"გიორგი ამბობს, ხატია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მე თვითონ გამოვიყვანე მანქანიდანო"
უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა სამტრედია-ჩოხატაურის საზღვარზე, სოფელ ტოლებთან, სადაც "ოპელისა" და "ჯიპის" მარკის ავტომანქანების შეჯახებისას "ოპელის" მარკის ავტომანქანის 4 მგზავრიდან 3 გარდაიცვალა.
ავარიას ემსხვერპლნენ ბათუმში, დაბა მახინჯაურში მცხოვრები თამუნა კერესელიძე, მისი 6 წლის გოგონა ხატია პაქსაძე და დედამთილი. საბედნიეროდ, ცოცხალი გადარჩა თამუნა კერესელიძის მეუღლე, გიორგი პაქსაძე. ტოლების რწმუნებულის, ალექსი ბოცვაძის თქმით ავტოკატასტროფა, მესამე ავტომანქანის მიზეზით მოხდა, რომლის მძღოლი ავტოკატასტროფის გამოწვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.
- ეს ყველაფერი ვიღაც ერთი ნაძირალას გამო მოხდა, - მე არ ვიცი, ნასვამი იყო თუ კაიფში, მაგრამ საავარიო მდგომარეობა სწორედ მან შექმნა, შედეგად ორი მანქანა ერთმანეთს შეაჯახა და უკან არც კი მოუხედავს, ისე გააგრძელა გზა. ახლა გავიგე, დააკავესო, მაგრამ განა მისი დაკავება უშველის ამ უბედურებას? ვერ უშველის, - ადამიანს რომ შვილი მოუკვდება, მერე მისი ცხოვრება მთავრდება, რა ქნას, როგორ უნდა გაუძლოს ამ ტკივილს ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც მთელი ოჯახი ამოუწყდა?
მზევინარ დიასამიძე, ბათუმის 26-ე ბაგა-ბაღის მასწავლებელი:
- მომხდარის გამო გონზე არ ვართ. მესამე წელიწადია, რაც ჩვენს საყვარელ ხატიას ვზრდიდით და იმდენად თბილი ბავშვი იყო, მის გარეშე თითქოს ყველაფერი დაცარიელდა... სულ გაიძახოდა, უნდა ჩაგეხუტოთო. ამ ბოლო დღეებში კიბეზე ვიყავი ასული, კედელზე რაღაც დამეკიდა, მოირბინა და გადამეკიდა, ჩამოდი, უნდა ჩაგეხუტოო; ვუთხარი, - აბა, ცოტა იქეთ გაიწიე, უცებ კიბე არ წამექცეს და რაიმე არ მოგწიო-მეთქი, ის კი თითისწვერებზე აიწია, ფეხებზე მაინც მომეხვია და გავარდა.
მის მშობლებს, ულამაზეს წყვილს ერთმანეთი იმდენად უყვარდათ, ისე უღიმოდნენ ერთმანეთს, მათი დანახვისას, უმძიმესი პრობლემაც დაგავიწყდებოდა ადამიანს. თამუნა მაინც გამუდმებით იღიმოდა და გაბედნიერებდა, - ჯგუფში რომ შემოდიოდა, თითქოს მარტო თავად კი არა, მის გარშემო ყველაფერი იცინოდა და ხარობდა.
- მით უფრო უმძიმესი იქნება მისი მეუღლისთვის ამ ტრაგედიის გადატანა.
- ენა ვერ აღწერს. ვერ ვუყურებთ მის ტკივილს, მის უბედურებას. შვილს აღმერთებდა, ბავშვი ცოლ-ქმარს მორიგეობით მოჰყავდა ბაღში... ხატია მამიკოს გოგო იყო. გიორგი ამბობს, როცა ავარია მოხდა, ხატია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხელში მყავდა აყვანილი, სუნთქავდა, მე თვითონ გამოვიყვანე მანქანიდანო. თამუნა კი იქვე გარდაცვლილა...
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)