თურქეთში "კანონიერი ქურდი“ გაიოზ ზვიადაძე, მეტსახელად "გია კუტაისკი“ მოკლეს
თურქეთში 59 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, მეტსახელად "გია კუტაისკი“ მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მისი თანხლები პირი ფეხშია დაჭრილი. წინასწარი ვერსიით, მკვლელობა გაიოზ ზვიადაძესა და ე.წ. "კანონიერ ქურდ“ ნოდარ ასოიანს, იგივე "ნოდარ რუსტავსკის" შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირდება როსტოვის ოლქში გავლენათა სფეროების მოპოვების მიზნით.
რუსული საინფორმაციო წყაროების მიხედვით, "კანონიერი ქურდი" გია ზვიადაძე კრიმინალურ სამყაროში "ძველი სკოლის" წარმომადგენად ითვლებოდა, გამოირჩეოდა სიმკაცრით და ე.წ. ძველი ქურდული ადათ - წესების პატივისცემით.
ბოლო პერიოდში გარდაცვლილი კრიმინალური სამყაროს წევრებისგან განსხვავებით, ზვიადაძის სახელს არ უკავშირდებოდა რაიმე შემთხვევა, რომელიც კრიმინალურ სამყაროში მის რეპუტაციას შელახავდა.