"მაზლი მემუქრებოდა, მეორედ გათხოვების გამო" - რა გახდა ხაშურში მომხდარი მკვლელობის მიზეზი?
ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი მამაკაცი კი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. ბუზიაშვილების ოჯახის წვერების თქმით, მათ თავს დაესხა დაჭრილი ძმებიდან ერთ-ერთის ცოლის, ნინო ამყოლაძის ყოფილი მაზლი, თანამზრახველებთან ერთად. თვითმხილველების განცხადებით, ბუზიაშვილებს უცნობმა მამაკაცმა მიაკითხა და როდესაც ნინო ამყოლაძის ქმარმა ეზოს გარეთ გააკითხა, მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა. თავის საშველად შინისკენ გაქცეულს კი თავდამსხმელებიც გაყვნენ და ძმასთან ერთად, სასტიკად გაუსწორდნენ.
დაჭრილი ძმების დედის, რუსუდან ბუზიაშვილის განცხადებით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მასა და მის რძალსაც, მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა კი სწორედ მოგერიებისას მოკლა მათი რძლის ყოფილი მაზლი.
ნინო ამყოლაძემ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან განაცხდა: "ჩემი მაზლი ვერ ეგუებოდა ჩემს გადაწყვეტილებას, ის მემუქრებოდა პირველი ოჯახის დანგრევისა და მეორედ გათხოვების გამო, ქმარი პირიქით მეუბნებოდა, წადი იყავი ბედნიერიო
მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც 7-დან 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რა მოხდა ხაშურში, ამის შესახებ დაზარალებულების მეზობელი საუბრობს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:
- გვიანი იყო უკვე, როცა საშინელი კივილი ატყდა. ოჯახში დასახმარებლად შესულ მეზობლებს საზარელი სურათი დახვდათ, ჩვენთვის უცნობი მამაკაცი ყელგამოჭრილი იწვა, ბუზიაშვილების ორი ვაჟი, ლევანი და შალვა კი სისხლისგან იცლებოდნენ. როგორც ოჯახის წევრები ჰყვებიან, მათ თავს 4 ადამიანი დაესხა, მათგან ერთ-ერთი მათი რძლის ყოფილი მაზლია.
- იქნებ უფრო დაწვრილებით მიამბოთ, რა მოხდა...
- სოფელ ალში, იმ სახლში, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, არ არის ბუზიაშვილების ძირითადი საცხოვრებელი, ეს უფრო სააგარაკო სახლია. სწორედ აქ დაესხა პირველი ქმრის ძმა თავს. ამბობენ, რომ ისიც და მისი თანმხლებებიც დანებით და "დუბინკებით" იყვნენ შეიარაღებულები. ბევრი რამ მათ შესახებ არ ვიცი, ერთადერთი როგორც გავიგე, სულ რაღაც ერთი თვის დაქორწინებულები იყვნენ...
- საიდან გაიგეს, რომ ახალდაქორწინებულები სწორედ სოფელ ალში იმყოფებოდნენ?
- ინფორმაციის მიმტანის მეტი რა არის! როგორც ჩვენ გავიგეთ, ლევანი ისრაელში იყო და იქიდან გაიცნო ნინო. იქ იქორწინეს და მერე ჩამოვიდნენ სოფელ ალში. ასეთი ამბები არ იმალება. როგორც ამბობენ, ქალს პირველ ქმართან სამი შვილი ჰყავს.
- ამჟამად სად არიან ბავშვები?
- არ ვიცი. ფაქტია, უბედურება დატრიალდა, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია, სწორედ ის იყო ქალის ყოფილი მაზლი, დამხვდურებმაც საკმაოდ ღრმა ჭრილობები მიიღეს, - ამბობენ, ქალის მეორე ქმარს 11 ჭრილობა აქვსო. როგორც დაჭრილი ბიჭის დედა ამბობს, სწორედ მან მოახერხა თავდამსხმელისთვის დანის წართმევა და ამ დანითვე მოგერიება, მისთვის მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.
ფოტოზე: ნინო ამყოლაძე და ლევან ბუზიაშვილი
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)