"ჯავშანმანქანაზე შეიძლება დამონტაჟდეს ავტომატური ყუმბარმტყორცნიც, რომლითაც შეიძლება კედელს ამოფარებული დამნაშავეების დაზიანება"
უკვე რამდენიმე საათია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები არიან გამაგრებულები.
სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, მიმდინარეობს პაციენტისთვის სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.
„პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ქალას სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით, სისხლდენით. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციოში. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება“, - განაცხადა ექიმმა.
ცოტა ხნის წინ, სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა სპეცტექნიკა შეიყვანეს. თუ რა ტიპის ტექნიკაა და რისთვის გამოიყენება, დეტალებზე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ვესაუბრეთ.
"სპეცოპერაციის ადგილზე შეყვანილია ოთხი "კობრას ტიპის" ჯავშანმანქანა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღებაშია და მისი ჯავშანი შიგ მყოფთა უსაფრთხოებას ავტომატებიდან ნასროლი ტყვიებისგან უზრუნველყოფს, რომლებითაც, სავარაუდოდ, არიან შეიარაღებული ტერორიზმში ეჭვმიტანილები.
ამ ჯავშანმანქანაზე შეიძლება ზემოდან დამონტაჟდეს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიც - 12,7 მილიმეტრკალიბრიანი, ასევე ავტომატური ყუმბარსარტმყორცნი, რომლითაც შეიძლება კორპუსის კედლის უკან ამოფარებული ეჭვმიტანილების დაზიანება. თუმცა რასაც ფოტოებზე ვხედავ, ჯავშანმანქანას ჯერ არ უყენია ყუმბარმყორცნი. ასეთი ჯავშანმანქანების გამოყენების პრაქტიკა მთელს მსოფლიოში მიღებულია იმიტომ, რომ ეს უზრუნველყოფს სპეცოპერაციაში მონაწილეთა უსაფრთხოებას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სპეცრაზმის წევრების ჩვეულებრივი იარაღი, ანუ ავტომატური იარაღის ტყვიები უძლურია გაიტანოს კორპუსის კედლები, ამიტომაც ასეთ შემთხვევაში უფრო მძიმე იარაღის გამოყენებაა მიზანშეწონილი.
საინტერესოა, თავიდანვე რატომ არ გამოიყენეს ეს ტექნიკა", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები კიდევ ერთი იერიშისთვის ემზადებიან. სპეცოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები სპეცოპერაციის ადგილიდან
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)