"გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა" - რას ამბობს "ბახალას" საქმეზე შსს-ს წარმომადგენელი? - კვირის პალიტრა

"გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა" - რას ამბობს "ბახალას" საქმეზე შსს-ს წარმომადგენელი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს შესაძლო უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა. ჭელიძის თქმით, ამ საქმეზე მოხდა იმ ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა და დაკავება, რომელიც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ახორციელებდა.

"საქართველო აქტიურად ჩართულია ტრანსსასაზღვრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში. ამ მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ინტერპოლთან, ევროპოლთან, ჩართულია ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სხვა საერთაშორისო ფორმატებში. ასევე, საქართველოს მჭიდრო ორმხრივი კავშირები აქვს პარტნიორ ქვეყნებთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში. სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად მოხდა იმ ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა და დაკავება, რომელიც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ახორციელებდა. დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს შესაძლო უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა", - აღნიშნა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის გუშინ წარდგენილი ახალი ბრალდება 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

იხილეთ: "ბოდიში აქვს მოსახდელი ყველას, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს"

"ინტერპრესნიუსი"