"აღიარა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა" - რა თქვა შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულმა პირველ ჩვენებაში?!
"წლებია ასე სადისტურად მოკლული ადამიანი არ მინახავს"
21 წლის ანა ნაცვლიშვილმა ორიოდე თვის წინ "ფეისბუკის" პირად გვერდზე ამერიკელი მწერლის, ლორენ ოლივერის ფრაზა გააზიარა: " სიყვარული ბუმბულივით ჰაეროვანი, მოკლე სიტყვაა და ნემსივით ან სამართებლის პირივით ბასრია. ის შენი ცხოვრების შუაგულში ესობა და მას ორად ხლეჩს - მანამდე და მას შემდეგ. შენ თვალწინ სამყარო ორ ნაწილად იყოფა - მანამდე და მას შემდეგ, შუალედი კი ამ ბასრ ნემსზე არც განიერია და არც - გრძელი".
სოციალურ ქსელში მისი აქტიურობის მიხედვით, ის სიკეთით და სიცოცხლით სავსე გოგო იყო - თბილი და მოსიყვარულე, უყვარდა მეგობრები, ცხოველები და ოცნებობდა ბედნიერ მომავალზე, თუმცა...
სამართალდამცავების მტკიცებით, მისთვის სიყვარული დასასრულად იქცა...
გოგონას სასტიკი მკვლელობის ბრალდებით სწორედ მისი შეყვარებულია დაკავებული. ისიც ანას ხნის...
ამ საზარელმა მკვლელობამ მთელი საზოგადოება შეძრა.
22 თებერვალს, ანას ნაწამები ცხედარი მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სკვერში იპოვეს. ფაქტის თვითმხილველმა ძალოვანმა გვითხრა: "წლებია ასე სადისტურად მოკლული ადამიანი არ მინახავს". გოგონა სისხლის გუბეში იწვა, ყელი გამოღადრული ჰქონდა, ექსპერტმა 7 ჭრილობა დათვალა ყელის არეში, ასევე, დაზიანებული ჰქონდა თავიც.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცნობილი გახდა, რომ მას ღამის 4 საათზე შეყვარებულთან ჰქონდა მიმოწერა.
...
ამ დროს ანას შეყვარებული ახლობლებთან ერთად ტრიალებდა... იმ დილით გოგონას ძებნა სწორედ მან დაიწყო. გამთენიისას მიადგა სახლში ანას ოჯახს. კარი დამ გაუღო და მას უთხრა, ტელეფონით ვწერდი ანას, მაგრამ სოციალურ ქსელში არ მპასუხობს, არც მობილურის ზარებს იღებს და სად არისო? ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ გოგონა შინ იყო, მაგრამ ოთახში ვერ იპოვეს და ამის შემდეგ დაიწყეს მისი ძებნა, რამდენიმე საათში კი ეს შემზარავი ამბავი შეიტყვეს.
პოლიცია დანაშაულის გახსნას შეუდგა. მეზობლები და ახლობლები მომხდარს ახსნას ვერ უძებნიდნენ. გარდაცვლილს ყველა დადებითად ახასიათებდა. ვერ აეხსნათ ვის ან რატომ უნდა მოეკლა სიცოცხლით სავსე, ლამაზი გოგონა. ძალოვნებმა დანაშაული გახსნილად იმავე დღესვე გამოაცხადეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ანის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ცნობილია ოფიციალური ვერსიაც, სადისტური მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო და გოგონა შეყვარებულმა შურისძიების მოტივით მოკლა.
არადა, ახლობლები იხსენებენ თითქოს დამწუხრებული დაკარგულ შეყვარებულს რა "გულმოდგინედ" ეძებდა... თურმე გამთენიისას მეგობრებთან ერთად გრიგალაშვილი თბილისის ზღვის ტერიტორიაზეც კი ავიდა - შეყვარებულის საძებნელად.
მართალია გოგონას ცხედარი პოლიციას ნაპოვნი ჰქონდა, მაგრამ თავიდან თქვეს, რომ თითქოს გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იწვა. თემქის საავადმყოფოში მიცვივდნენ გოგონას მეგობრები და ოჯახის წევრები. ანის მამას თურმე ანის შეყვარებულიც მიყვებოდა გვერდით. ძალოვნები თვლიან, ამ გზით დამნაშავე შეეცადა ალიბის შექმნასო.
პოლიციამ საავადმყოფოდანვე წაიყვანა ის მოწმის სტატუსით დასაკითხად და მერე გარეთ აღარ გამოუშვეს.
ერთ-ერთი მტკიცებულება სატელეფონო საუბრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, კვალის წაშლაზე წინასწარ იზრუნა დამნაშავემ და მიმოწერები ორივეს ტელეფონში წაშლილია. ცხადია, ძალოვნებისთვის არც ამ მიმოწერის აღდგენაა პრობლემა. მას მერე, რაც ექსპერტები აღადგენენ სატელეფონო მიმოწერას, კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
მართალია ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სხვისი ჩადენილია, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "მოწმედ დაკითხვისას, გრიგალაშვილმა დეტალურად აღიარა, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა".
"ჩვენებაში ლაპარაკობს: ანა ჩემი საცოლე იყო, ამ დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე შავი ფერის ბმვ-ში იჯდა. მისმა საქციელმა აღმაშფოთა. მინდოდა მაშინვე გამერკვია შეყვარებულთან ეს ამბავი, მაგრამ ანა იმ დღეებში თბილისში არ იყო და ვერ ვნახეო. ადასტურებს, რომ იმ ღამით სწერდა მას, გამოიყვანა სახლიდან, ჰკითხა ვისთან დადიოდა და როცა ზემოთხსენებული მანქანა უხსენა, ანა შეეპასუხა, მისმა სიტყვებმა გააღიზიანა და ამ დროს მოკლა", - ამბობს ჩვენი წყარო.
ისიც უთქვამს, ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ ვრიგდებოდითო. თუმცა მას მერე რაც საქმეში ჩაერთო ადვოკატი, ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია და ის დუმილის უფლებას იყენებს. სავარაუდოდ, ის მოწმის დაკითხვისას მიცემულ ჩვენებას შეცვლის, რადგან, ცნობილია, რომ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება. ახლა ის და მისი ადვოკატი ხელს სხვისკენ იშვერენ და აცხადებენ, რომ დანაშული გაუხსნელია.
ირკვევა, უბანში ყველამ იცოდა მათი სიყვარულის ამბავი. მეგობრები ამბობენ, სერიოზული კონფლიქტები წყვილს არ ჰქონიათო. ნაწილი მეგობრების კი ამბობს, კონფლიქტები ჰქონდათ და ანას მასთან დაშორება უნდოდა, მაგრამ ის თავს არ ანებებდაო.
სასამართლო პროცესზე ბევრი დეტალი გაცხადდა, პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა საქმის დეტალებზე ისაუბრა. "ანი და ლადო წლების მანძილზე მეგობრობდნენ, პრაქტიკულად ერთ უბანში ცხოვრობდნენ, ხვდებოდნენ ერთმანეთს და სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. განაწყენებულმა გრიგალაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მისი მოკვლა განიზრახა, 22 თებერვალს, დაახლოებით 05 საათსა და 30 წუთზე სახლიდან გაიხმო ანი და მათი სახლის მიმდებარედ, კორპუსის უკან, პატარა სკვერში, ავტოფარეხთან შეხვდა. იქ კი შურისძიების მოტივით კისრისა და თავის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერეს პოლიციელებმა შემთხვევის ადგილი და სურათი შემზარავი იყო. ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა. პირველადი მონაცემებით, მას ყელის არეში 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. ასევე ნახეთქი ჭრილობა აქვს თავში. სურათი ურთულესია", - თქვა პროცესზე პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა. მისი თქმით, ამის შემდეგ გრიგალაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც ირკვევა, გამოძიებამ ბრალდებულის ბინის, მანქანის და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა და იქიდან ამოღებულია მკვლელობის იარაღი - დანა. მართალია დანაზე სისხლის კვალი არ არის, თუმცა გამოძიებამ ექსპერტიზა უკვე დანიშნა და დარწმუნებულია, რომ დნმ-ის კვალს იმ დანაზე იპოვის.
ჩვენი ინფორმაციით, ამოღებული დანა ორპირია. სავარაუდოდ, დამნაშავემ დანა ავტოფარეხშივე გარეცხა. პროკურორებმა გრიგალაშვილის დაპატიმრება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასამტკიცებლად.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა მისი ადვოკატი ირწმუნება, რომ გრიგალაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და მანაც მოითხოვა გრიგალაშვილის დაპატიმრება, იქვე დასძინა, დაპატიმრებას იმიტომ ვითხოვ, გვეშინია ანას მკვლელმა ლადო გრიგალაშვილი არ მოკლასო.
ადვოკატის განცხადებით, დანა რომელიც ამოღებულია, ეკუთვნოდა ბრალდებულის მამას და ის მკვლელობის იარაღი არაა. "ეს დანა არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მამის საკუთრებაში, მის ავტომანქანაში იყო ყოველთვის და მისი ავტომობილიდან ამოიღეს", - ამბობს ადვოკატი.
გამოძიებამ უკვე დაკითხა გარდაცვლილის და ბრალდებულის მეგობრები. ჯერჯერობით არ დაუკითხავთ გოგონას ოჯახის წევრები. მომხდარის გამოძიება გრძელდება.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)