"ეზოს სათავსოდან თოფი აუღია, ჯერ მამისთვის უსვრია და მერე დედას დადარაჯებია" - კვირის პალიტრა

"ეზოს სათავსოდან თოფი აუღია, ჯერ მამისთვის უსვრია და მერე დედას დადარაჯებია"

17 სექტემბერს ტრაგედია დატრიალდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში. 44 წლის გ.გ-მ სანადირო თოფიდან გასროლით სამოცდაათს მიღწეული მშობლები სასიკვდილოდ დაჭრა. სამწუხაროდ, მამა ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე გამოძიება მე-11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარის დეტალებზე სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები გვესაუბრება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- პატიოსანი, მშრომელი და სამაგალითო ოჯახი ამ უბედურებამ წელში გაწყვიტა. და არა მხოლოდ იმის სიბრალულით, ვინც გარდაიცვალა, არამედ თავად ამ ბიჭისაც. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არადა, ამ კაცის მშობლებთან ჩხუბის შესახებ სოფელს არასოდეს არაფერი

შეუტყვია. გონზე ვერ მოვდივართ, როგორ უნდა მომხდარიყო ეს ამბავი.

- თუმცა, მსგავს უბედურებებს ყოველთვის აქვს საფუძველი...

- ამ ოჯახს საფუძველი მაშინ შეერყა, როცა გ.გ-მ სმა დაიწყო. მშრომელი და პატიოსანი ადამიანი უკან-უკან წავიდა. ეს კაცი უვარგისი რომ ყოფილიყო, ისეთი ოჯახი არ ეყოლებოდა, როგორიც დღეს ჰყავს, - კარგი მეუღლე და ორი საუკეთესო შვილი, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან. ბიჭი თავიდან ცოლ-შვილს არაფერს აკლებდა, მაგრამ ვითარება მაშინ გამწვავდა, როცა სმა დაიწყო. ეს მშრომელი კაცი ლოთად იქცა. რომ დალევდა, ცოლზე სასტიკად ეჭვიანობდა და სულ ეჩხუბებოდა. არადა, ცოლზე საეჭვიანო ნამდვილად არაფერი აქვს, მაგრამ ეჭვიანობა ფსიქიკურ აშლილობაში გადაუვიდა. იმ პერიოდში საგულდაგულოდ დაუჯერა ექიმებს, იმკურნალა და უცნაურმა გამოვლინებებმაც გაუარა. საკუთარი ბაღ-ვენახის მოვლა დაიწყო, თავდაუზოგავად მუშაობდა...

თუმცა, ბოლო დროს ისევ სმა და ცოლთან ჩხუბი დაიწყო. ამიტომ სოფელიც ერიდებოდა, სუფრასთან აღარ ეპატიჟებოდნენ, - არ დალიოსო. ამაზე გვიჯავრდებოდა, - მე რატომ მტოვებთ, რატომ არ მეძახითო... მაგრამ უბედურება ნასვამმა კი არა ფხიზელმა დაატრიალა, - დილით ვენახში გასულა სამუშაოდ, შინ დაბრუნებულს სახლში დედ-მამა დახვედრია და იმათთვის უთქვამს, - რაღაც ცუდად ვარ, ხონში წამიყვანეთ ექიმთანო. საბრალო დედამისიც მეზობლის დასაძახებლად გავიდა, - იქნებ მანქანით რაც შეიძლება ჩქარა წამაყვანინოს შვილი ექიმთანო. შინ დაბრუნებულს შვილმა კარშივე ესროლა. სანამ დედა მეზობელთან იყო გადასული, - ეს ამდგარა, ეზოს სათავსოდან თოფი აუღია და ჯერ მამისთვის უსვრია და მერე დედას დადარაჯებია. დასახმარებლად მისულ მეზობლებს საშინელი სურათი დახვდათ...

- მეზობლებს ეს ამბავი ვინ შეატყობინა?

- თვითონვე. როგორც ჩანს, სისხლმა გამოაფხიზლა და ყვირილი დაიწყო, მიშველეთო, მეზობლები რომ მიცვივდნენ, დაჭრილი დათვივით ბღაოდა. ვერ გააჩერეს, უკვე ხვდებოდა, რაც ჩაიდინა. სასწრაფო რომ მოვიდა, გ.გ-ს მამა ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ დედა სუნთქავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტყვიას მუცელში, ისეთ ადგილებში ჰქონდა გავლილი, რომ ოპერაცია შესაძლებელი აღმოჩნდა. ახლა ეს ქალბატონი რეანიმაციაშია და იქნებ გადარჩეს.

- გასაკვირია, რომ ამ სიტუაციაში ოჯახში იარაღი ასე ხელმისაწვდომი იყო...

- მაგას ვინ იფიქრებდა, რომ ეს უბედურება მოხდებოდა! ამ კაცს მთელი სოფელი ვიცნობდით და მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე არ ჩანდა, რომ ვინმეს მის ქმედებაში ეჭვი შეეტანა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)