"თუ "ზოონი" სააკაშვილის ხალხის დავალებებს ასრულებდა, მაშინ..." - ახალი ვერსია მახაურის მკვლელობის საქმეში?! - კვირის პალიტრა

"თუ "ზოონი" სააკაშვილის ხალხის დავალებებს ასრულებდა, მაშინ..." - ახალი ვერსია მახაურის მკვლელობის საქმეში?!

8 სექტემბერს, კიევში, ერთ-ერთ მთავარ მოედანზე წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური, ზედმეტსახელად "ზოონი" ავტომობილში ააფეთქეს. შედეგად პაპასკირი ადგილზე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომმა ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო ხოლო მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გადარჩა.

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გელა დუმბაძის ინფორმაციით, მომხდარს უკვე მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია.

მომხდარზე წერს რუსული Комсомольская правда, სათაურით "კიევში "საქართველოს პატრიოტი" ააფეთქეს, რომელიც დონბასში იბრძოდა".

თემურ მახაურის ავტომანქანა ქართულ ნომრებიანი იყო, ხოლო მასში მჯდომი ქალბატონი და ბავშვი - სავარაუდოდ, მისი ცოლ-შვილი", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ივანე გრაჩევი), რომელშიც დაღუპულის ბიოგრაფიული მონაცემებზეა საუბარი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ დღემდე გაურკვეველია, თუ რატომ გაათავისუფლა თურქულმა სასამართლომ თემურ მახაური პატიმრობიდან და რატომ ჩავიდა იგი საქართველოში. ამბობენ, რომ თემურ მახაური რუსეთის სპეცსამსახურების ფარული აგენტი იყო და მის დავალებებს ასრულებდაო, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, განა უკრაინაში იგი მშვიდად იცხოვრებდა? მას ხომ უკრაინის დაზვერვა იმწუთში დაიჭერდა - რუსეთის აგენტის "გამომჟღავნების" მიზნით.

"მაშ ვისი აგენტი იყო, ბოლოსდაბოლოს, თემურ მახაური? შესაძლოა, ამას ნათელი მოჰფინოს მის ბიოგრაფიაში არსებულმა კიდევ ერთმა გახმაურებულმა ფაქტმა: 2012 წელს ქართული სპეცსამსახურები ლოპოტის ხეობაში აღმოჩენილ ჩეჩენ ბოევიკების რაზმს დაედევნენ, რომელიც დაღესტანში გადასვლას ცდილობდა. თემურ მახაური ამ რაზმში იყო. ჰოდა, სწორედ იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ამბობდა, რომ თემურ მახაური ტერორისტი და რუსეთის "ფეესბეს" აგენტი კი არაა, არამედ საქართველოს პატრიოტიაო". სხვათა შორის გიორგი ლორთქიფანიძე მოგვიანებით ოდესის პოლიციის შეფი გახდება, სადაც გუბერნატორად საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მუშაობდა.

არაა გამორიცხული, რომ თემურ მახაური ჩვეულებრივი კრიმინალური დაჯგუფების წევრს წარმოადგენდა და მას ერთდროულად კავშირები ჰქონდა როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე ჩეჩენ სეპარატისტებთან. ფაქტია, რომ საქართველოს "ნაციონალური" ხელისუფლება თემურ მახაურს წყალობდა. მისი ისტორიები თითქოსდა ჩეჩენი ტერორისტების გაუვნებელყოფაზე თურქეთში და შამილ ბასაევის მოკვლაზე მხოლოდ ლამაზი ზღაპრებია. ისიც შეიძლება, რომ იგი ბანალურ კრიმინალურ გარჩევებში იყო ჩართული და მისი მანქანა მგზავრებიანად სწორედ ბანდიტური გარჩევების შედეგად ააფეთქეს.

თუმცა გაჩნდა ახალი ვერსიაც: უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოშორებას ცდილობს და მას ქვეყანაში არ უშვებს. კიევს ასევე უნდა ექს-პრეზიდენტის გარემოცვის თავიდან მოშორებაც, რომლებიც უკრაინაში ბოლო წლებში მოგროვდა. თუ თემურ მახაური მიხეილ სააკაშვილის ხალხის დელიკატურ დავალებებს ასრულებდა, მაშინ მის ლიკვიდაციაში შეიძლება უკრაინის სპეცსამსახურებიც არიან ჩარეულნი", - წერს გამოცემა. (წყარო)

იხილეთ ასევე: კიევში მოკლული რუსლან პაპასკირის ქართული კავშირები - ლაფანყური, პატარკაციშვილი, "მასტერა..."

თარგმნა სიმონ კილაძემ