"ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი"
"ბავშვი ჰყვება, რომ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მან დაუჭირა თავი და თითები თვალებში შეურჭო. ყვირილზე მეზობლები გამოცვივდნენ და ლიფტის კარის გაღება სცადეს, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა. ის ამ დროის განმავლობაში ბავშვს ფიზიკურად უსწორდებოდა. სახე დაშავებული აქვს, ფაქტობრივად, არც უჩანს"
სასამართლო დარბაზში ბადრაგმა შემოიყვანა. გაფითრებული იყო. გაფართოებული თვალები დარბაზს მოავლო და დაჯდა. გვერდით თარჯიმანი მიუჯდა: "ადვოკატთან ხომ არ გაქვთ რამე სათქმელი?" თავი გააქნია და რუსულად ჩაილაპარაკა: "მე ყველაფერს ვიტყვი." თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, პირიდან დუჟი გადმოსდიოდა. როცა ბადრაგმა ხელსახოცი მიაწოდა, გაკვირვებულმა შეხედა... პირი მოიწმინდეთ, უთხრა აზერბაიჯანულად თარჯიმანმა და ხელსახოცი პირთან მიიდო. აშკარაა, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა ოფიციალური დასკვნა ჯერ საქმეში არ არის...
აზერბაიჯანის მოქალაქეს, 18 წლის იაშარ გასიმზადევს ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
საქმე ეხება თბილისში 2018 წლის 28 მარტს მომხდარ შემთხვევას. იმ დღეს, დაახლოებით 14:40 საათზე, ბავშვი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა... ლიფტში მას აზერბაიჯანის მოქალაქე შეჰყვა, რომელიც იმავე კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მან ლიფტი სართულებს შორის გააჩერა და კაბინაში 13 წლის არასრულწლოვნის მოგუდვა სცადა, თან ცერა თითებით თვალებზე აწვებოდა... ურტყამდა თავის, ზურგისა და გულმკერდის არეში და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მოზარდის დახმარება ბავშვის ყვირილზე სადარბაზოში გამოცვენილმა მეზობლებმა შეძლეს... დაშავებული მოზარდი საავადმყოფოშია. საბედნიეროდ, მხედველობა აღუდგა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებულის ინტერესს იცავს იურიდიული სამსახურის ადვოკატი გიორგი მდინარაძე:
- ფსიქიკური პრობლემები აშკარაა. საქართველოში არ ცხოვრობდა. როგორც ირკვევა, ორი კვირის ჩამოსულია, თუმცა მანამდეც რამდენჯერმეა ნამყოფი. აქ რას აკეთებდა, არ ვიცით.
არავის ელაპარაკება. რამდენჯერმე ვთხოვე, სასამართლოზეც კი, რაღაც პოზიცია გამოეხატა, მაგრამ არაფერს ამბობს, მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობს. თარჯიმანმა მის ოჯახთან დაკავშირება სცადა, მაგრამ რა ნომერიც გვითხრა, გათიშულია...
საელჩოს დახმარებით შევეცდებით, ოჯახს ხმა მივაწვდინოთ...
ჯერჯერობით უცნობია, შეურაცხადობის დადასტურების შემთხვევაში მოხდება თუ არა მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება.
სასამართლო სხდომას დაზარალებულის ახლობლები არ ესწრებოდნენ. როგორც ირკვევა, ოჯახს და დაზარალებულს ბრალდებულთან კავშირი არ ჰქონდათ.
- ბავშვი ჰყვება, რომ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაუჭირა თავი და თითები თვალებში შეურჭო. ამის შემდეგ დაკარგა მხედველობა. მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის ეშმაკის შვილია. ყვირილზე მეზობლები გამოცვივდნენ და ლიფტის კარის გაღება სცადეს, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა. ის ამ დროის განმავლობაში ბავშვს ფიზიკურად უსწორდებოდა. სახე დაშავებული აქვს, ფაქტობრივად, არც უჩანს, - ამბობენ დაშავებულის ახლობლები და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.
ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა შიში - მშობლებს ქუჩაში შვილების გაშვების ეშინიათ და აფრთხილებენ მათ, უცხოსთან ურთიერთობას მოერიდონ. სასამართლო პროცესზე ქალბატონები მოვიდნენ. ამბობდნენ, რომ ბრალდებულის ნახვა სურდათ: "გვინდა, ვიცოდეთ, როგორ გამოიყურება დამნაშავე. ჩვენ იმ ბიჭის თანატოლი შვილები გვყავს".
როგორ ავარიდოთ თავი ასეთ ადამიანებს? გვესაუბრება ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე:
- თუ ადამიანი შიშით იცხოვრებს, დაიტანჯება. ხშირად მომმართავენ პაციენტები აკვიატებული შიშით, თუნდაც იმის გამო, რომ რაღაც ფილმს უყურეს... ასეთი ფაქტების განსაკუთრებით მძაფრად გაშუქება არ არის საჭირო, არც საშიშროებაზე თვალის დახუჭვაა სწორი.
როცა ვხედავთ, რომ ადამიანი პოტენციური მოძალადეა, თვალები ჩასისხლიანებული აქვს და გამოხედვაც არაბუნებრივი, ინტუიციამ უნდა გვიკარნახოს, რომ თავი ავარიდოთ. ბავშვი თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა დავაშინოთ.
მთავარი უბედურება სტიგმაა, რაც აიძულებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს, უარი თქვას მკურნალობაზე, ეს კი იმდენად ამძაფრებს მდგომარეობას, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად იქცევა...
თუ ქუჩაში მიდის ადამიანი, ხმამაღლა ლაპარაკობს ან თავის თავს ელაპარაკება, ეს არაჯანსაღი ქცევაა. ხშირად გვგონია, ასეთი ადამიანი შემოგვიბრუნდება და გვცემს. ფსიქოზური აშლილობის ბევრი ფორმა არსებობს და ყველას რეგულირება შეიძლება, მთავარია, დროულად მივმართოთ ექიმს.
რაც შეეხება მომხდარს, ბრალდებულის მდგომარეობა შესასწავლია. უნდა გავარკვიოთ, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ, მომხდარის მიზეზი ფსიქოზური აშლილობაა.
მოამზადა თეა ხურცილავამ