მთავარი პროკურორობისთვის 18 კანდიდატი იბრძვის - ვინ არის ფავორიტი? - კვირის პალიტრა

მთავარი პროკურორობისთვის 18 კანდიდატი იბრძვის - ვინ არის ფავორიტი?

31 მაისს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა ირაკლი შოთაძემ. მას შემდეგ ეს პოსტი ვაკანტური გახდა. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ და მთავარ პროკურატურასთან, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების დროს მიიღო.

მას შემდეგ მთავარი პროკურორობისთვის არასამთავრო სექტორი, ოპოზიცია და მმართველი გუნდი თავიანთ კანდიდატებს განიხილავდნენ. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პოზიციაზე ყველაზე საუკეთესო კანდიდატი კახა კახიშვილი იქნება, თუმცა როგორც ჩანს, მმართველი გუნდისა და ივანიშვილის სიმპათიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე იმსახურებს.

ამ დრომდე საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის 21 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, თუმცა სამმა პირმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. კანდიდატურები მარიამ ცაცანაშვილმა, გიორგი შაშიაშვილმა და ლენა კაპანაძემ მოხსნეს.

როგორც საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დასახელებულ კანდიდატებს შორის კვლავ რჩებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

ამასთან, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად რიგითობით მთავარი პროკურორობის შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

შალვა თადუმაძის კანდიდატურანინო გოგნიაშვილთან და ედიშერ ფუტკარაძესთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) წარადგინა, ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ერთობლივად წარუდგინეს თბილისის ღია უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და "განათლების აკადემიამ", შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი  - "ევროპულმა საქართველომ".

საპროკურორო საბჭოში კანდიდატურების წარდგენის ვადა 4 ივლისს ამოიწურა.

იხილეთ ასევე: სამთავრობო ცვლილებებში "გაჭედილი" "ქართული ოცნება" - ვინ რჩება, ვის უშვებენ და ვის ეპატიჟებიან?!