სექსუალური შევიწროების სკანდალი იუსტიციის სამინისტროში? - რას ამბობს წულუკიანი უგრეხელიძეზე? - კვირის პალიტრა

სექსუალური შევიწროების სკანდალი იუსტიციის სამინისტროში? - რას ამბობს წულუკიანი უგრეხელიძეზე?

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პაპუნა უგრეხელიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. "ქალთა მოძრაობის" წევრის იდა ბახტურიძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის დასკვნა ცნობილი იყო მაღალჩინოსნების და მათ შორის პრემიერ-მინისტრისთვის, თუმცა ის რეაგირების გარეშე დარჩა.

"სახალხო დამცველის დასკვნა თვეების წინ იყო ცნობილი სამინისტროსთვის და რამდენადაც ჩვენ ვიცით არა მხოლოდ მინისტრისთვის, არამედ პრემიერ-მინისტრისთვის და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ეს დასკვნა თვეებით ადრე იყო გადაგზავნილი კონკრეტულ უწყებებში, მაგრამ რეაგირება არ დამდგარა. ეს დასკვნა უნდა გამხდარიყო მინიმუმ იმის საფუძველი, რომ ამ ადამიანისთვის შეეწყვიტათ უფლებამოსილება და თუკი ვინმეს სახალხო დამცველის დასკვნაში ეჭვი ეპარებოდა, გადაემოწმებინა სხვა მექანიზმებით. ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას და მინიმუმ ვაყენებთ საკითხს, რომ შეუწყდეს უფლებამოსილება", - განაცხადა იდა ბახტურიძემ.

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მის თანამშრომელს ხელს აფარებს.

"ნამდვილად უკვე ეს საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული. სიტყვას გაძლევთ, ამას რეაგირება აუცილებლად მოყვება და ის აგებს პასუხს. ცხადია, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ფასადურ ქალთა უფლებების დაცვასთან, ვგულისხმობ თეა წულუკიანის მხრიდან, რომელიც თითქოსდა გამოირჩევა ქალთა უფლებების დაცვით, მაგრამ მაშინ, როცა ეს მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს ეხებათ, ეს მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. წულუკიანი ამ შემთხვევაში ხელს აფარებს მის თანამშრომელს. პირადად ჩემთვის აქამდე არ იყო ცნობილი ეს ფაქტი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მძაფრი, მათაც არ დარჩებათ სხვა გზა, რომ დააფარონ ხელი ბატონ უგრეხელიძეს, როგორც აქამდე აფარებდნენ და როგორც მინიმუმ მან თანამდებობა უნდა დატოვოს", - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

პაპუნა უგრეხელიძის ირგვლივ ამტყდარ სკანდალს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანის განცხადებით, არა სამინისტროს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, არამედ სასამართლო დავა მიმდინარეობს პირადად პაპუნა უგრეხელიძის მიმართ. მინისტრის განმარტებით, ამის მიუხედავად, დღეს მისი მოადგილე შეხვდა უგრეხელიძის ადვოკატებს იმისთვის, რომ მას საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეს.

"ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არის მარტივი და ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ არ არის კარგი ასეთ თემებზე ცალმხრივი პოზიციების გავრცელება, ცალმხრივად სიუჟეტების და "ნიუსების" კეთება. ჩვენ, ქალებს გვაქვს ყველას ერთი მიზანი, რომ ქალთა უფლებები დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა არის რთული და ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად სოლიდარულები უნდა ვიყოთ. რაც მთავარია, არ დავუშვათ შეცდომები. შესაბამისად, ჩემი პოზიცია დღეს, ამ მომენტში, რა მომენტშიც თავად პაპუნა უგრეხელიძე იმყოფება, მივლინებაში, არის ის, რომ მე მას, როგორც ქალმა მინისტრმა, უნდა მოვუსმინო. მიმდინარეობს სასამართლო დავა არა იუსტიციის სამინისტროს, არა საჯარო რეესტრის წინააღმდეგ, არამედ ის პირადად არის მოპასუხე. შესაბამისად, ამ საქმის მასალები იცის მხოლოდ მან და მეორე მხარემ. დღეს ჩემი მოადგილე შეხვდა უგრეხელიძის პირად ადვოკატებს იმისთვის, რომ მასალებზე წვდომა გვქონოდა. მე მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის, უხერხული კითხვებიც პაპუნა უგრეხელიძესთან – როგორც კი შევხვდები, უკვე ინფორმირებულ პოზიციას დავაფიქსირებ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, სახალხო დამცველის დასკვნის შემდეგ მან რატომ არ დასვა კითხვები, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის პირველ რიგში უნდა გაეცნოს საქმის დეტალებს. "სახალხო დამცველმა დასკვნა არა სამინისტროს და სიპს, არამედ, უგრეხელიძეს მიაწოდა. შესაბამისად, პირველ რიგში, ქალებს მოგმართავთ, ჩვენი ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ მკაცრ პოზიციებს დავიჭერთ და მე ასეთი დამიჭერია ჩემი სისტემის მამაკაცებისადმი – არის საქმეები, რომლებიც არ გახმაურებულა, მაგრამ მათთვის პირადად დამთავრებულა ჩვენს სისტემაში კარიერა, მაგრამ ეს პოზიციები დამიჭერია მას მერე, რაც მინახავს ყველა დოკუმენტი, მტკიცებულება და მეორე მხარისთვისაც მომისმენია. ამიტომ ქალებს მოგმართავთ, მოუსმინოთ მამაკაცებსაც და არაფერი წინ არ უდგას პოზიციების დაფიქსირებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით