როგორ აღმოჩნდა "ისლამური სახელმწიფოს" ჩეჩნური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა აჰმედ ჩატაევი თბილისში? - კვირის პალიტრა

როგორ აღმოჩნდა "ისლამური სახელმწიფოს" ჩეჩნური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა აჰმედ ჩატაევი თბილისში?

თბილისში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციიდან 9 დღეში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სმსახურმა დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის ჩატარებისას დაღუპული ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მართლაც საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევია.

"ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია", - განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

მიუხედავად ამისა, მომხდარის გარშემო უამარვი კითხვაა კვლავაც უპასუხოდ დარჩენილი.

მთავარი შეკითხვა, რომელიც ამ დრომდე პასუხგაუცემელია, როგორ აღმოჩნდა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ჩეჩნური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, ბატალიონ "იარმუკის" მეთაური, 37 წლის აჰმედ ჩატაევი თბილისში?

აჰმედ ჩატაევი "ისლმაურ სახელმწიფოში"

"ვინ ან რომელმა უწყებამ მისცა ჩატაევს და სხვა ტერორისტებს თბილისში შემოსვლის უფლება? თუ ასეთი ნებართვა ბუნებაში არ არსებობდა და ამის შესახებ, საქართველოს ხელისუფლება საქმის კურსში არ იყო, როგორ მოახერხა ინტერპოლის ძებნილმა სირია-ერაყიდან საქართველოში ჩამოღწევა, თბილისის, ერთ-ერთ ხალხმრავალ უბანში დასახლება და ნაქირავებ ბინაში იმ რაოდენობის იარაღის თავმოყრა, რომ სუს-ის და შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაციას 20 საათი მოანდომეს?!"-  ამ კითხვებს "ამერიკის ხმა" სვამს.

ერთ-ერთი, ვინც ოფიციალურ ინფორმაციამდე განაცხდა, რომ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ნამდვილად ჩატაევი იყო გახლდათ  "კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტი უმარ იდიგოვი, რომელიც აცხადებდა:

"ჩატაევის ნათესავებმაც დამიდასტურეს, რომ ერთ-ერთი დაღუპული ნამდვილად აჰმედ ჩატაევია. ვინ მისცა გარანტია და შემოიყვანა საქართველოში ნამდვილად არ ვიცი. დაახლოებით, თვენახევრის წინ მან შემომითვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურდა, რაზეც შევუთვალე, რომ ეს შეუძლებელია, ძალიან სახიფათოა და ამაზე არც ეფიქრა, თუმცა, საბოლოოდ, ჩემდა გასაოცრად, ის თბილისში მაინც აღმოჩნდა. მაქვს ინფორმაცია, რომ წინა დღეებში, იმ ბინაში, ჩატაევის მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟიც იმყოფებოდნენ", - ამბობდა უმარ იდიგოვი.

აჰმედ ჩატაევის ცოლი - აინა მარგოშვილი და შვილი

"სირიასა და ერაყში ISIS-ის დამარცხების შემდეგ, რა მიზანი ამოძრავებდა, აშშ-ს მიერ "გლობალურ ტერორისტთა სიაში" მყოფ აჰმედ ჩატაევს როცა საქართველოში ჩამოსვლის გაბედული გადაწყვეტილება მიიღო?! და, რატომ მაინცდამაინც საქართველო?

ექსპერტების აზრით, ამ არაორდინალური ნაბიჯის ახსნა ორი ფაქტორით შეიძლება: პირველი - ჩატაევს საქართველოში ოჯახი ჰყავდა და მეორე - იგი წლების მანძილზე, საქართველოს სპეცსამსახურის ოპერატიული აგენტი იყო, საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა მინიჭებული (ამ ინფორმაციას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი სესიაშვილიც ადასტურებს) და შეეძლო ძველი კავშირებით ესარგებლა.

საქართველოს სპეცსამსახურებმა 30 წლის აჰმედ ჩატაევი 2010 წელს, გადმოიბირეს, როცა მას უკრაინიდან რუსეთში დეპორტირება და ხანგრძლივი სასჯელი ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შემდეგ ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ 2016 წელს აღიარა, რომ ჩატაევის გადმობირების ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა.

ჩატაევი ლაფანყურის ბურუსით მოცული მოვლენების დროს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რა დროსაც, შსს–ს სპეცრაზმელები არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, ასევე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ.

2012 წლის გაზაფხულიდან, ქართული სპეცსამსახურების დავალებით, სხვადასხვა ქვეყნებიდან (მათ შორის ავსტრიიდან) ჩეჩენი და სხვა ჩრდილოკავკასიელი მებრძოლებისა და მოხალისეების საქართველოში საიდუმლო ჩამოყვანასა და გამალებულ წვრთნას სწორედ "ცალხელა აჰმედა" კურირებდა". (წყარო)