"ჩემზე დიდი ნადირობა მიდიოდა" - ვინ არის დოდო გუგეშაშვილი?
თბილისში, დიღმის მასივში საცხოვრებელ ბინაში თავს დაესხნენ აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს გუგეშაშვილის ვაჟი, თავად ქალბატონი კი დაჭრილია. "დოდო თავისი ფეხით ჩამოვიდა მე-13-დან მე-11 სართულამდე და იქ წაიქცა, სისხლი სდიოდა, თან ყვიროდა, მიშველეთ, შვილი მომიკლესო. მაშინვე სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ", - მოუყვა ერთ-ერთი მეზობელი "ინტერპრესნიუსს".
დოდო გუგეშაშვილის სახელი საყოველთაოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორგანიზაცია "მხედრიონი" გამოვიდა ასპარეზზე. ეს იყო დრო, როდესაც ქვეყანა იმპერიისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა, თუმცა იმჟამად ჯერ არავინ იცოდა, რომ მის ნანგრევებში ყველაზე დიდი მსხვერპლით მოხვდებოდა საქართველო, რომლიდანაც თავის დახსნას ათწლეულები დასჭირდებოდა.
საზოგადოებრივ-სამხედრო ორგანიზაცია "მხედრიონი" 1989 წელს ჯაბა იოსელიანმა დააფუძნა. მისი შექმნის მთავარ მიზნად ეთნოკონფლიქტების დარეგულირება დასახელდა. იმხანად გააქტიურებული იყო ბორჩალოს ავტონომიაზე ლაპარაკი, რაც საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა...
ორგანიზაციის საყოველთაოდ ცნობილი წევრები იყვნენ: დოდო გუგეშაშვილი, გიგა არველაძე, ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე და სხვანი. "მხედრიონი"უშუალოდ მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციაში, რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდებოდა. ორგანიზაცია აგრეთვე იყო 1991 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების მონაწილე. მიუხედავად იმისა, რომ იმხანად ჯაბა იოსელიანი ციხეში იმყოფებოდა, მას დღემდე მიიჩნევენ ამ გადატრიალების ერთ-ერთ ორგანიზატორად.
ორგანიზაცია თავდაპირველად პატრიოტული მიზნებით შეიქმნა და დეკლარირებულად დემოკრატიულ მიზნებს ემსახურებოდა. "მხედრიონი" როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა 1991-1992 წლების მოვლენებში; 1992-1993 წლებში ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა საპროტესტო მოძრაობის ჩახშობასა და აფხაზეთის ომში.
სწორედ ამ დროისთვის გახდა ყველასთვის ცნობილი დოდო გუგეშაშვილის სახელიც, რომელსაც ხშირად მოიხსენიებდნენ ჯაბა იოსლიანის მარჯვენა ხელადაც.
როგორც ამბობენ, ის საკმაოდ კარგი მებრძოლი გახლდათ, საბრძოლო მეტსახელით, "მაგნოლია". ის თავის რაზმთან ერთად იბრძოდა წინა ხაზზე გაგრაშიც, ოჩამჩირეშიც, სოხუმშიც...
ჩვენს საზოგადოებაში მისი საქმიანობის შეფასება წინააღმდეგობრივია.
ის ნაწილისთვის ქვეყნის მტერია, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი მის მომხრეებს სდევნიდა, ზოგისთვის კი გმირია, რომელმაც ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას ბევრი რამ შესწირა.
მოგეხსენებათ,"მხედრიონელთა" დიდი ნაწილი შეეწირა აფხაზეთის ომს, ნაწილი კი იმ განუკითხაობას, რაც ქვეყანაში სუფევდა, ისინი ხშირად ურთიერთანგარიშსწორების მსხვერპლნი ხდებოდნენ. იმ მეომართაგან, ვინც გადარჩა, უმეტესობა მიიჩნევს, რომ დოდო გუგეშაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართული დისკრედიტაციისთვის შექმნილი ზღაპრებია, რომლებიც არაკაცებმა გამოიგონეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ...
მას ყველაზე ხშირად დარჩელის ამბებს ახსენებენ, თუმცა ამაზე მოგვიანებით...
ერთ-ერთ ინტრვიუში ქალბატონი დოდო გუგეშაშვილი ამბობდა, რომ იარაღისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა.
"ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი, ძალაუნებურად მიწევდა ბიჭური თამაშები მეთამაშა, ტოლს ნამდვილად არ ვუდებდი... იარაღითაც იმ პერიოდიდან დავინტერესდი. არ დაგიმალავათ, რომ მიზანში ხშირად ბიჭებზე უკეთესად ვისროდი".
