"თურქებს აქვთ ძალა, რომ ჩვენს გარეშე მოაგვარონ პრობლემები" - რას ამბობს მუსლიმ ალ ჯორჯი აფრინის ოპერაციაზე?
"რუსების წინააღმდეგ სად იომებ, ამას რა მნიშვნელობა აქვს..."
ამ ცოტა ხნის წინ, თურქულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ აფრინის - ე.წ. ზეთისხილის რტოს ოპერაციაში თურქული საჯარისო ნაწილების მხარდასაჭერად, სირიაში ცნობილი ჩეჩნური სამხედრო დაჯგუფება" "ჯუნდ ალ შამი" "("სირიის ლომები") ჩაერთო, რომლის უცვლელი ლიდერი 4 წელია, პანკისელი მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ შიშანი-მუსლიმ ჯორჯია.
სირიაში "ალ-ქაიდას" დროშით მებრძოლი გავლენიანი საველე მეთაურის თურქული ჯარის პოზიციებზე გამოჩენის ამბავი ბევრი გავლენიანი ექსპერტისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა. ფიქრობდნენ, რომ "სირიელი ლომების" ლიდერი, რომელიც აშშ-ის და გაეროს ანტიტერორისტულ" ტოპსიაში საპატიო ადგილზეა, ხოლო რუსეთს მისი დაკავება ლამის ღირსების საქმედ მიაჩნია, შესაძლოა, ახლო მომავალში თურქეთსა და ახლანდელ მოკავშირე რუსეთს შორის საჯილდაო ქვა გამხდარიყო. "კვირის პალიტრა" წერდა იმასაც, რომ დიდი ალბათობით, მარგოშვილი და მისი "სირიის ლომები" ამ ოპერაციაში არ მონაწილეობდნენ.
როგორც ირკვევა, ახალხან მან ინტრევიუ მისცა თურქულ OGN Türkçe - ს, რომლის ჟურნალისტთან ის განმარტავს რატომ არ იბრძვის ქურთების წინააღმდეგ თურქების მხარდამხარ.
"თუ სირიისა და ჩეჩნურ ჯიჰადს შევადარებთ ერთმანეთს, არის ერთი პრობლემა: ჩეჩნები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჯამაათად იყვნენ დაყოფილი, როცა გარე მტერი მოდიოდა, ერთიანდებოდნენ. დაივიწყებდნენ ყველა პრობლემას, რაც მათ შორის იყო და მტრის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ. სირიაში ისე არ არის ყველაფერი, როგორც ჩეჩნეთში. აქ ყველა მხრიდან გვიტევს გარე მტერი, თუმცა აქ არ ერთიანდებიან და ეს შიდა პრობლემები უფრო და უფრო იზრდება.
რაც შეეხება აფრინის ოპერაციას, ჩვენ იქ არ ვმონაწილეობთ და ამის შესახებ უკვე განვაცხადეთ კიდეც და ალბათ ამის მიზეზებიც გესმით.
თურქი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. მთელი ისტორიის განმავლობაში ისინი ყოველთვის ჩვენს მხარდამხარ იდგნენ და ჩვენს გვერდით იბრძოდნენ და თუ თურქ ხალხს რაიმე პრობლემა აქვს და ვერ აგვარებს, ჩვენ აუცილებლად მივალთ მათთან დასახმარებლად, მაგრამ დღეს მათ აქვთ ძალაც და შეიარაღებაც, რომ თავად მოაგვარონ პრობლემები. იმ ვითარებაში, როცა სირიას გარე მტერი ესხმის, გვართმევენ ტერიტორიებს და ზამთარში ხალხი საკუთარ სახლს იძულებით ტოვებს, ეს ყველა პრობლემა მოუგვარებლად მივატოვოთ და თურქებთან წავიდეთ, ეს არ შეგვიძლია. ვცდილობთ დავიცვათ სირიის მოსახლეობა, დღეს ჩვენ მათ ვჭირდებით და ამიტომ არ ვტოვებთ ამ ტერიტორიას. (წყარო)
მუსლიმ ალ-შიშანი: "სირიაში ლაფანყურის შემდეგ წავედი"
ინგუშეთის სამართალდამცავებს თუ დავუჯერებთ, მურად მარგოშვილი (დაიბადა 1970 წლის 15 იანვარს) ცნობილი იყო რამდენიმე ათეული სახელით, მათ შორის ყველაზე ცნობილი გახლდათ: მურად მადაევი, აბდურახმანი, მუსლიმი" არტური, ჯორჯი და ქისტი ჯორჯი".
მუსლიმ ალ-შიშანის ახლობელი თემური "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთ საარქივო მასალაში აცხადებდა:
"2008 წლის აგვისტოს ომის დროს პანკისის ხეობაში ახალგაზრდები შეიკრიბნენ, მურადიც იქ იყო და ხელისუფლებას კაცი გაუგზავნეს, თუ საჭირო გახდება, ომში ჩვენც წავალთო. შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემოთვალეს, - თუ დაგვჭირდა, აუცილებლად დაგიძახებთო. ბიჭები ამბობდნენ, რუსების წინააღმდეგ სად იომებ, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჯიჰადი ყველგან ჯიჰადიაო... მურადისთვის ასადის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს".
ვინ არის მუსლიმ ალ ჯორჯი?! (გაგრძელება)
თარგმნა ეკა გადახაბაძემ