"გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა" - რას ამბობს "გორგიას" მფლობელის ექსმეუღლე და რას - მილიონერზე "ნადირობაში" ბრალდებული?
12 ოქტომბრის ღამეს, წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა - სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფი აიყვანეს. მათი ინფორმაციით, ვასილ ვასილიადი, თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე და დავით ფოცხიშვილი სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" მფლობელის, გია გორგოშაძის გატაცებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა იმავე ღამით, პარალელურად ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ბინა გაჩხრიკეს, საიდანაც კომპიუტერი და მობილური ტელეფონები ამოიღეს. გამტაცებლებს გამოსასყიდის სახით ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარი უნდა მოეთხოვათ. მომხდარზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე დაკავებულებიდან ორს იცნობდა. დარსალიას ყოფილ მეუღლესთან წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვს - 2013 წელს პროკურატურაში უჩივლა და ქონების ნაწილს სთხოვს. დარსალია ამტკიცებდა, რომ გორგოშაძემ ბიზნესი მისი ფულით დაიწყო, განქორწინების შემდეგ კი წილი არ მისცა.
დგებუაძისა და ვასილიადის ადვოკატის, ზურაბ მამულაშვილის თქმით: "პროკურატურა ამახვილებდა ყურადღებას, რომ ბრალდებულები ბიზნესმენის მძევლად აყვანის მომენტში პოლიციელებისთვის სროლას აპირებდნენ. თუმცა, როცა სპეცრაზმი მივიდა, მათ არაფერი უღონიათ. სადავოა, რამდენად ავთენტურია ვიდეომასალა, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა, მასზე ჩვენ ვერც ერთი ბრალდებული ვერ ამოვიცანით".
ჩვენთვის კულუარულად გახდა ცნობილი, რომ ვიდეომასალაში, სადაც ბრალდებულები გატაცების გეგმას ამუშავებენ, ახსენებენ სახელებს: ნინო და ლალი... ისიც შევიტყვეთ, რომ გამოძიება მუშაობდა ანგარიშსწორების ვერსიაზეც, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენის გატაცება ნინო დარსალიამ შეუკვეთა და საქმეში ჩართო მეგობარი ქალი ლალი ე.
ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაკავებისთანავე პოლიციას ჩვენება მისცა და უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატი დაენიშნა, გამოიყენა დუმილის უფლება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ბრალდებულმა ჩვენებაში მიუთითა, რომ ფულის გამოძალვის მიზნით მათ ბიზნესმენის გატაცება შეუკვეთეს. მისი ჩვენებიდან ისიც გაირკვა, რომ ოთხეული შემკვეთის გადაგდებას - მხოლოდ 500 000-ის მიცემას და ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. "გატაცება ცოლმა შეგვიკვეთა, ფული უნდოდა. გვითხრა, რომ გორგოშაძემ ჩემი ფულებით დაიწყო ბიზნესი და მერე გადამაგდო, ვუჩივლე და საქმე მიდისო" - ირკვევა ჩვენებიდან.
ნინო დარსალია, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე: - ალბათ ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ გორგოშაძემ თავიდან მომიცილოს. დაჰკითხეს თუ არა, ჩემკენ გამოიშვირა ხელი და საოცარი რამ მოიფიქრა. ამ კაცს, ჩემ გარდა, 5 ადამიანი ჰყავს თაღლითურად გადაგდებული. არაადეკვატურია, როცა საქმე ფულს ეხება.
წარმოიდგინეთ, ჩვენებაში წერდა, რომ ბოდბეში განიბანა, ჯადო მოეხსნა, გონება გაუნათდა და ბებერ ცოლს გაშორდა (5 წლით უფროსი ვარ) და პატარა "ანგელოზი", 19 წლით უმცროსი თანამშრომელი მოიყვანა ცოლად. გამომძიებელმა მითხრა, ჯადოქრობაში გდებს ბრალსო. ამის მერე არაფერს გამოვრიცხავ. მან მე არაერთხელ მომკლა...
ნანა ფიცხელაური