"შეყვარებულისთვის მიუწერია, ძალიან მიჭირს ამის გაკეთებაო" - 1 წლის განმავლობაში ინტერნეტთამაშს შეწირული 5 მოზარდი - კვირის პალიტრა

"შეყვარებულისთვის მიუწერია, ძალიან მიჭირს ამის გაკეთებაო" - 1 წლის განმავლობაში ინტერნეტთამაშს შეწირული 5 მოზარდი

"პირველი, რაც გადმოხტომის შემდეგ იკითხა, უმცროსი ძმის ამბავი იყო" - როგორ უნდა დავიცვათ მოზარდები სასიკვდილო ინტერნეტთამაშისგან

რამდენიმე დღის წინ 16 წლის სანდრო საკუთარი სახლის მე-8 სართულიდან გადმოხტა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ბოლო დროს ბიჭს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები შეამჩნიეს. ოჯახის წევრების ვარაუდით, სანდრო სასიკვდილო ინტერნეტთამაშის მორიგი სამიზნე შეიქნა.

დროდადრო თავზარდამცემი ინფორმაციით გვახსენებს თავს სასიკვდილო ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი". როგორც წესი, მისი მომხმარებლები მოზარდები არიან, რომლებიც ე.წ. ადმინისტრატორისგან იღებენ დავალებებს. ბოლო, 50-ე დავალება თვითმკვლელობაა.  "კვირის პალიტრამ" ამ თემაზე ვრცელი სტატია მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

გაზეთი ერთ-ერთი რესპონდნეტის თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში "ლურჯი ვეშაპის" თამაშის შედეგად სულ ცოტა  5 მოზარდი დაიღუპა.

"ყველას ერთდროულად დაეწყო დეპრესია და ყველა სიმაღლიდან ხტებოდა?!"

ჩვენ დავუკავშირდით "ლურჯი ვეშაპის" ბოლო სამიზნის, 16 წლის სანდროს დას, სალომეს:

- ოჯახში სანდრო ჩვეულებრივად იქცეოდა. ერთია, რომ სწავლას მოუკლო, რის გამოც სკოლაში გვიბარებდნენ. თურმე ერთხანს ძველ მეგობრებთან კონტაქტი გაუწყვეტია, უფრო სწორად, სკოლაში კი ეკონტაქტებოდა, მაგრამ აღარ დადიოდა დაბადების დღეებზე, შეკრებაზე, რომლებიც სკოლის შემდეგ იმართებოდა. მეტწილად ონლაინმეგობრებთან ჰქონდა კომუნიკაცია.

იმდენად ეშინოდა სიმაღლის, გამორიცხულია ოდესმე თვითმკვლელობაზე ეფიქრა. სანდროს სოციალური ქსელის პაროლი მოვიპოვე, შევედი მის გვერდზე და ვნახე მიმოწერები, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ძალიან არ უნდოდა ამის გაკეთება, განიცდიდა, მაგრამ მაინც გადახტა, წინააღმდეგ შემთხვევაში უმცროსი ძმის მოკვლით ემუქრებოდნენ. პირველი, რაც გადმოხტომის შემდეგ იკითხა, უმცროსი ძმის ამბავი იყო.

როგორც გავიგე, დავალებას ღამის 04:20 საათზე იძლევიან, 04:22 საათზე კი შეყვარებულისთვის მიუწერია, ძალიან მიჭირს ამის გაკეთებაო. კვირადღეს დეიდამ ხელზე ნაკაწრები შეამჩნია სანდროს. უთქვამს, სკოლაში დამკაწრესო. მეორე დღეს სკოლაში არ გაუშვეს. დღის 14:30-ზე სტუმრები გვყავდა, სწორედ ამ დროს გადახტა სანდრო მერვე სართულიდან. 14:23 საათზე კლასელებისთვის მიუწერია, მაპატიეთ, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ უნდა წავიდეო.

არაერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, რომელთა ოჯახის წევრები ამგვარი დავალებების მსხვერპლნი გახდნენ. ძალიან უკვირთ, საჯაროდ რომ ვლაპარაკობ ამ თემაზე, რადგან, როგორც წესი, უმრავლესობა დუმს. ჩემი ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა თემქაზე დაფიქსირდა. 7 მარტსაც ბოლო შემთხვევა თემქაზე მოხდა, გოგონა მე-6 სართულიდან გადმოხტა.

...

როგორ გგონიათ, ამ ბავშვებს ყველას ერთდროულად დაეწყო დეპრესია, ყველამ დაისერა სხეული და ყველა სიმაღლიდან ხტებოდა?! ეს ხომ აბსურდია. ამ ბავშვების ქმედებებს შორის უამრავი კავშირია. ოჯახები ამბობენ, რომ სამართალდამცავებს ექსპერტიზაზე მიაქვთ მათი ტელეფონები, კომპიუტერები, ლეპტოპები და თვეები ისე გადის, პასუხის ღირსნი ვერ ხდებიან.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი , შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა სალაღაია