რატომ მიმართავს პროკურატურა ხორავაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა? - კვირის პალიტრა

რატომ მიმართავს პროკურატურა ხორავაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა?

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურისგან ბორის კაკუბავას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე რეაგირებას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით ზაზა სარალიძემ თბილისის პროკურატურას მიმართა. სარალიძე ითხოვს, რომ საგამოძიებო ორგანომ გამოიკვლიოს კაკუბავას მიერ გაჟღერებული ინფორმაციის სისწორე და თუ ის არ დადასტურდა, განცხადებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

"მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ჩემს შვილს უთქვამს, რომ მომკლან, ნეტავ რამდენი კაცი მიტირებთო. რამ ათქმევინა ეს სიტყვები"

"ბორის კაკუბავამ გააჟღერა ასეთი ინფორმაცია, რომ მის შვილიშვილებს აშანტაჟებდნენ, ტუალეტში აყოფინებდნენ თავს და აწერდნენ ფულს. რადგან არასრულწლოვნებს ასე ძლიერად იცავს საქართველოს კანონმდებლობა, მოვითხოვ ჩემი შვილის, ლევანის და მათი მეგობრების უფლებებიც იყოს დაცული. შეისწავლონ, რატომ და რის საფუძველზე გააჟღერა ეს ინფორმაცია და თუ სიმართლეს არ შეესაბამება, მიეცეს სამართლებრივი შეფასება. თავდასხმა თავდაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, რაც ამ წუთში ჩემი აზრით, ბორის კაკუბავამ გამოიყენა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ბორის კაკუბავამ "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის შვილიშვილს ჩაგრავდნენ და ფულს ართმევდნენ. მისი ინფორმაციით, სწორედ ეს კონფლიქტი უძღოდა წინ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას.

იხილეთ ასევე: "ჩემ შვილიშვილს ჩაგრავდნენ და ფულს სძალავდნენ" - რას ამბობს ბორის კაკუბავა ხორავას ტრაგედიაში მისი შვილიშვილების როლზე?!

"ინტერპრესნიუსი"