ის უკანასკნელ დღემდე იცავდა სოხუმს, რომლის დაცემის შემდეგ დოდო გუგეშაშვილი თავისი რაზმით დალის ხეობის დასაცავად გადავიდა.
როგორც თვითონ იხსნებს ერთ-ერთ ინტერვიუში, 1994 წლის მაისის ბოლოს ომში მიღებული ჭრილობებით და ტრავმებით კოდორის ხეობა დატოვა, სადაც ექვსი თვე პარტიზანულ ომებს აწარმოებდა. 1995 წელს დაიჭირეს. ბრალად წაუყენეს ბანდიტიზმი და დარჩელში სახლების გადაწვა. 10 წელი მიუსაჯეს, რომლიდანაც ციხეში 5 გაატარა.
"ალყაში ბევრჯერ მოვქცეულვარ ოჩამჩირეში, გაგრაში, სოხუმში, დალის ხეობაში. ზოგი მომხვდა და ზოგი ამცდა. მტრის ტყვია არ არჩევდა, ქალია, კაცია... ოჩამჩირეში, როცა შტაბის უფროსი ვიყავი და ფრონტის ხაზის ყველა ინფორმაციას ვფლობდი - ჯარების განლაგებას, შეიარაღებას თუ სხვას, ჩემზე საკმაოდ დიდი ნადირობა მიდიოდა. ჩვენ, მხედრიონელებს ერთი ჩვევა გვაქვს: სიმბოლურად ტყვია გვქონდა გახვრეტილი და გულზე ჩამოკიდებული. ბრძოლისას არის ერთი ყველაზე მთავარი მომენტი: ვინც შენს სამშობლოს ესვრის, ის თუ არ აღიქვი მტრად, სხვანაირად ვერ იბრძოლებ. ჩემ გვერდით იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები და მე რომ იმაზე მეფიქრა, ვის ვესროლე, იმ ომში ვერ ვიომებდი. ჩემს ფსიქიკაში ყველაფერი დავალაგე და მერე მოვკიდე ხელი იარაღს. უკან არ ვიხევდი არა იმიტომ, რომ ყველაზე უკეთესი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ჩემ გარშემო გმირობის უამრავ მაგალითს ვხედავდი. რამდენჯერმე დავიჭერი ყუმბარის ნამსხვრევებით, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიმიტოვებია".
დარჩელის გადაწვა
თვითმხილველის მონაყოლი:
"ამ სოფელში ძარცვა-გლეჯა მიმდინარეობდა. ორი მანქანა დადიოდა და სახლებიდან ყველაფერი გაჰქონდათ, რასაც მოისურვებდნენ. ჩვენ ხელებს ვწევდით - სხვა რა გზა გვქონდა!
ჩემი სახლიდანაც წაიღეს, თუკი რამ გამაჩნდა. ბოლოს, როდესაც ჩემი ეზოდან მანქანაც გაიყვანეს, სოფელში ხალხი შეიკრიბა. მხოლოდ ერთი კითხვა გვქონდა, - რისთვის გვძარცვავდნენ?
ხომ გახსოვთ, ისედაც როგორი მდგომარეობა იყო, როგორ გვიჭირდა, დევნილებით იყო სავსე სოფელი, თითო მცხოვრებს რამდენიმე ლტოლვილი ოჯახი ჰყავდა შეფარებული.
ის ორი მანქანა ცოტა ხანში ისევ მობრუნდა. მათ ხალხი დახვდა. ჩაქოლეს და გაანადგურეს. ორი კაცი დაწვეს, ზოგი გაიქცა, თუმცა ერთი დაჭრილი ისევ ჩვენ გვყავდა.
ამის შემდეგ მოვიდა კიდევ ერთი მანქანა. შიგ ქალი იჯდა. გვითხრა, - ზუგდიდის კომენდანტის მოადგილე ვარო. აქ სასწაულ ამბავს დაატრიალებენ, ამიტომ მომეცით ეს დაჭრილი და სადაც სჭიროა - მათთან, შტაბში, მივიყვანო. ხალხმა დაუჯერა; თუმცა, ვფიქრობ, რომ არც ის დაჭრილი და არც კომენდანტის მოადგილე გასაშვებები არ იყვნენ, ისინიც აქვე უნდა ჩაგვექოლა.
ხალხი შეცდა - დაჭრილი გაატანეს.
15 წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ სოფელში შეიარაღებულები შემოვიდნენ, კაცმა არ იცის, ვინ იყვნენ. ხალხმა რომ დაინახა, გაიქცა და მანდარინის ბაღებს შეაფარა თავი, ზოგი ტყეში გაიქცა.
მოსულებმა სროლა ატეხეს. ისროდნენ დამიზნებით. სახლებში რაც იყო დარჩენილი, ყველაფერი გაზიდეს, პირუტყვს იქვე კლავდნენ, უკანასკნელი ტომარა ფქვილი და შაქარი გამოჰქონდათ სახლებიდან და მერე წვავდნენ, იმ დღეს ჩვენს სოფელში 27 სახლი გადაწვეს..."
ბევრის აზრით, დარჩელის გადაწვა უკანასკნელი მხედრიონული გაკვეთილი იყო სამოქალაქო ომის ისტორიაში, რომელსაც დოდო გუგეშაშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა, აი, ის რას ამბობდა წლების წინ ის "კვირის პალიტრასთან:
"როდესაც ამბავი მოიტანეს, დარჩელში ორ მხედრიონელს ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად დაწვესო, გადავწყვიტე, კორესპონდენტებთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ იმ წუთში ვიდეოკამერა ვერ მოვიძიეთ, ამიტომ აღარ წავედი. თუმცა ჩემი წაუსვლელობის მიზეზი მარტო ეს არ იყო. იქ რომ მივსულიყავი და მენახა, როგორ იწვოდნენ ჩვენი ბიჭები, ალბათ ძალიან ცუდ საქციელს ჩავიდენდი...
დამწვარი ბიჭები მხოლოდ ღვთისმშობლის მედალიონით განასხვავეს მშობლებმა, მაგრამ საქმე დამწვარ ბიჭებზე კი არა, დამწვარ სახლებზე აღიძრა. უამრავი ადამიანი დაკითხეს, მაგრამ 57-დან ორის გარდა ჩემ წინააღმდეგ ჩვენება არავინ მისცა. ერთი იყო მარუსია ჭურღულია, ასაკიანი ქალი, რომელიც ჰყვებოდა, რომ შორიდან "დამინახა" მეტრა-ნახევრის სიმაღლის, ძალიან მსუქანი, მამაკაცური აღნაგობის წითელი თმით. მეორე კი ამბობდა, გაიგონა, ხუთასი მეტრიდან ამუშავებულ "ბეემპეზე" მჯდარი ქალი როგორ მოუწოდებდა, სახლები დაწვითო. თან არც ერთს არ ვყავდი ნანახი და ორივემ სხვადასხვანაირი ქალი აღწერა.
ათი წელი მომისაჯეს, მაგრამ პატიმრობაში ხუთი წელი გავატარე. თავიდან ყველა გაზეთში ჩემზე საშინელებები იწერებოდა. მე თვითონ მეშინოდა საკუთარი თავის. მერე კი, როცა ჟურნალისტები პროცესზე შემოუშვეს, მათ ობიექტური ინფორმაცია გაიტანეს. შეწყალებაზე მე და ჯაბა იოსელიანმა უარი ვთქვით. შემდეგ 2000 წელს პარლამენტში შეიქმნა ეროვნული შერიგების კომიტეტი და ამის საფუძველზე გაგვათავისუფლეს".
ამ ცოტა ხნის წინ დოდო გუგეშაშვილმა საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის უკრაინაში მოხალისედ წავიდა.
"რკინის მაგნოლია"
დოდო გუგეშაშვილი:
"მაგნოლია ომში ბიჭებმა დამარქვეს, ოღონდ "თეთრი მაგნოლია", რკინისას მერე მეძახდნენ. ძალიან მიყვარს ეს ყვავილი და ხომ იცით, როგორ არის, როცა ბევრჯერ დაყნოსავ, მერე თავს გატკიებს. საოცრად ჰგავს ქალს. ყვავილს თითქოსდა ძლიერი ფოთლები ისეთივე სუსტია, როგორც ქალი და საერთოდ, ქალის სიძლიერე მის სისუსტეშია და სისუსტე ქალის ძლიერებაში".
აი, რას ამბობდა შვილზე დოდო გუგეშაშვილი ჟურნალ "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში:
"ნოდარიკო ქართველი ვაჟკაცია, ქართული მენტალიტეტით. ძალიან უყვარს სამშობლო. ის არის ადამიანი, რომელიც ქვეყანას გაჭირვების დროს მხარში დაუდგება, იარაღით იქნება ეს თუ ინტელექტით".
დოდო გუგეშაშვილის ვაჟი ფოტოგრაფი იყო და ბოლო ხანს ერთ-ერთ ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობდა.