არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელმაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავი მოიკლა, თანამზრახველი ჰყავდა - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელმაც "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავი მოიკლა, თანამზრახველი ჰყავდა

ცოტა ხნის წინ, წერეთლის გამზირზე საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მიზნით, ფილიალში შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა.

შსს-ს პრესსამსახურის უფროსის ინფორმაციით, განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთნახევარში შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდა პოლიცია.

"შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწეყბა, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა, შენობიდან ჯერ არ გამოუსვენებიათ.

გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცია.

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც ცნობილია, წერეთლის გამზირზე რამდენიმე საათის წინ "თიბისი ბანკის" დაყაჩაღებაც სცადეს. პოლიციისთვის ამ დროისთვის დაუდგენელი პირები ბანკში დაახლოებით 14:00 საათზე შეიჭრნენ. ბოროტმოქმედებმა ბანკიდან რაიმე თანხის წაღება ვერ მოახერხეს.

არის თუ არა კავშირი "თიბისი ბანკის" დაყაჩაღების მცდელობასა და ამავე გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობას შორის, ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"