარჩევები დასახელდა იმიტომ, რომ რუსლან პაპასკირი გარკვეულ ჩეჩნურ წრეებში საკმაოდ გავლენიან პირად მიიჩნეოდა.

მოგვიანებით, 2012 წლის ნოემბერში ის დაკავეს სტამბოლში, ბრალად ედებოდა გავლენიანი ჩეჩენი სულიერი ლიდერის მკვლელობა, ის იჯდა კიდევაც სტამბოლის ციხეში. ბრალდების ვერ დამტკიცების გამო, 2016 წლის ზაფხულში ციხიდან გამოუშვეს. ის პირდაპირ უკრაინაში წავიდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელ მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძესთან. პაპასკირი უკრაინაში ძირითადად ჩეჩნურ დიასპორაში ტრიალებდა.

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი:

"რუსლან პაპასკირი, იგივე ჩეჩენი ალი დაბუევი ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო ე.წ. ლაფანყურის პროცესისა. მას საქართველოში ის ახალგაზრდები ჩამოჰყავდა, რომლებმაც შემდგომში, სამწუხაროდ, ლაფანყურის ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა და დაიღუპნენ.

ის თანამშრომლობდა საქართველოს იმჟამინდელ სპეცსამსახურებთან, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ამავდროულად იყო რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, რაც ასე დადგინდა: ლაფანყურის სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ, ის გაიქცა თურქეთში, სადაც ადგილობრივი ჩეჩნური დიასპორის რამდენიმე წარმომადგენლის მკვლელობაში მონაწილეობისთვის დააკავეს. იმ ადამიანების მკვლელობისთვის, რომლებიც დუდაევის ფრთას, ანუ ახმედ ზაკაევის მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ".

იხილეთ ასევე: არის თუ არა კიევში დაკავებული თემურ მახაური ეფ-ეს-ბეს კილერი და რა აკავშირებს მას ლაფანყურის სპეცოპერაციასთან?!

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი:
"ზოონი", იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე ჩეჩენი ალი დაბუევი ძალიან ცნობილი პიროვნებაა. ის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო ე.წ. ლაფანყურის პროცესისა. მას საქართველოში ის ახალგაზრდები ჩამოჰყავდა, რომლებმაც შემდგომში, სამწუხაროდ, ლაფანყურის ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა და დაიღუპნენ.

"ზოონი" თანამშრომლობდა საქართველოს იმჟამინდელ სპეცსამსახურებთან, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ის იყო რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, რაც ასე დადგინდა: ლაფანყურის სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ, ის გაიქცა თურქეთში, სადაც ადგილობრივი ჩეჩნური დიასპორის რამდენიმე წარმომადგენლის მკვლელობაში მონაწილეობისთვის დააკავეს. იმ ადამიანების მკვლელობისთვის, რომლებიც დუდაევის ფრთას, ანუ ახმედ ზაკაევის მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ. ვიდეოთვალმა დააფიქსირა "ზოონის" უშუალო მონაწილეობა ამ საქმეში. უფრო ადრე, 2010 წელს, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე "ზოონის" საცხოვრებელ სახლზე მისი ლიკვიდაციის მიზნით განხორციელდა თავდასხმა. იმჟამინდელი ქართული სპეცსამსახურების პოზიცია იყო ასეთი, რომ მისი მოკვლა უნდოდათ ჩეჩნებს. ეს პიროვნება იჯდა თურქეთის ციხეში, როგორც ეფ-ეს-ბეს თანამშრომელი.

fb
რაც შეეხება თვითონ იმ პიროვნებას, რომელიც უკრაინაში თემურ მახაურის სახელით დააკავეს, მახაურების გვარი, ხევშიც არის და მთიულეთშიც, მისი ერთ - ერთი შტო კი ჩეჩნეთში გადასახლდა და ეროვნება შეიცვალა. ამ გვარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში, მათ შორის იყო ორი ძმა -  საველე მეთაურები, ორივე დაიღუპა.