"იმ არაქალმა დანის ერთი დარტყმით გამიფატრა შვილი"
ა.წ. 30 იანვრის, ღამის 2 საათზე რუსთავში 22 წლის ლევან ლ.-ძე დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა. 35 წლის ქალმა თეონა კ.-მა ლევანი ცივი იარაღით დაჭრა. გონდაკარგული ახალგაზრდა, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოხერხდა, თუმცა მას ფილტვი დაუზიანდა და ორი ორგანო - თირკმელი და ელენთა დაკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ქალი რამდენიმე დღეში მის 5 წლის შვილთან ერთად ბათუმში დააკავეს, რასაც გამოძიებაც ადასტურებს.
თინათინი, ლევანის დედა:
- ლევანს თეონა 1-2 ჯერ ჰყავდა ნანახი. ის ქალი რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც თურმე ხშირად იკრიბებოდნენ გაურკვეველი საქმიანობის ახალგაზრდები. ერთი სიტყვით, როგორც ამბობენ, უწესო ყოფაქცევის ქალია. კაცის მკვლელობისთვის უკვე მჯდარა ციხეში, 8 წელი მოიხადაო.
საბედნიეროდ, ლევანი გადაურჩა სიკვდილს. იმ არაქალმა გამიფატრა შვილი, ლევანმა თირკმელი და ელენთა დაკარგა. დანა უკანა მხრიდან ისეთი ძალით დაარტყა, მუცლის ღრუს წინა მხარეს გამოვიდა. 29 იანვრის საღამოს ლევანი 1-ის ნახევარზე მოვიდა სახლში, ნასვამი იყო, ვერ ისვენებდა, გარეთ უნდოდა გასვლა, ვუთხარი, რას დადიხარ, შინ დარჩი, შარს ეძებ-მეთქი? - არ დამიჯერა.
ლევანს ლოგონევროზი აქვს, ვიფიქრე, ეზოში, სუფთა ჰაერზე ჩავა, დაწყნარდება და ამოვა-მეთქი. 2-ის ნახევარზე დავურეკე, დედა, ნუ გეშინია, მალე მოვალო. 3-ის ნახევარზე შინ დაგვადგა პოლიცია და მეუბნებიან, ლევანი დაჭრეს და პოლიციაში დაკითხვაზე წამოდითო. როდესაც ლევანი იმ უბანში, რუსთაველის ქუჩაზე ჩასულა, მისთვის ვიღაცას ლუდი და სიგარეტი უჩუქებია. მითხრა, ბიჭები ვერ ვნახე და ვიფიქრე, თეონას ბინაში ხომ არ არიანო. როცა მისულა, ის მარტო ყოფილა, ლევანს მისი მეგობარი ნიკა უხსენებია, რომელსაც ეძებდა და იქ ეგულებოდა. ქალი იმ ბიჭის ხსენებაზე გაბრაზებულა, ნიკას საიდან იცნობ, აქ რას ეძებო და ამას მოჰყოლია შელაპარაკება. როდესაც ლევანმა გარიდება გადაწყვიტა და კარში გამოდიოდა, თეონას მაშინ დაურტყამს უკნიდან დანა. დაკითხვაზე უთქვამს, კაიფში ვიყავი და ამიტომ მოვიქეცი ასეო. დაჭრილს ძლივს მიუღწევია იქვე მდებარე მარკეტამდე და იქ მომსახურე პერსონალისთვის უთხოვია დახმარება. როდესაც სასწრაფო მისულა, მაშინ დაუკარგავს გონება. სიღარიბესა და გაჭირვებაში გავზარდე ერთადერთი შვილი, ლევანს მერიასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და დროდადრო პლაკატების გაკვრაში ეხმარებოდა მათ თანამშრომლებს. საავადმყოფოს ხარჯები მთავრობამ დაფარა, დააფინანსეს როგორც უნარშეზღუდული. პოლიციაში მითხრეს, დამნაშავე ბათუმში დავაკავეთო. რომ გაუშვან, ალბათ, კიდევ ბევრს დახოცავს.
გვსურდა ბრალდებულის მხარის პოზიციაც გაგვეგო, თუმცა მის ადვოკატთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ბრალდებული ქალის რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კი ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)