"ავთანდილ ჩიხლაძე, ცოლთან ერთად, 10 წლის ვაჟის თვალწინ მოკლეს" - "კვეჟოვიჩის" ვენდეტა
მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად "კვეჟოვიჩი" დააკავეს.
"როსბალტის" ინფორმაციით, 2014 წელს ჩიხლაძეს ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდის დავით მელქაძის ("დათო ფოთისკი") მკვლელობის ბრალდებით ეძებდნენ, თუმცა ამ მკვლელობაზე ბრალი საკუთარ თავზე სხვა პირმა აიღო.
ვინ არის "კვეჟოვიჩი"?!
33 წლის გურამ ჩიხლაძე 2001 წლიდან რუსეთის მოქალაქეა, თუმცა მოულოდნელად რუსმა სამართლადამცავებმა ეჭვი შეიტანეს, რომ მას, თავის დროზე, პასპორტი კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული - ჩამოართვეს მოქალაქეობა და პასპორტიც. "როსბლატის" წყარო ამბობს, რომ სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს, რომ 2018 წელს მოსკოვი გაწმინდონ კრიმინალებისგან და "კანონიერი ქურდი" ჩიხლაძე პირველი არ არის, ვინც გისოსებს მიღმა მოხვდა და არც უკანასკნელი იქნება.
"ვფიქრობ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის, დედაქალაქში მყოფ "კანონიერ ქურდებს", სავარაუდოდ, "წითელ წიგნში" შეიყვანენ", - ამბობს სააგენტოს წყარო.
ჩიხლაძე რუსი სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2014 წელს მოექცა, როდესაც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ჩაცხრილეს ყოფილი "კანონიერი ქურდი" დავით მელქაძე. ის კილერმა მანქანის პარკირებისას მოკლა. იმჟამად პოლიციამ გადაწყვიტა, რომ მისი მკვლელობის მიზეზები უნდა ეძებნა 1994 წლის ამბებში.
გურამ ჩიხლაძე იმჟამად 10 წლის იყო, მისი მამა ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო") კი გავლენიანი "კანონიერი ქურდი" და ქუთაისის მაფიოზური კლანის ლიდერი გახლდათ. 1994 წლის გაზაფხულზე ავთანდილ ჩიხლაძე, ცოლთან ერთად, ვაჟის თვალწინ მოკლეს, დაიჭრა გურამიც. თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, მათ ოჯახის უფროსთან მცირე საუბრის შემდეგ გახსნეს ცეცხლი. გადატანილი შოკის გამო, ბიჭს არ ახსოვდა არც მომხდარის გარემოებები და არც ის ხალხი, ვინც მშობლები დაუხოცა.
სამართალდამცავებმა საქმე ვერ გახსნეს, თუმცა კრიმინალურ სამყაროშო ეს მკვლელობა მაშინვე დაუკავშირეს ავთანდილ ჩიხლაძის მეგობარს დავით მელქაძეს. მათი დაპირისპირება თავის დროზე "კანონიერ ქურდად" აღიარების პირობების გამარტივებამ გამოიწვია.
ჩიხლაძეების ვაჟი, ფაქტობრივად, იზრდებოდა ქუთაისური კლანის წარმომადგენელი "კანონიერი ქურდების" ოჯახებში. 16 წლის იყო, როდესაც უმცროსი ჩიხლაძეც "კანონიერ ქურდად" აკურთხეს. მის მხრებზე ორი ნასამართლეობაა, თუმცა უმთავრეს დანაშაულში - მელქაძის მკვლელობაში ის ბრალდებულად არ იქნა ცნობილი...
2013 - 2014 წლებში ის დაუახლოვდა ე.წ. კრიმინალურ გენერალს ედუარდ ასეტრიანს (მეტსახელად, "ასეტრინა").
რუსული მაფიის ბოსების ბოსის ასლან უსოიანიას (დედ ჰასანის) მკვლელობის შემდეგ, სწორედ ასეტრიანი აცხადებდა დაობლებული კლანის წინამძღოლობის პრეტენზიას. თუმცა მას წინ ბევრი გადაეღობა, მათ შორის "დედ ჰასანის" ახლობელი დიმიტრი ჭანტურია და გელა ქარდავა. ყველაფერი დასრულდა დიდი კრიმინალური გარჩევით, რომლის დროსაც ასეტრიანი, მისი ვაჟი და "კვეჟოვიჩი" სასტიკად სცემეს.
ჩხუბისას გურამ ჩიხლაძეს შეახსენეს, 20 წელი გავიდა მამაშენის მკვლელობიდან და ჯერაც ვერ იძიე შური, არადა ყველამ იცის ვინც მოკლაო. მელქაძე, რომელსაც უკვე ჩამორთმეული ჰქონდა ქურდის ტიტული, ჩამოშორებული იყო კრიმინალურ სამყაროს და ბიზნესში საქმინობდა, როდესაც მოკლეს.. კრიმინალურ სამყაროში "კვეჟოვიჩს" ეს სრულფასოვან ვენდეტად ჩაუთვალეს.
სამართალდამცავებმა, რა თქმა უნდა, უპირველეს ეჭვმიტანილად ჩიხლაძე მიიჩნიეს, თუმცა მან რუსეთი დატოვა და ისრაელს შეაფარა თავი. მოგვიანებით დავით მელქაძის მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო სომხური წარმოშობის ბახში პეტროსიანმა, რის მერეც ჩიხლაძე რუსეთში დაბრუნდა. ბოლო დროს ის ინარჩუნებდა კარგ ურთიერთობებს სომეხ მაფიოზებსა და "კანონიერ ქურდებთან", რომლებიც ახლობლობენ შაქრო კალაშოვთან.(წყარო)