"ჩემი შვილი მისმა მეგობრებმა გაყიდეს" - რას ამბობს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა? - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი მისმა მეგობრებმა გაყიდეს" - რას ამბობს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა?

"ჩემი შვილი მისმა მეგობრებმა გაყიდეს. მინიმუმ, ორი მკვლელი ახლა ქუჩაში დადის. კანონით თუ კანონის გარეშე მე მაინც ვაგებინებ პასუხს ყველას, ვინც შვილი მომიკლა", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა ზაზა სარალიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, არასრულწლოვანი მოწმეების მიერ მოსამართლისთვის დამალული ფაქტების გამო მისი შვილის რეალური მკვლელები დაუსჯელები დარჩებიან. დაზარალებულმა საკუთარი გამოძიებით დაადგინა, რომ მკვლელობაში კიდევ 2 პირი მონაწილეობდა, იქიდან ერთი არასრულწლოვანია.

"უმრავლესობა, ვინც დაიკითხა, ჩემი შვილის მეგობრები არიან. ამას მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ, არ მაინტერესებს იმიტომ, რომ მეგობრებმა გაყიდეს ჩემი შვილი, მეგობრები ყიდიან ლევან დადუნაშვილს. სამწუხაროდ თავიდან მქონდა იმის იმედი, რომ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს დააზუსტებდნენ სასამართლოზე, ვფიქრობდი, ბავშვები სტრესის ქვეშ იყვნენ ან გამომძიებელთან ეშინოდათ, მოსამართლის წინაშე რომ წარსდგებიან, ჭეშმარიტებას იტყვიან-მეთქი, მაგრამ პირიქით, რაც იქ მისცეს ჩვენება, ისიც დამალეს", - აცხადებს ზაზა სარალიძე.

იხილეთ: "მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ჩემს შვილს უთქვამს, რომ მომკლან, ნეტავ რამდენი კაცი მიტირებთო. რამ ათქმევინა ეს სიტყვები"