"სახლის ფანჯრიდან გაისროლა და მოპირდაპირე კორპუსში მამაკაცი მოკლა" - ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მკვლელობა მოხდა ვარკეთილში. გარდაცვლილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის სიმამრია. მეზობლების თქმით, შუახნის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსისი მე-5 სართულზე, საკუთარ ბინის აივანზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მას კორპუსის მოპირდაპირედ, ორმხრივი ტრასის გადაღმა მდებარე მე-2 მიკრორაიონის მე-2 კორპუსიდან ესროლეს.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ლიფტიორად მუშაობდა და წარმოუდგენელია, მისდამი ინტერესი ვინმეს ჰქონოდა.
შსს-ის ინფორმაციით, მამაკაცი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
მომხდარზე შსს-მ გაავრცელა გნაცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივლისს ვარკეთილში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, თავის სახელზე გაფორმებული, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა. გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა შ.მ.-მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს".