"ერთი ვერსიით, ის სააკაშვილის ერთგული იყო და უკრაინის სპეცსამსახურებმა მოიშორეს" - კვირის პალიტრა

"ერთი ვერსიით, ის სააკაშვილის ერთგული იყო და უკრაინის სპეცსამსახურებმა მოიშორეს"

8 სექტემბერს კიევში, ბასარაბსკის მოედანზე, ქართული სანომრე ნიშნიანი ავტომანქანა ააფეთქეს. დაიღუპა ეროვნებით ჩეჩენი ალი დაბუევი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო და სხვადასხვა დროს თემურ მახაურისა და რუსლან პაპასკირის გვარ-სახელებით იყო ცნობილი.

მას მეტსახელიც ჰქონდა - "ზოონი". გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად მანქანაში ახალგაზრდა ქალი და მისი შვილი ისხდნენ. ქალი მძიმედ დაშავდა, ბავშვის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრაში"გამოქვეყნებული სტატიიდან:

"თემურ მახაური კრიმინალურ წრეებში ცნობილია. მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ჩეჩნურ წრეებთან. წელს ის უკრაინაშიც იყო დაპატიმრებული, მაგრამ საპროცესო გარიგების საფუძველზე გათავისუფლდა. ბრალად ედებოდა იარაღის უკანონოდ შენახვა. სასამართლოში დანაშაული აღიარა და 5-წლიანი პატიმრობა შეეცვალა სამი წლით. მაშინ მისი თანდასწრებით ამოიღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც ეწერა, რომ ის შეიხ მანსურის ბატალიონის წევრი იყო", - განაცხადა უკრაინის შს წარმომადგენელმა შევჩენკომ. მომხდარს ძალოვნებმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და საქმეს უკრაინის უშიშროება იძიებს.

ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ რუსლან პაპასკირს იცნობდა.

- პაპასკირი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, კომუნიკაბელური, კარგი იუმორის მქონე. სამჯერ შევხვდი. ერთხელ ძალიან გულახდილი იყო, სხვა შეხვედრების დროს კი ოფიციალური. როცა ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის საბუთი მაჩვენა, მომეჩვენა, რომ ეს შთაბეჭდილების მოსახდენად გააკეთა. ვფიქრობ, რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურებთან ერთდროულად თანამშრომლობდა.

- მომხდარზე რა ვერსია გაქვთ?

- ვერსია შეიძლება ბევრი იყოს, მათ შორის ის, რომ უკვე აღარ სჭირდებოდათ რუსულ სპეცსამსახურებს, რადგან უზარმაზარ ინფორმაციას ფლობდა და მოიშორეს. არც ის არის გამორიცხული, რომ ფულის შოვნა მოინდომა და შანტაჟი დაიწყო. მეორე ვერსიით, ის სააკაშვილის ერთგული იყო და უკრაინის სპეცსამსახურებმა მოიშორეს. ის ასევე მეგობრობდა გია ლორთქიფანიძესა და სააკაშვილის გარემოცვასთან და უკრაინაში ძალიან აქტიურობდა... მესამე ვერსიით, შეიძლება თავად ჩეჩნებმა მოკლეს, რადგან გაიშიფრა, რომ რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია.

მე უკრაინელებს ვკითხე კიდეც, - დარწმუნებული ხართ, რომ მანქანაში ნამდვილად თემურ მახაური იჯდა-მეთქი? ესეც მეეჭვება, საბუთები რომ იქ იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მანქანაში იჯდა. შეიძლება მოაწყო საკუთარი თავის მკვლელობის იმიტაცია. სანამ არ მოხდება გვამის იდენტიფიცირება, მანამდე ვერაფერს ვიტყვი. ბოლო დროს მახაურის გვარით დადიოდა, მახაური ქართული წარმომავლობის გვარია და ჩეჩნეთში არსებობს. მეთაურებიც იყვნენ ძმები მახაურები. ვფიქრობ, ეს გვარი სპეციალურად აიღო და ამით მის ჩეჩნურ-ქართულ წარმომავლობას გაუსვა ხაზი.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია