როგორი იქნება ქალის გამო შარში გახვეული კალაშოვის საბოლოო ვერდიქტი?! - "ბოსების ბოსის" საქმის დეტალები
"- ქურდად მიიჩნევთ თავს?
- მე არა, ასე მიმიჩნევენ.
- მაგრამ კრიმინალური სამყარო თქვენ "კანონიერ ქურდად" მოგიხსენიებთ.
- კი, ასე მიწოდებენ. მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ".
ზაქარია (შქარო)კალაშოვის დაკითხვის ოქმიდან. 2016 წლის 11 ივლისი
მოსკოვში, ცნობილ "კანონიერ ქურდთან" შაქრო კალაშოვთან დაკავშირებული, გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა ფინიშისკენ მიდის. ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე რუსეთის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა კალაშოვს, იგივე "შაქრო მალადოის" გამოძალვის საქმეზე, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს და ასევე ჯარიმის სახით 700 000 რუბლის გადახდა დაეკისროს.
კალაშოვი რესტორან Elements-ის მფლობელ ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვისა და ბიზნესმენ ლევ გარამოვისგან 10 მილიონი რუბლის გამოძალვის ფაქტზე 2016 წლის 13 ივლისს დააკავეს.
გამოძალვის საქმეზე სულ 14 ადამიანია ბრალდებული, საიდანაც ორს სიკვდილის შემდეგ წარუდგინეს ბრალი. სხვა თორმეტი წევრისთვის ბრალდების მხარემ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
როგორც გამოცემა "პრაიმ კრაიმი" წერს, სასამართლო პროცესის დროს, შაქრო კალაშოვმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს დანაშაულს და არც ჩვენება მიუცია. ანდრეი კოჩუიკოვი, ერთ - ერთი დაკავებული კი ამბობდა, რომ ის ფულს საერთოდ არ სთხოვდა დაზარალებულ ჟანა კიმს და რესტორანში დიზაინერი ქალბატონის მისიკოვას დარეკვის შემდეგ მივიდა, რათა ვითარება განემუხტა და ის, უბრალოდ, მის მეგობარ ქალს იცავდა, თუმცა ედუარდ ბუდანცევმა ყველაფერი გააფუჭა, მან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს რესტორან Elements- თან დაპირისპირებისას, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. გავრცელებული ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი რესტორნის მეპატრონე ჟანა კიმი და დიზაინერი ფატიმა მისიკოვა გახლდათ - ჟანა უკმაყოფილო იყო მისიკოვას მუშაობით და უარი განაცხადა მისთვის ფული გადაეხადა.
გამოძიების მტკიცებით, რესტორანში შაქრო კალაშოვის ხალხი მივიდა, მათ შორის იყო ანდრეი კოჩუიკოვი, იგივე "იტალიელი". ჟანამ დიზაინერს სთხოვა მოსკოვში მისი რესტორნის და კიდევ ერთი ბარის დიზაინზე ეზრუნა.
საბოლოოდ, დამკვეთს არ მოეწონა შესრულებული სამუშაო და ფატიმა მისიკოვას მხოლოდ 600.000 ევრო გადაუხადა (უკვე შესრულებული სამუშაოსთვის) და მასთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა, ხოლო თანხით უკმაყოფილო მისიკოვამ, კალაშოვის ხალხთან ერთად, ჟანა კიმს 8 მილიონი რუბლის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ ჟანა კიმი თავის ადვოკატს, გადამდგარ პოლკოვნიკს ედუარდ ბუდუანცევს დაუკავშირდა, რომელიც რესტორანში თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შეხვედრა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დასრულდა, სადაც ჟანას ადვოკატმა 2 ადამიანი დაჭრა. კალაშოვი კი მის ხალხთან ერთად დიდძალი თანხის გამოძალვის გამო დააკავეს. ბუდანცევი 2 კაცის მკვლელობის გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ მუხლი შეუცვალეს.
"რესტორნიდან გასულს ზურგში ესროლეს" - კალაშოვის "ვენდეტის" მორიგი მსხვერპლი?!
2017 წლის 19 ივლისს "შაქრო მალადოის" საქმის განხილვის პროცესში კიდევ რადენიმე პირი დააკავეს, მათ შორის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი დენის ნიკანდროვი, დააპატიმრეს ამავე უწყების პირადი უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი მიხაილ მაქსიმენკო და მისი მოადგილე ალექსანდრ ლამონოვი. იმავე საღამოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის კიდევ 7 თანამშრომელი აიყვანეს, რომლებიც გამოძიებაში იყვნენ ჩართულნი. როგორც ამბობენ, მათ ქრთამის სახით 500 ათასი ევრო მიიღეს, რათა კალაშოვისთვის ბრალდება შეემსუბუქებინათ, ხოლო კალაშოვის "მარჯვენა ხელი" ანდრეი კაჩუიკოვი კი გაეთავისუფლებინათ.
2017 წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სპეციალური სანქციები დააწესა იმ ადამიანებზე, რომელთაც საინფორმაციო სააგენტოები "კრიმინალური ავტორიტეტის" სახელით მოიხსენიებენ, მათ რიცხვში კი შაქრო კალაშოვიც მოხვდა.
ეროვნებით ქურთი შაქრო კალაშოვი, იგივე "შაქრო მალადოი" 1953 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა. ის რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან "კრიმინალურ ავტორიტეტად" ითვლება. 2000 წლიდან კალაშოვი ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ძირითადად ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. ის დააკავეს კიდეც. რუსეთთან ერთად, კალაშოვის გადაცემას საქართველოც ითხოვდა. 2005 წლის მაისში ესპანელმა სამართალდამცველებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად "რუსული მაფიის" რამდენიმე წევრი დააკავეს. 2006 წელს საქართველოს სასამართლომ კალაშოვს დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც ამბობენ, კალაშოვს ბევრ "ავტორიტეტთან" ჰქონდა შეხება, მათ შორის "იაპონჩიკთან", ტარიელ ონიანთან (ტარო), თუმცა მის "აღზრდაზე" უსოიანი, ანუ "დედ ჰასანი" ზრუნავდა.
იხილეთ: "კალაშოვის დაკავების შემდეგ, ძმები ქარდავები ისევ გამოჩნდნენ ქურდულ ასპარეზზე"
ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)