რა აკავშირებს სოგოიანს შაქრო კალაშოვთან და სად მიდის "კანონიერი ქურდის" მკვლელობის კვალი?
"კანონიერი ქურდის" დავით ალხანაშვილის, იგივე "დათო პანკისკის" თურქეთში მომხდარი მკვლელობის გამოძიება ახალ ეტაპზე გადავიდა. თურქმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის შემსრულებლები სომხეთის მოქალაქეები არიან, მკვლელობის დამკვეთად კი "ტიტულჩამორთმეულ ქურდს" ანდრონიკ სოგოიანს, იგივე "ზაპ ლენინაკანსკის" მოიაზრებენ.
როგორც სამართალდამცავები ამტკიცებენ, ის "შაქრო მალადოის" იგივე შაქრო კალაშოვის კლანის ინტერესებით მოქმედებდა. როგორც ცნობილია, კალაშოვის ახლო ნათესავი დათო ოზმანოვი, იგივე "დათო კრასნოდარსკი" 2011 წელს ტარიელ ონიანის - "ტაროს" მომხრეთა ხელით დაზარალდა. ოზმანოვი ამ დროს ბელგიაში იმყოფებოდა, მას "ქურდული სამართალი" მოუწყვეს, რადგან მას ტარიელ ონიანის "ტიტულის ჩამორთმევაზე" ხელი ჰქონდა მოწერილი. 2009 წელს 36-მა "კანონიერმა ქურდმა", მათ შორის "იაპონჩიკმა" და "დედ ჰასანმა" ხელი მოაწერეს "ტაროსთვის" ქურდული სტატუსის ჩამორთმევას.
როგორც ცნობილია, როინ უგლავოისთან (მათევიჩი), ირაკლი ყალიჩავასთან (ხუტუ) და გია გურჩიანთან (სვანი) შეხვედრისას კალაშოვის ნათესავმა ოზმანოვმა დანით მრავლობითი დაზიანება მიიღო. როგორც ამბობენ, ამ შეხვედრას დათო "პანკისკიც" ესწრებოდა, თუმცა მას ამ შურისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალხანაშვილი ამ დროს "კანონიერი ქურდი" არც იყო. ის შემდეგ წელს დუბაიში "მონათლეს". ამ შეხვედრაზე ოზმანოვი სასწაულებრივად გადარჩა, ის დიდი ხანი ცდილობდა ჭრილობები მოეშუშებინა. შემთხვევაში მონაწილეებს კი დაუსწრებლად გამოუტანეს "სასიკვდილო ვერდიქტი". ოზმანოვის საქციელი უკვირდათ კიდეც, რადგან ის აქამდე არ ცდილობდა მისი "პოტენციური მკვლელებისთვის" სამაგიერო გადაეხადა, თუმცა ადვილად შეეძლო მათი ადგილსამყოფელისა და სხვა ინფორმაციის დადგენა.
თუ თურქი სამართალდამცავების ვერსია სიმართლეა, მაშინ ანდრონიკ სოგოიანმა, იგივე "ზაპმა" გადაწყვიტა, რომ თავისი ქმედებით "კალაშოვის" კლანის კეთილგანწყობა მოეპოვებინა და ონიანს, ჯანგველაძეს და მათ მომხრეებს საბოლოოდ დაპირისპირებოდა, რომელთა გამოც სოგოიანმა "ქურდის სტატუსი" დაკარგა.
ამას გარდა, არსებობს ვერსია, რომ ალხანაშვილი შეიძლება "კანონიერი ქურდის" "გულუ" სალიფოვის გადაწყვეტილებით "მოეშორებინათ", რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ "გულუ" არ წყალობს ჩეჩენ კრიმინალებს და ჩეჩენ "კანონიერ ქურდს" აზიზ ბათუკაევს. (მათ შორის უკმაყოფილება გამოიწვია შემთხვევამ, როცა აზიზ ბათუკაევმა მოსკოვის სამ ბაზრობას დაადგა თვალი, რომლებიც "გულუს" "კანონიერი ქურდისგან" ზაურ ალიევისგან, იგივე "ზაიკასგან" ერგო).
მოკლული დავით ალხანაშვილი ჩეჩნურ კლანთან ახლობლობდა. რის გამოც შეიძლება ვიფიქროთ, რომ "გულუმ" ის მოიშორა ვისაც ადვილად "მისწვდა", თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი "გულუ" ახლახანს გაათავისუფლეს და თურქეთში ის საკმაოდ უხმაუროდ ცხოვრობს. მას ალხანაშვილის მკვლელობა არ სჭირდებოდა. როგორც ამბობენ, ადგილობრივ სამართალდამცავებს ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე სალიფოვი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ, რადგან ფიქრობენ, რომ მის სახლში უკანონო იარაღის სამალავია.
აღსანიშნავია ისიც, რომ 22-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გულუმ" გადაწყვიტა უკრაინაში საქართველოსა და რუსეთში შუამავლები დაესაქმებინა, რომლებიც აქტიურად ცდილობენ აზერბაიჯანლების ხელში არსებული ბიზნესები "გულუს" დაუქვემდებარონ.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის "კანონიერი ქურდი" დათო ალხანაშვილი, იგივე დათო "პანკისკი" თურქეთში ქალაქ სტამბოლში მოკლეს. მის მკვლელობას თავიდანვე "კალაშოვის" კლანს მიაწერდნენ. ის 1981 წლის 19 მარტს ახმეტის რაიონ სოფელ დუისში დაიბადა. 2006 წელს დააკავეს და მოსკოვში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო 2012 წელს 31 წლის ასაკში "მონათლეს". 2017 წლის 22 დეკემერს ალხანაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ანდრონიკ სოგოიანი იგივე "ზაპ ლენინაკანსკი" 1968 წლის ივლისში ლენინაკანში დაიბადა. ის 1994 წელს "მონათლეს". მას ბრალი ხუთჯერ წაუყენეს და ამჟამად ძებნილია. (წყარო)
იხილეთ ასევე: შაქრო კალაშოვი: "მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ"
ნიკა გულუა